კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სად არის მთავრობა?!“ - იკითხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

24 თებერვალი, 2011
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის მაღალმთიანეთში სამი კვირაა, დიდთოვლობაა. სოფლებში ცენტრალური გზის ჩაკეტვის გამო, საკმაოდ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. აჭარის მთავრობას კი, როგორც აღმოჩნდა, ზამთრის ძილით ძინავს.

მუნიციპალიტეტების გამგებლების განცხადებით, დიდთოვლობამ ხულოში შვიდი საცხოვრებელი სახლი დაანგრია, შუახევში კი ერთი ოჯახი დარჩა საცხოვრებლის გარეშე. შუახევის რაიონის  სოფელ მახალაკიძეებიდან მძიმე ავადმყოფი, დავით მახარაძე მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავადმყოფოში ციგით გადმოჰყავდათ. სამწუხაროდ, იგი გზაში გარდაიცვალა. მოძრაობა მხოლოდ მუნიციპალიტეტების ცენტრშია შესაძლებელი. სპეციალურ ტექნიკას შიდასასოფლო გზები დღემდე არ გაუწმენდია.

შექმნილი ვითარების თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მხოლოდ 22 თებერვალს დაინტერესდა და მისივე აპარატს საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.

„პირველი დიდთოვლობაა და წამოყო უამრავმა პრობლემამ თავი. სად არის მთავრობა?!“ - თვითონვე გაუკვირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სხდომაზე. ლევან ვარშალომიძე კითხვაზე პასუხს აჭარის მინისტრთა კაბინეტისგან ითხოვდა.

ლევან ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე: „სამი დღის წინ მარაბდის ხეობიდან პირადად ერთ-ერთმა მოქალაქემ მე დამირეკა და დიდი მადლობა მას ამისთვის. პირდაპირ ვართ მიმაგრებული მურმან დავითაძის იმედზე, რომელიც ყველას ატყუებს - დღეს გაიწმინდება, ხვალ  გაიწმინდება... და აქამდე ყველა იყავით ჩუმად. ასეთ რაღაცას არ დავუშვებ! ტენდერში გამარჯვება ერთია, მაგრამ ტექნიკა თუ არა აქვს, როგორ უნდა გაწმინდოს გზა კომპანიამ?!

მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ამ სიმართლის ერთ-ერთი სიმართლე ის არის, რომ მართლაც არის კომპანიები, რომლებიც ტენდერში იმარჯვებენ და არაფერს არ აკეთებენ... ვიყავით ვიღაც მურმან დავითაძის იმედზე. ის არის მთელი შუახევი, ხულო და ქედის გადამრჩენი?! მთელი მთავრობა, სამინისტროები და გამგებლები ჩუმად ხართ“.

ლევან ვარშალომიძის გულისწყრომა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „იბერია ჯ“-ს ეკუთვნის. აჭარის მაღალმთიანეთის გზების თოვლისგან გაწმენდა სწორედ მას ევალებოდა. მურმან დავითაძე შპს „იბერია ჯ“-ს ხელმძღვანელია. საჯარო რეესტრის სააგენტოს საიტზე განთავსებული განცხადებით, 2011 წლის 5 თებერვალს, შპს „იბერია ჯ“ ითხოვდა ამონაწერს უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს ბათუმი, მელაშვილის ქუჩა #23. თუმცა, აღნიშნულ მისამართზე ბოლქვაძის ოჯახი დაგვხდა. განცხადებაში მითითებულ მობილურის ნომერი - 899 43 12 90 დღის განმავლობაში გათიშულია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაზეთ „24 საათში“ გამოცხადებული ის სატენდერო განცხადებები მოიძია, რომელშიც შპს „იბერია ჯ“-მ გაიმარჯვა. ესენია: 2010 წლის 4 ნოემბერის, 2010 წლის 11 ივნისის, 2010 წლის 23 იანვარის და 2009 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერები. შპს „იბერია ჯ“-ს  ევალებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების შეკეთება და მოვლა-პატრონობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-საიტზე მითითებული არ არის, რა თანხა მიიღო კომპანიამ შესასრულებელი სამუშაოებისთვის. 2011 წლის აჭარის გზების მოვლა-პატრონობისთვის კი 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ახალი ამბები