14:32, Saturday, 05.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

1000 საქმეზე არც ერთი გამამართლებელი განაჩენი

24.02.2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საერთაშორისო ორგანიზაცია USAID - ის დაფინანსებით საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2000 გამოკითხული რესპონდენტიდან 96% სასამართლო გადაწყვეტილებებს სამართლიანად აფასებს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი სასამართლოს ავტორიტეტის შეურაცხყოფას ცდილობს, როცა სისტემის უსამართლობაზე ლაპარაკობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს მიაჩნია, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგები არ ეფუძნება რეალობას, რომელიც საქართველოშია.

„ასეთი მაღალი პროცენტი სასამართლოების მიმართ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არ არის, სადაც მართლაც არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემებით, ქართულ სასამართლო სისტემაში გამართლების შანსი 2007 წლიდან უცვლელად 0.1%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეების 99.99% შემთხვევაში სასამართლო ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობს.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან პარლამენტის წევრის ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენების თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა.

„უკვე რამდენიმე წელია 0.1 პროცენტს არ ცდება გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი და პარალელურად იზრდება საპროცესო გარიგებების რიცხვი. ადამიანები თანხმობას აცხადებენ, რომ აღიარონ დანაშაული მაშინაც კი, როცა იგი არ ჩაუდენიათ. მათ იციან, რომ სასამართლოში სიმართლის დაცვის ნულოვანი შანსი აქვთ“, - აცხადებს ლალიაშვილი.

2010 წელს კახეთის სასამართლოებმა 1000 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. 764 საქმე საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა. რეგიონის მასშტაბით გამამართლებელი განაჩენი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. რაიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა 431 სისხლის სამართლის საქმე. საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა 337 საქმე; ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ განიხილა 122 სისხლის სამართლის საქმე, საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა 78 საქმე; დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ განიხილა 67 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა 54 საქმე; სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ განიხილა 143 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა 112 საქმე; ყვარლის რაიონულმა სასამართლომ განიხილა 114 სისხლის სამართლის საქმე, საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა 91 საქმე; საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა 123 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა 92 საქმე. ახმეტის და გურჯაანის მაგისტრატ სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეები არ განხილულა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ, გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, გახშირებული საპროცესო გარიგებების მიზეზად სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობაა დასახელებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საპროცესო შეთანხმება „თავისუფლების ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვის საშუალებად“ გამოიყენება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშში ყურადღებას საპროცესო შეთანხმებების შედეგად გადახდილი თანხების ოდენობაზეც ამახვილებს და ასკვნის, რომ სახელმწიფოს დანაშაული აფინანსებს.

ანგარიშის მიხედვით, 2009 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საპროცესო შეთანხმებებიდან ხაზინაში 32 760 994 ლარი შევიდა. საპროცესო შეთანხმებების გაფორმება წლის ბოლომდე იმავე ტემპით რომ გაგრძელებულიყო, წლის ბოლოსთვის ხაზინა კიდევ 50 მილიონ ლარს მიიღებდა. ჯამში ეს თანხა საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 1% და ცხრა სამინისტროს და პარლამენტის ბიუჯეტებზე მეტი იქნებოდა.

კვლევებისა და გამამართლებელი გააჩენების სტატისტიკის გარდა, ქართული სასამართლოს მიმართ ნდობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საქმეების რაოდენობაც განსაზღვრავს. 2008, 2009, 2010 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 5 ათასზე მეტი საჩივარია შესული.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC