კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აგვისტოს ნანგრევებში“ - პრეზენტაცია ბიოლის ფონდში

22 თებერვალი, 2011

სალომე აჩბა

„აგვისტოს ნანგრევებში“ - ასე ჰქვია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგებია ასახული. „აგვისტოს ნანგრევების“ შესახებ 14 თებერვალს ბიოლის ფონდში ისაუბრეს ანგარიშის რედაქტორმა, თინათინ ხიდაშელმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

„აგვისტოს ნანგრევებში“ ამ თემაზე შექმნილი სხვა ანგარიშებისგან იმით განსხვავდება, რომ მასზე მუშაობა ომის დასრულებისთანავე, 2008 წლის 13 აგვისტოს, „ცხელ კვალზე“ დაიწყო. ანგარიშში აგვისტოს ომის დროს მომხდარი ადამიანის უფლებათა და  ჰუმანიტარული სამართლიანობის ნორმათა  დარღვევის ფაქტები მყისიერად და კოორდინირებულადაა დოკუმენტირებული.  

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „21-ე საუკუნე“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ - ეს ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებმაც ანგარიში მოამზადეს. ანგარიში გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით. ორგანიზაციების მიერ შერჩეული მკვლევარები ომის ცხელი ფაზის დასრულებისთანავე კონფლიქტის ზონასა და ე.წ. „ბუფერული ზონის“ სოფლებში მუშაობდნენ, ხვდებოდნენ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, იძიებდნენ ფაქტებს და ინფორმაციებს.

„გარდა პოლიტიკური ასპექტებისა, რაც ამ ომს ჰქონდა, არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს არის ადამიანური ისტორიები და ტრაგედიები, რაც ყველა ომს თან სდევს ხოლმე. ეს ადრეც ასე იყო და დღემდეც ასე გრძელდება, თუმცა თანამედროვე სამყარო იმით განხავდება წარსულისგან, რომ დღეს  გვაქვს საშუალებები, რომლის გამოყენების შედეგადაც შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც ადამიანთა ტრაგედიებში მიუძღვით წვლილი. ჩვენი მიზანი იყო საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, ცხელ კვალზე, ვიდრე ემოციები და ისტორიები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მოგვეგროვებინა ომის შედეგებისა და ადამიანური ტრაგედიების ამსახველი ინფორმაციები. ჩვენ საბოლოო ჯამში 4 721 ისტორია შევაგროვეთ, რომელთა სისტემატიზაცია და ანალიზი ამ ანგარიში მოვახდინეთ“, -  განაცხადა  პრეზენტაციაზე, ანგარიშის რედაქტორმა თინათინ ხიდაშელმა.

ანგარიშის პირველ ნაწილში აღწერილია 2008 წლის აგვისტოს ომის წინაპირობები. ეს აღწერილობა დაფუძნებულია წლების განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ირგვლივ შექმნილი ლიტერატურის ანალიზზე. ანგარიშის დანარჩენი ნაწილი კი ძირითადად დევნილთა ინტერვიუებსა და პირად ისტორიებს ეთმობა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები თავად ყვებიან საკუთარი ტრაგედიის შესახებ.

„აგვისტოს ნანგრევების“ მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2008 წელს რუსული და ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ  ერთობლივად განხორციელდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან გაწმენდა. ეთნოწმენდა წინასწარ იყო დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული და სისტემურ ხასიათს ატარებდა.

„სიცოცხლის მოსპობა, სოფლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ქონების და სოფლების განადგურება, დევნა და გაძევება ეთნიკური ნიშნით,  ტყვეობა და მოპყრობა ტყვეობის დროს - ამ ფაქტებზე ვეცადეთ მაქსიმალურად ბევრი მასალის მოგროვება, რათა დაგვემტკიცებინა ეთნოწმენდის ფაქტი. ჩვენ გვაქვს საკმარისი ფოტო, ვიდეო და სხვა სახის მასალა, რაც ადასტურებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მოხდა არა მხოლოდ უშუალოდ საომარი მოქმედებებისას, არამედ ამ მოქმედებების დასრულების შემდეგაც“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ანგარიშზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებმა შუამდგომლობით მიმართა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ეთნოწმენდისთვის საქმის აღძვრა ითხოვა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ორი შუამდგომლობა  რუსეთის მხარესაც აქვს შეტანილი. პირველი  ეხება ქართველთა მიერ ჩადენილ გენოციდზე საქმის აღძვრას, მეორე  კი  რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ფაქტებს.

„პირველი შუამდგომლობა - საქართველოს მხრიდან თითქოსდა განხორციელებული გენოციდის შესახებ საქმის აღძვრა, რაც რუსეთის მხარემ დააყენა, იმდენად არასერიოზულია, ამაზე უკვე რუსეთიც  კი აღარ საუბრობს. მეორე, უფრო საფუძვლიანი და სერიოზული შუამდგომლობა რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ფაქტზე საქმის აღძვრას ეხება. ჩვენ  თვალი არ დაგვიხუჭავს და ამ ანგარიშშიც გავახმაურეთ, რომ რუს ჯარისკაცებზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა. თუმცა, უნდა შევძლოთ და დავამტკიცოთ, რომ აგვისტოს ომის დროს ეს ჯარისკაცები აღარ იყვნენ სამშვიდობოები და იმ პერიოდისთვის უკვე მანდატიდან გასულები იყვნენ. ამ ასპექტში, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სუსტი პოზიცია გვქონდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ამ ჯარისკაცებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველ ექვს თვეში ერთხელ , საქრთველოს ხელისუფლების მიერ მანდატი უახლდებოდა. ამ საკითხზე რუსეთის ხელისუფლებას, ქართული მხარის მხრიდან  არც ერთხელ არ ჰქონია სერიოზული წინააღმდეგობა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია, უკვე მოეწყო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბოლო პრეზენტაცია - ვაშინგტონში. თინა ხიდაშელის თქმით, ამ ფორმით ანგარიშზე მომუშავე ჯგუფი ცდილობს, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და აღიძრას საქმე საქართველოში მომხდარი ეთნოწმენდის თაობაზე. ბიოლის ფონდში პრეზენტაციაზე ისიც გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში ანგარიშის მეორე ნაწილის გამოცემაც იგეგმება.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მეტად საინტერესო გამოსვლის შესახებ humanrights.ge ვრცელ სტატიას ამ დღეებში გამოაქვეყნებს.

ახალი ამბები