კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტირუსული კამპანია ახლა სოფლების სახელწოდებებს შეეხო

1 მარტი, 2011
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რუსი პოეტებისა და მწერლების ქუჩებისთვის სახელის შეცვლისა და რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვის შემდეგ, საქართველოში სახელებს იმ სოფლებსაც უცვლიან, რომლებიც რუსთან და რუსეთთან ასოცირდება. ყვარლის რაიონში სოფელ სარუსოს სახელი გადაარქვეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისიამ უნდა დაამტკიცოს.

სარუსოში 380-მდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 95% ლეკია. ლეკები დაღესტნიდან წლების წინ ჩამოვიდნენ და კავკასიონის მთის ძირას დასახლდნენ. სოფელს ადრე საძროხის ყურე ერქვა, მოგვიანებით კი, იმის გამო, რომ სოფელში რუსი ჯარისკაცები იდგნენ, სარუსო დაერქვა.

 სარუსოსთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011 წლის 25 თებერვალს მიიღო. საკრებულოს ხელმძღვანელების განმარტებით, სოფლისთვის სახელის შეცვლა მოსახლეობამ მოითხოვა და ადგილობრივ თვითმმართველობას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.

„სახელის გადარქმევის მოთხოვნის მიზეზი რა იყო, არ ვიცი, მაგრამ სოფელში ჩამოყალიბდა ასეთი აზრი, რომ უნდოდათ სოფელს უკეთესი სახელი ჰქონოდა. სარუსო რატომ არ უნდოდათ არვიცი, ეს მათი პრობლემაა. ამ გადაწყვეტილებაში არავითარი პოლიტიკური მოტივი არ არის“, - აცხადებს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ლომიძე. მისივე თქმით, სოფელს გვერდზე მდინარე შოროხევი ჩამოუდის და სახელიც აქედან შეირჩა.

სარუსოს მაცხოვრებლების თქმით, სოფლისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნის. „მთავრობა იყო მოსული და თქვეს, სოფელს სახელი უნდა გადავარქვათო. რუსული სახელიაო, მარტო ეს გვითხრეს, სხვა არაფერი. რა მნიშვნელობა არიო. განცხადებაზე ხელი მოვაწერეთ, ალბათ საბჭოს თავმჯდომარე შეადგენდა. ჩვენს სოფელს არ დაუწერია განცხადება, იმათ მოიტანეს“, - ამბობს სოფლის მკვიდრი, მაგამედ ომაროვი.

„რაიონის ხალხი მოვიდა და თქვეს, სოფელს სახელი უნდა გადავარქვათო, რუსული სახელი ჰქვიაო. ხელი მოვაწერე, მაგრამ რაზე მოვაწერე, არ ვიცი. სხვებმა მოაწერეს და მეც მოვაწერე. გვითხრეს, სარუსო არ შეიძლებაო, ქართული სახელი უნდა ერქვასო. მერე ცოტა გავბრაზდით, ბუნტი გავაკეთეთ, მაგრამ ჩავარდა ბუნტი, ეშინია ხალხს“, - აღნიშნავს ხაზუმა მაგამედოვი.

 აიშა ხაიბულაევი, სარუსოს მცხოვრები: „სოფელს რუსებმა დაარქვეს ეგ სახელი და არ შეიძლება, რომ ეგ ერქვასო. ისტორიული სახელი უნდა დავუბრუნოთო. ჩვენ თანახმა არ ვიყავით, მაგრამ ჩვენი ნება კი არ არის“.

მადინათ რამაზანოვი, სარუსოს მცხოვრები: „რუსეთის სახელი თუ გინდათ, რუსეთში წადითო. სად წავიდეთ ეხლა ჩვენ? მიზეზი ეგ არის, მეტი მიზეზი არ არის. ხელი მოვაწერე განცხადებას რომელიც თვითონ მომცეს, მაგრამ შიგ რა ეწერა, არვიცი“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სახელის შეცვლას უპირებენ სოფელ ლენინოვკასაც - დედოფლისწყაროს რაიონში და სოფელ რუსიანს - საგარეჯოს რაიონში.

ახალი ამბები