კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სადაზღვევო პოლისით კუთვნილ დაფინანსებას ექვსი თვე ელიან

4 მარტი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები მთავრობის #218 დადგენილების შეცვლას ითხოვენ. ადამიანის უფლებათა ცენტრს აჭარაში რამდენიმე სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიმართა. ისინი უკმაყოფილონი არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის მომსახურეობის მიღებისათვის დაწესებული ვადების ოდენობით.

სოციალურად დაუცველები, საქართველოს მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რითაც სადაზღვევო მომსახურეობის მოლოდინის ვადა რეგულირდება.

ლეილა ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბანდიდის მკვიდრი: „რეგისტრირებული ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. 2010 წლის 20 იანვარს მომანიჭეს ქულა _ 66 390. სადაზღვევო პოლისი 1 ივლისს მივიღე და მასში მითითებულიც არის, რომ ამ დროიდან არის ძალაში. ჩემს შვილს, არასრულწლოვან იზა ნაკაშიძეს ესაჭიროება ოპერაცია. 17 იანვარს ხელვაჩაურის რაიონის საავადმყოფოში, სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის წარმომადგენელს მივმართე ოპერაციის გაკეთებისთვის თანხების გამოყოფისთვის. თუმცა, მიპასუხეს, რომ ოპერაციის თანხებს მარტის ბოლომდე ვერ გადაიხდიდნენ. ჩემთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ ხდება ოპერაციის ჩატარება“.

როინ აფხაზავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩელტის მცხოვრები: „ჩემს ოჯახში სამნი ვართ. ჩემს მცირეწლოვან შვილს მკურნალობა ესაჭიროება, თავის ქალა აქვს დაზიანებული სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო. ოჯახს სოციალურად ძალიან გვიჭირს და ფინანსები არ მაქვს, რომ გამოკვლევა და მკურნალობა ჩავუტარო. ვიფიქრე, სოციალურად დაუცველის სტატუსის შემდეგ მაინც შევძლებდი წლინახევრის შვილის ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ჯერ ვერც ფულადი დახმარება მივიღე და ვერც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დაზღვევის პოლისით ვისარგებლე. 2010 წლის 28 ნოემბერს მომანიჭეს 56 930 ქულა. ხელვაჩაურის სოციალურმა აგენტმა შორენა ფუტკარაძემ განმიცხადა, რომ მაისის თვეში მივიღებ პოლისს“.

გულენტი ნაჭყებია, ბათუმის მკვიდრი: „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2010 წლის 29 დეკემბრიდან 66 370 ქულა მაქვს. თუმცა, დაზღვევის პოლისი ჯერ კიდევ არ მიმიღია. როგორც სოციალურ სააგენტოში ამიხსნეს, უფლება არ მაქვს უფასო სადაზღვევო მომსახურებით ვისარგებლო ქულის მონიჭებიდან ექვსი თვის გასვლამდე. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ზამთრის პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე დამჭირდა ექიმთან კონსულტაცია და მათი გასინჯვა, მაგრამ იმ მომსახურებით ვერ ვისარგებლე, რაც კანონით მეკუთვნის“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ს დაუკავშირდა. მათ ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს და კომპანიის სათაო ოფისში გადაგვამისამართეს. თუმცა, პირად საუბარში აღნიშნეს, რომ სადაზღვევო პოლისის გაცემას თვითონ არ აჭიანურებენ. მათივე განცხადებით, გეგმიური ოპერაციისთვის სამთვიანი ლოდინი ბენეფიციარის მხრიდან არცთუ ისე დიდი პერიოდია.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის „იმედი ელ“-ის სადაზღვევო პოლისზე მითითებულია, რომ პოლისი ითვალისწინებს მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების თანახმად, სავალდებულოდ გასაწევ სადაზღვევო მომსახურებას. ხოლო აღნიშნული დადგენილების #8 მუხლის, „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გეგმიური მომსახურების მიღებისას მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს“.

მართალია, პირად საუბარში სადაზღვევო კომპანიები უარყოფენ მათი ბენეფიციარების მიმართ მომსახურების მოლოდინის ვადის სრულად გამოყენებას, მაგრამ სოციალურად დაუცველები პირიქით აღნიშნავენ. როგორც ჩანს, პრაქტიკაში საქართველოს მთავრობის ბუნდოვანმა დადგენილებამ შექმნა ბარიერი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სადაზღვევო მომსახურეობის დროულად მიღებაზე.

ახალი ამბები