კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი ქალები უმძიმესი პირობების გაპროტესტებას შიმშილობით აპირებენ

7 მარტი, 2011
ნინო მიქიაშვილი, პრესაგე.ტვ

რუსთავში, ახლადგახსნილ ქალთა საპატიმროში, უმძიმეს პირობებში ყოფნას შიმშილობით გააპროტესტებენ. ამის შესახებ „ობიექტივი.ნეტ“-თან საუბრისას აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ნანა კაკაბაძემ.

პატიმარი ქალების მიერ მოსალოდნელ საპროტესტო აქციაზე ინფორმაცია სააგენტო „პირველმა“,  სანდო წყაროზე დაყრდნობით დღის პირველ ნახევარში გაავრცელა. მასშიც მითითებულია, რომ პატიმრების მოთხოვნები საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციისთვის ცნობილია.

„ობიექტივი.ნეტ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თეა სუხიშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. სუხიშვილი ირწმუნება, რომ ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფები სასჯელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პირობებში იხდიან.

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის, ნანა კაკაბაძის განმარტებით, პატიმარი ქალების მდგომარეობის ირგვლივ ინფორმაცია იმ ადვოკატებისგან აქვს, რომელთაც ხშირად უწევთ ქალთა საპატიმროში შესვლა. 

ნანა კაკაბაძე: „პატიმარი ქალების მდგომარეობა საკანონმდებლო ცვლილებებმა დაამძიმა. ისინი ოჯახის წევრებს ვეღარ ხვდებიან, ვერც გრძელვადიან და ვერც მოკლევადიან პაემნებზე. მხოლოდ მინის მიღმა, ტელეფონით შეუძლიათ ახლობლების ნახვა, რასაც აპროტესტებენ. მართალია პაემნის ამგვარი ფორმა სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უცხოეთში პატიმრები სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ, შვებულებებით გადიან და ოჯახის წევრებს ასე ხვდებიან.

აქ არსებულ ქალთა საპატიმროში კი (რომლის გახსნასაც დიდი ხმაური მოჰყვა - ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისიაო), პატიმრები პირდაპირ ცემენტის იატაკზე არიან, რის გამოც მათში სხვადასხვა დაავადებები გავრცელდა. სამედიცინო გამოკვლევაზე საუბარი ზედმეტია, შესაბამის წამლებსაც ვერ იღებენ. მათ არ აქვთ ნორმალური დაბანის საშუალება. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. პატიმრებმა შეხედეს, რომ შედეგი ვერ გამოიღო განცხადებების წერამ, ადვოკატებისთვის ამ ამბების დაბარებამ და გადაწყვიტეს მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას“.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თეა სუხიშვილსა და ”ობიექტივი.ნეტ”-ს შორის ასეთი საუბარი შედგა:

- გაქვთ ინფორმაცია, რომ დღეს ქალთა საპატიმროში შიმშილობას იწყებენ? სააგენტოთი გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ამის შესახებ ადმინისტრაციას აცნობეს.

- თეა სუხიშვილი: თქვენ სამინისტროში რეკავთ და ადმინისტრაციაში რა წერილი მივიდა, ნამდვილად არ ვიცი. წერია, რომ ვაცნობეთო?

- დიახ წერია. პატიმრები აპროტესტებენ მძიმე პირობებს - ცემენტის იატაკზე ყოფნას, პაემნების დროს მინის მოხსნას მოითხოვენ...

- ისინი იმყოფებიან საერთაშორისო სტანდარტებითა და ნორმებით გათვალისწინებულ პირობებში. ყველა საკანს ინდივიდუალური გათბობა აქვს და გათბობის პრობლემა ნამდვილად არსად არ არის.

- თქვენი აზრით, ცემენტის იატაკი საერთაშორისო სტანდარტია?

- თქვენ ნანახი გაქვთ, რომ იქ ცემენტის იატაკია?

- ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა წერილობით დაადასტურა.

- გავარკვევ და ნახევარ საათში დამირეკეთ.

ამ საუბრის შემდეგ, თეა სუხიშვილთან დაკავშირება ვეღარ შევძელით - არაერთხელ დავრეკეთ, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელშიც ამ მასალის ავტორიც შედიოდა, ხათუნა კალმახელიძის უწყებას წერილობით სთხოვა საპატიმროების ერთდღიანი მონიტორინგის უფლება, რაზეც არანაირი პასუხი არ გაუციათ; 14 თებერვალს, სამინისტროს შენობის წინ, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უფლებადამცველებთან ერთად გამართული აქციით, კიდევ ერთხელ მოითხოვეს საპყრობილეებში შეშვება, მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო.

სწორედ ამიტომ ვერ ვნახეთ ჩვენი თვალით ქალთა საპატიმროში არსებული ცემენტის იატაკი, მაგრამ სამაგიეროდ, ეს ნახა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

სახალხო დამცველის ოფისიდან, ზაზა ხატიაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი ასეთია - №5 საპატიმრო დაწესებულების ყველა საკანში ბეტონის იატაკია, გათბობის და წყალგაყვანილობის სისტემა მოშლილია, საკნები კი დანესტიანებული.

ახალი ამბები