კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსაფრთხოების წესების დარღვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

22 თებერვალი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებს. 20 თებერვალს საღამოს სოფელ ვარდისუბანში თოვლისგან გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების გადაბმისას, მოულოდნელად ელექტროენერგია ჩაირთო, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა. 40 წლის ნიკოლოზ არევაძე, რომელიც მონტიორად მუშაობდა და 29 წლის ავთანდილ ყოჩიაშვილი ადგილზე დაიღუპნენ.

ვარდისუბნის მაცხოვრებლების თქმით, ელექტროენერგია 20 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ, არაერთხელ დაურეკეს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ლაგოდეხის სერვის - ცენტრს, მაგრამ სოფელში მონტიორები საღამომდე არ მივიდნენ. თოვლისგან გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზები დილიდან საღამომდე საავტომობილო გზაზე უყურადღებოდ ეყარა.

„თოვლმა მთავარი ძაბვის სადენი გაწყვიტა. უბნიდან დაურეკეს მონტიორებს. საღამოს ჩამოვიდნენ, ნახეს და დახმარება გვთხოვეს. რამდენიმე კაცი წავიდა დასახმარებლად. მონტიორი ზემოთ ბოძზე იყო ასული და ესენი ქვემოდან უჭიმავდნენ მავთულს. უცებ ელექტროენერგია ჩაირთო. მონტიორი ბოძზევე დაიწვა. დამხმარეებიდან დენმა ორს დაარტყა, ერთი ადგილზევე დაიღუპა, ერთი გადარჩა. ასეთი შემთხვევა სოფელში ადრეც მოხდა“, - ამბობს ვარდისუბნის მკვიდრი ვალერი ხარაიშვილი.

„არაერთხელ მივმართეთ განცხადებით კახეთის ენერგოდისტრიბუციას, რომ გაყვანილობა მოეწესრიგებინათ. პატარა ნიავზეც კი ხაზები წყდება და შუქი აღარ გვაქვს. გარდა ამისა, მაღალი ძაბვის სადენები, რომლითაც ელექტროენერგიით 5 სოფელი მარაგდება, ჩვენს ბაღებზე გადის. სადენები ზედ ხეხილზე ყრია. ახლოს ვერ მივსულვართ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - აღნიშნა ამავე სოფლის მცხოვრებმა მალხაზ წიქარიშვილმა.

მუნიციპალიტეტში ელექტროქსელის გაუმართაობას ადასტურებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაკაშვილიც, თუმცა იგი ამბობს, რომ „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან“ ადგილობრიოვი ხელისუფლებაც უძლურია. „ძალიან ბევრჯერ მივმართეთ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას. ეს პრობლემა მარტო ამ სოფელში არ არის, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ელექტროქსელი გაუმართავია. საყრდენი ბოძების დაახლოებით 99% შესაცვლელია, მაგრამ არაფერი შეიცვალა“, - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

გარდაცვლილი ავთანდილ ყოჩიაშვილი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. „ეს ერთადერთი შვილი მყავდა და ისიც მომიკლეს. ვის ვადანაშაულებ და ენერგოდისტრიბუციას! სად მიჰყავდათ ჩემი შვილი, თვითონ ხალხი არ ჰყავთ საკმარისი, რომ პრობლემა მოაგვარონ?! მთელი დღე უშუქოდ ვიყავით და არავინ მოგვაქცია ყურადღება. ახალგაზრდა ბიჭი იყო და წუხდა, უშუქოდ ყოფნა ძნელიაო“, - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ, რეზო ყოჩიაშვილმა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ლაგოდეხის სერვის-ცენტრის მენეჯერის ბესიკ კობერიძის თქმით, სანამ არ მოხდება ყველაფრის გამოძიება, მანამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ: „ნამდვილად არ ვიცი, იქ რა სიტუაცია იყო, ვინ გასცა ბრძანება და ვინ რა სამუშაოებს ასრულებდა. ჩამოსულია კომისია. გამოიკვლევენ ყველაფერს და გაარკვევენ, რა და როგორ მოხდა. პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში აიღებს კომპანია, როცა გამოძიება ჩატარდება და დადგინდება, ვისი ბრალეულობა იყო“.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ლაგოდეხის პოლიციაში დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები