კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამარშრუტო ტენდერში გამარჯვებული მონოპოლისტის სქემა

4 მარტი, 2011

რა აკავშირებთ გიგი უგულავასა და ბიზნესმენ შარანგიებს თბილისის სამარშრუტო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან

გიორგი ფუტკარაძე, „მთელი კვირა“

თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სამარშრუტო ტენდერის გამარჯვებული კომპანიები "ჯიემსი ჯგუფის" მეწილეები და აღნიშნულ კომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანები არიან. მათი ნაწილი თბილისის მერის დიდი ხნის ნაცნობიცაა, რაც კონკრეტული დოკუმენტაციითაც დასტურდება.

სქემა ასეთია: ერთი მხრივ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - „ჯიემსი ჯგუფი“ - თბილისის მერი გიგი უგულავა, მეორე მხრივ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - „ჯიემსი ჯგუფი“ - ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები შარანგიები.

„მთელი კვირის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, წარმოგიდგენთ უფრო კონკრეტულად, რა აკავშირებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლებს „ჯიემსი ჯგუფთან“, დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან და პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენ შარანგიებთან.

გასულ წელს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რითაც თბილისი 5 ლოტად დაიყო, ყველაზე მსხვილი ლოტების მფლობელი შპს „თბილ ლაინი“ გახდა, რომელმაც ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამარშტუტო ხაზების განკარგვის უფლება მიიღო. ძველი თბილისი-დიდგორის რაიონში ტენდერი - შპს „კაპიტალ გრუპმა“, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი შპს „თბილ ქარმა“ მოიგო, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში გამარჯვებულად შპს „ფაბლიქ ქარი“ დასახელდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „კაპიტალ გრუპის“ 100%-იანი წილი, 2009 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ნოდარ გიგინეიშვილს (დაბადებულია სოხუმში) ეკუთვნის. თუმცა მანამდე, იმავე წლის 8 დეკემბერს „კაპიტალ გრუპის“ პარტნიორთა კრება ჩატარდა და გოჩა ძნელაძემ, რომელიც კომპანიის 50 %-იან წილს ფლობდა, საკუთარი წილი მეორე მფლობელზე, ნოდარ გიგინეიშვილზე გადააფორმა. აღნიშნულ ფაქტს ნოტარიუსი ნუნუ გინტური ამოწმებს იმავე წლის 9 დეკემბერს. გოჩა ძნელაძეს ასი ლარის ოდენობის თანხა გადაეცა წილის გამოსყიდვის სანაცვლოდ. „კაპიტალ გრუპი“ ძველი თბილისის რაიონში, მარჯანიშვილის #9-შია რეგისტრირებული. მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაბლიქ ქარი“ ხვიჩა სექანიამ (დაბადებულია ოჩამჩირეში, ფრუნზეს ქ. 31) 2010 წლის 17 დეკემბერს დააარსა. საწესდებო კაპიტალი ასი ლარითაა განსაზღვრული. სექანია შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელია. ნოტარიულად საბუთებს იგივე ნოტარიუსი, კერძოდ ნუნუ გინტური ამოწმებს. ამასთან, კომპანია „ჯიემსის“ მფლობელობაში არსებული შპს „ქალაქურის“ (რესტორანი „ქალაქური“) დირექტორი 20 დეკემბერს თანხმობას აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსდეს შპს „ფაბლიქ ქარი“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2010 წლის 17 დეკემბერსაა დაარსებული ტენდერში გამარჯვებული კიდევ ერთი კომპანია, შპს „თბილ ლაინი“. 100%-იანი წილი გია გაგოშიძეს (დაბადებულია ოჩამჩირეში, ე. ნინოშვილის # 100) ეკუთვნის, ამავე დღეს ის ნოტარიუს ნუნუ გინტურს წარუდგენს წესდებას დასამოწმებლად და გინტურიც ამოწმებს. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 ლარს შეადგენს.

იმავე დღეს, 17 დეკემბერს „პქს ჯგუფის“ კუთვნილი რესტორნის „ძველი სახლის“ დირექტორი ნიკოლოზ მამაგეიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ის თანახმაა, მის საკუთრებაში არსებულ ფართში განთავსდეს შპს „თბილ ლაინი“.

კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია, შპს „თბილ ქარი“ 2011 წლის 4 იანვარს თენგიზ ალფენიძემ (დაბადებულია ოჩამჩირეში, გუდაუთის ქ 10) დააფუძნა. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 ლარით განისაზღვრა, 100%-იანი წლის მფლობელი თავად ალფენიძეა და ნოტარიუსი ნუნუ გინტური იმავე დღეს ნოტარიულად ამოწმებს „თბილ ქარის“ წესდებას. ხოლო „ჯიემსი“ ჯგუფის კუთვნილი შპს. „ძველი სახლის“ (რესტორან ძველი სახლის) დირექტორი ნიკოლოზ მამაგეიშვილი თანხმობას აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსდეს შპს „თბილ ქარი“.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დამთხვევა, გარდა იმისა, რომ „თბილ ქარის“, „ფაბლიქ ქარისა“ და „თბილ ლაინის“ წესდებები ერთმანეთის იდენტურია, არის ის, რომ კომპანიების საწესდებო კაპიტალი 100-100 ლარს შეადგენს, ერთი და იგივე ნოტარიუსი ამოწმებს და მოსაკრებელი ერთსა და იმავე ბანკის ფილიალში დაახლოებით 5-5 - წუთიანი სხვაობით გადაიხადეს. ამასთან, ოთხი კომპანიიდან სამის დამფუძნებელი წარმოშობით ოჩამჩირიდანაა და ასაკითაც თითქმის ტოლები არიან.

„ფაბლიქ ქარის“ მფლობელი ხვიჩა სექანია ამავე დროს შპს „თბილისი პარკინგის“ დირექტორია, რომელიც მარჯანიშვილის #6-ში მდებარეობს და რომელიც თბილისის მერიის მიერაა დაარსებული. „თბილისი პარკინგი“ პარკირებისათვის დაწესებული გადასახადების მოკრებას აწარმოებს. სექანია იმავდროულად ყოფილი მუნიციპალური კომპანია „მუშტაიდის“ (მუშტაიდის პარკი) დირექტორიცაა.

რესპუბლიკელ თინა ხიდაშელის განცხადებით, 2009 წელს მერიის მიერ დაფუძნებული „თბილისი პარკინგი“ თავისი პროექტით "მე მიყვარს თბილისი" 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გიგი უგულავას საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. აღნიშნული საწარმოები მუნიციპალური ქონების ბაზაზე შეიქმნა. გიგი უგულავას ბრძანებით თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დანიშნა დირექტორები.

„კაპიტალ გრუპის“ მფლობელი ნოდარ გიგინეიშვილი კი, 2010 წლის 20 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სანაპიროს ქუჩა #3-ში განთავსებული შპს „ჯიემსი ჯგუფის“ მეწილეა. კერძოდ, „ჯი-ემ-სი“ ჰოლდინგი ფლობს აქციათა 65,6%-ს, სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახალხო ბანკის“ 20 პროცენტს, ხოლო გიგინეიშვილი კი -14,4 %-ს.

რაც შეეხება გაგოშიძეს, რომელიც ყველაზე ტენდერის შემდეგ ყველაზე მსხვილ 2 ლოტს ფლობს, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევს, გარდა „თბილ-ლაინის“ დირექტორობისა, იმავდროულად კომპანია „ჯი-ემ-სი საწყობის“ დამფუძნებელი და დირექტორია. გაგოშიძე 2008 წლის 3 დეკემბრიდან შპს „ჯიემსი“ საწყობის ერთპიროვნული ხელმძღვანელია, წილის 100 - პროცენტიანი მფლობელი კი შპს „ჯიემსი ჯგუფია“. „ჯი ემ სი საწყობი“ ძველ თბილისში, სანაპიროს ქუჩა #3-ში (რესტორან „ძველი სახლის“ ტერიტორია) მდებარეობს.

გაგოშიძის სახელი კიდევ ერთ დოკუმენტში ფიგურირებს, რომელიც თბილისის მერიასა და მერის ბრძანებულებას უკავშირდება. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 2010 წლის 26 თებერვალს შპს „უძრავი ქონება - დიდუბეს“ შეეცვლა სახელწოდება და შპს „სპორტული ეზო“ გახდა, მას გადაეცა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით 1500 კვადრატული მეტრი მიწის ფართი ყაზბეგის გამზირზე (პარკის ტერიტორია), რომლის ღირებულება 875 750 ლარია. საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვალერიან გვათუამ 2010 წლის სამ მარტს სპორტული ეზოს დირექტორად სწორედ გია გაგოშიძე დანიშნა, 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერია რჩება.

თუმცა, იმავე წლის 23 ივნისს გაგოშიძე შპს „სპორტული ეზოს“ 100%-იან წილს 35-წლიანი მართვის უფლებით ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას გადასცემს. მაქაცარიაც წარმოშობით ოჩამჩირიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ფართის 100 %-იანი წილის მფლობელი კვლავ თბილისის მერია რჩება, ამ ტერიტორიაზე მაქცარიამ საკუთარი სასახლის მშენებლობა დაიწყო.

თბილისის მერ გიგი უგულავას მიერ ხელმოწერილ 28 მაისის დადგენილება #16.10.794-ში ვკითხულობთ, რომ ახლა უკვე მაქაცარიასთვის მართვის უფლებით გადაცემაზე თანხმობას გამოთქვამს უგულავა. 2010 წლის 11 აგვისტოს, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მაქაცარიამ კომპანიის ახალ დირექტორად ზურაბ ურგებაძე დანიშნა, დოკუმენტებს ნოტარიუსი ნუნუ გინტური ამოწმებს. რაც შეეხება სპორტული ეზოს გადაცემის ხელშეკრულებას, მაქაცარიამ ჯერ კიდევ 30 მარტს მიმართა თბილისის მერიას გადაცემის თაობაზე და კონტრაქტის მიხედვით წლიურად მხოლოდ 100 ლარი უნდა გადაუხადოს თბილისის მერიას.

ხვიჩა მაქაცარია „ჯი ემ სი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია (სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ-გვერდზე სწორედ ასეა მოხსენიებული), გია გაგოშიძე კი „ჯი-ემ-სი საწყობის“ დირექტორია, რომელიც „ჯიემსი“ ჯგუფის დაქვემდებარებაშია. 2008 წლის 14 ნოემბერს, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, სადაც ლეილა მესხმა გაიმარჯვა, მაქაცარია ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა და სწორედ „ჯიემსი“ ჯგუფის მეწილედაა მოხსენიებული. მაქაცარია რუსეთში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, სწორედ მის სახელს უკავშირებენ მოსკოვში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს ყიდვას.

ხვიჩა მაქაცარიას სახელი ძმებ შარანგიებსაც უკავშირდება, კერძოდ, ნავთობის ბიზნესში. ისინი სააქციო საზოგადოება „გეინ ოილის“ მეწილეები არიან, რომელიც მოსკოვშია. ხვიჩა მაქაცარია და მერაბ შარანგიას ძმა, ბიზნესმენი რევაზ ლორენცოს ძე შარანგია 22,3-22,3 პროცენტს ფლობენ ამ კომპანიისა, ისევე როგორ რევაზ (ბუთა) ელიავა. ინფორმაციას საინფორმაციო ანალიტიკური ინტერნეტ პორტალი www.lin.ru გვაწვდის, რომელიც რუსეთში მოქმედი კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელების შესახებ მონაცემებს ფლობს.

რევაზ შარანგიას ძმა, მერაბ შარანგია კი „ბილაინის“ ერთ-ერთი მეწილე და „ბილაინის“ ქართული წარმომადგენლობის - „მობიტელის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა, იგი რესტორან „ქალაქურისა“ (რომელიც ასევე „ჯიემსი“ ჯგუფის საკუთრებაა) და დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მშენებარე ერთ-ერთი კომპლექსის მეპატრონეა. ძმები შარანგიები წარმოშობით ასევე ოჩამჩირიდან არიან, ისევე როგორც მათი მამა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ლორენცო შარანგია.

შარანგიები რომ პრეზიდენტთან დაახლოებულ პირებად ითვლებიან, ეს ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაახმოვანა. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზა გადაეცა სააკაშვილის „კარის ბიზნესმენ“ რეზო შარანგიას.

საქართველოში მოღვაწეობს გია შარანგია, კიდევ ერთი ძმა , შოთა - აჭარის სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობს, ლევანი კი რუსეთში ცხოვრობს და იქ საკმაოდ მსხვილ ბიზნესს ფლობს.

ოპოზიცია „ბილაინის“ მეწილედ მოიაზრებს რეზო შარანგიასა და ხვიჩა მაქაცარიას ბიზნეს-პარტნიორ რევაზ ელიავას. რეზო შარანგიას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩ კოტე კემულარიასთან, შარანგია კემულარიას მიწვევით ორი წლის წინ სამეგრელოში ფესტივალ „სიმღერა სამეგრელოსაც“ კი დაესწრო, მასთან ერთად კულტურის ამჟამინდელი მინისტრი ნიკოლოზ რურუაც იმყოფებოდა.

საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თბილისის მერ გიგი უგულავას ამ ბიზნესში პირადი ინტერესი ჰქონდა, ერთი, რომ ათასობით მოქალაქე იყო ჩართული და თავს ირჩენდა, ისე, რომ სახელმწიფოსთვის არ ჰქონდა ხელი გაწვდილი და ასეთი ხალხი ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მეორე მხრივ კი სრულიად კორუფციული პროექტია, როდესაც დიდი ხნის ნაცნობებს აძლევ ბიზნესს.

„სწორედ გაგოშიძეა მთელი სქემის გასაღები. ერთი ისარი მიდის „ჯი-ემ-სი“ ჯგუფში და მეორე ისარი - თბილისის მერიაში, რადგან მუნიციპალური საწარმო „სპორტული ეზო“ გიგი უგულავას ბრძანებით შეიქმნა, დირექტორად სწორედ გაგოშიძე დანიშნეს და შემდეგ კი მაქაცარიას გადასცეს.

„მე მაქაცარიას საპარლამენტო არჩევნების დროს ყაზბეგზე მდებარე პარკში მშენებლობას ვედავებოდი, მან ნებართვა უპრობლემოდ მიიღო. შემდეგ, როდესაც საკრებულოში ჩავატარე ბრიფინგი ამ საკითხზე, მერიამ ამ ადამიანებთან კავშირი კატეგორიულად უარყო“, - ამბობს ხიდაშელი და იქვე დასძენს, რომ ესაა მონოპოლისტი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, როგორც სურს.

საკრებულოს წევრი ხელშეკრულებების გადახედვის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ მერიამ მთავარი აქცენტი გააკეთა ახალი მანქანების შემოყვანაზე, რომ არ გაიზრდება მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით, მძღოლები არცერთ თეთრს ზედმეტს არ გადაიხდიან.

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ მონოპოლისტების შესახებ არაფერი იცის, რეალურად თბილისში 4 სხვადასხვა სუბიექტია გამარჯვებული და ცალ-ცალკე სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

„გადაამოწმეთ გამარჯვებულ კომპანიასთან, მე ინფორმაცია ამ ადამიანების „ჯიემსისთან“ კავშირზე არ მაქვს“, - უთხრა „მთელ კვირას“ ჯოხაძემ.

„თბილ ლაინის“ წარმომადგენელი დავით ასანიძე ამბობს, რომ არავითარი კავშირი გაგოშიძესა და "ჯიემსი" ჯგუფს შორის არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ასანიძე შეხვედრებს ოთხივე გამარჯვებული კომპანიის სახელით მართავს და ორიოდე დღის წინათ საკრებულოში მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის დროს ოპოზიციის კითხვებს სწორედ იგი პასუხობდა.

დავით ასანიძე: მერე რა, რომ გაგოშიძე „ჯიემსი“ საწყობის დამფუძნებელია! არ შეიძლება, ერთი ადამიანი იქაც იყოს და აქაც?

მთელი კვირა: მაშინ რატომ ამბობთ, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს?

დავით ასანიძე: არავითარი კავშირი არა აქვს. ერთი თანამშრომელი იქაც არის და აქაც. ვიცნობ სახეზე, რესტორანში ნამყოფი ვარ, ეს კავშირია?

„მთელი კვირა“ ისევ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=5421 

ახალი ამბები