კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპრესიები გაფიცვის შემდეგ - პოლიციამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დააპატიმრა

1 მარტი, 2011
ალექსი ბეჟანიშვილი

„კონსერვატიული პარტიის“ ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინატორი, ლაშა ჩხარტიშვილი სამარშრუტო ტაქსების გაფიცული  მძღოლების დაპატიმრებას ხელისუფლების მხრიდან დაშინების პოლიტიკას უკავშირებს. „ეს კეთდება იმისთვის, რომ მძღოლებმა და სხვა სოციალურმა ჯგუფებმა გაფიცვა და პროტესტი აღარ გაბედონ“, - ამბობს ჩხარტიშვილი.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სამარშრუტო ტაქსების 15 მძღოლია დაკავებული. მათგან ათს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხუთს კი შვიდდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამარშრუტო ტაქსების 5 მძღოლს პატიმრობა 1 მარტს შეეფარდა. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ეს მძღოლები 28 თებერვალს სხვადასხვა ადგილას დააკავეს და ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დასდეს. სასამართლომ მათ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, მათ შორის არის #128 (ლაშა ჩხარტიშვილის ცნობით - #11) სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, მინდია მახარაძე, რომელიც 26 თებერვალს „კონსერვატორ“ კახა კუკავასთან მიდიოდა.

„მახარაძეს გვიან ღამით შევხვდი მცხეთაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში. მან მითხრა, რომ 26 თებერვალს 18:00 საათისთვის კახა კუკავას ოფისში მიდიოდა, რათა მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟსა და მუქარებზე ინფორმაცია მიეწოდებინა. იგი პოლიციამ ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავა, როცა „მარშუტკიდან“ ჩამოვიდა. მოგვიანებით ბრალი დასდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. მცხეთის იზოლატორში ასევე ჰყავდათ #40-ის მძღოლიც“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

მინდია მახარაძეს სასამართლომ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის მიხედვით (დაუმორჩილებლობა).

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, კვირას ასევე დააკავეს და ორშაბათ დილით გაასამართლეს: ზურაბ ფოქაშვილი, ტარიელ ცომაია, ვახტანგ ჩხატელია, ვეფხო ბულისკერია: „ჩვენი ინფორმაციით, მათაც 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. დააწერინეს ჩვენებები, რომ თითქოს იყვნენ ნასვამები, არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც სიცრუეა“.

გაფიცვის პირველ დღეს, 25 თებერვალს პოლიციამ სამარშრუტო ტაქსების 8 მძღოლი  დააკავა და პოლიციის მეხუთე განყოფილებაში მიიყვანა.

ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, დაკავებულები არიან #10-ე სამარშრუტო ხაზის მძღოლები: გია მაზიაშვილი, მერაბ კანკია, რუსლან კანკია, გელა გელაშვილი, ბადრი ხურცილავა, ლაური მაისაშვილი, მელორ გამყრელიძე და მიხეილ ისიტაშვილი.

25 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა გაფიცული მძღოლების საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ვაჟი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაფიცულმა მძღოლმა, გოჩა სხირტლაძემ აცნობა. მისი თქმით, დაკავებულია მისი ვაჟი, 20 წლის ლადო სხირტლაძე. ის ნაძალადევის რაიონში #122 სამარშრუტო ტაქსის გაჩერებაზე სამართალდამცავებთან შელაპარაკების დროს დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს დაკავებულ სამარშრუტო ტაქსების 8 მძღოლს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელი - 30-დღიანი პატიმრობა გვიან ღამით შეუფარდა. ლაშა ჩხარტიშვილის ცნობით, მძღოლების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ღამის 01:00 საათზე დაიწყო და 03:00 საათზე დასრულდა. მძღოლებს ბრალად წაყენებული ჰქონდათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა.

„მათ ბრალად სდებენ, თითქოს ქუჩაში უმიზეზოდ გინება დაიწყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო მძღოლს, რომელიც მათი სამარშრუტო ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობდა. რეალურად, მათ ამ უცხო მძღოლს მხოლოდ ჰკითხეს, თუ ვინ იყო იგი, რადგან მანამდე #10- მარშრუტზე არასოდეს უნახავთ. მძღოლებს როგორც ჩანს, ზეწოლით დააწერინეს ხელწერილი, რომ პატრულის მიერ შედგენილ ოქმებს ეთანხმებოდნენ და 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, 25 თებერვალს ასევე დააკავეს მძღოლები - გია ლიმიშვილი და გიორგი კულიევი. მათ 25 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, სავარაუდოდ - იგივე ბრალდებით.

საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ცნობით, 25 თებერვალს ვაშლიჯვარში #40 სამარშრუტო ტაქსების  გაფიცული მძღოლები კრიმინალურმა პოლიციამ დაშალა.

„ვაშლიჯვარში, სადაც #40 მარშრუტების ბოლო გაჩერებაა, სამარშრუტო ხაზის მძღოლები გავიფიცეთ. მოვიდა კრიმინალური პოლიცია და დაშლა გვიბრძანა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა და განმარტა, რომ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია. ვაშლიჯვარში გაფიცვის დაშლის შემდეგ #40 სამარშრუტო ტაქსების მძღოლები საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაინც გამოცხადდნენ.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა მასშტაბური გაფიცვა 25 თებერვალს დაიწყო. ამავე დღეს მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართა „ვარდების მოედანზე“. მძღოლები მერიის მიერ გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. საპროტესტო აქცია განმეორებით 28 თებერვალს გაიმართა და მას დევნილებიც შეუერთდნენ. აქციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

დედაქალაქის მერიამ თბილისში სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი დეკემბერში გამოაცხადა. გამარჯვებული ოთხი კომპანია გამოვლინდა: „თბილქარი“ „თბილლაინი“, „ფაბლიქქარი“ და „კაპიტალ გრუფი“.

სამარშრუტო მძღოლები აცხადებენ, რომ გამარჯვებული კომპანიები მარტიდან მათ ყოველდღიურ გადასახადს უზრდიან (დღეში 20-დან 40 ლარამდე). ამას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, აკაკი ჯოხაძე უარყოფს.

ახალი ამბები