კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაკურციხეში ჩასახლებული დევნილები მძიმე პირობებზე ჩივიან

9 მარტი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში, სოფელ ბაკურციხეში ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებლად კარგი პირობები აქვთ. სინამდვილეში, ბაკურციხეში განსხვავებული მდგომარეობაა.

„დევნილები ამბობენ, რომ ადრე ველურ პირობებში ცხოვრობდნენ, დღეს კი კმაყოფილები არიან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ 3 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ყოფილი პროფტექნიკუმის ორ შენობაში როგორც აფხაზეთიდან, ისე აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 35 ოჯახი, სულ 155 ადამიანი ცხოვრობს.

ნინა იარემკო, აფხაზეთიდან დევნილი: „ოთახში, პირდაპირ საწოლზე წყალი ჩამომდის. მეორე სართულზე მილია გახეთქილი და ჩემს სახლშიც ისე წვიმს, როგორ გარეთ. 3 მარტს მინისტრი იყო ჩამოსული, სიმბოლურად გაზი აანთო, მაგრამ ამის შესახებ ვერ ვუთხარი. სამინისტროს ხალხმა მითხრა, ახლა არაფერი თქვა და მაგ პრობლემას ჩვენ მოგიგვარებთო. უკვე რამდენჯერ დავურეკე მომხედეთ მეთქი, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევენ. ამიტომაც ვაპირებდი თქმას, მაგრამ „მოკეტეო“ მითხრეს. რაც გაქვს, ესეც არ დაკარგოო“.

აფხაზეთიდან დევნილები მთელი ზამთარი გათბობის გარეშე იყვნენ დარჩენილები. შენობაში ბუნებრივი აირის მილები დამონტაჟებული იყო, მაგრამ გაზს არ უშვებდნენ. რამდენიმე დღის წინ ბუნებრივი აირი გაუშვეს, თუმცა დევნილებს გამათბობლები არა აქვთ და შეშის ღუმელებით თბებიან, შეშას კი ტყიდან ზურგით ეზიდებიან.

„ზურგით ვეზიდები შეშას, ორი კილომეტრიდან. კაცები რომ მიდიან ტყეში, მივყვები, შეშას მომიჭრიან და მომაქვს“, - ამბობს ნინა იარემკო.

კოლეჯის ყოფილ შენობაში წყლის სისტემაც მოსაწესრიგებელია, რის გამოც მილებიდან წყალი ჟონავს და კედლები ინესტება.

„საწოლთან კედელს ობი აქვს მოდებული. ვწმენდთ, მაგრამ მაინც ეკიდება. სველია აქაურობა და ვერ ვაშრობთ. ამ ერთ პლიტის გარშემო ვართ ყველა და ოთახი ვერ თბება“, - აღნიშნა ანუსია გერლიანმა.

ინგა გერლიანი, დევნილი: „სამი ბავშვი მყავს. საწოლები არ გვაქვს საკმარისი. რაც არის, ისიც ლეჟანკაა და ბავშვები იატაკზე ვარდებიან. ქაღალდის დიდ ყუთში ტანსაცმელი მაქვს ჩაყრილი და ერთ ბავშვს იმაზე სძინავს. ვუთხარი სამინისტროს ხალხს, რომ იქნებ დამეხმაროთ მეთქი, მაგრამ საშუალება არ გვაქვსო. ჩვენ არსად არ ვმუშაობთ. პურს ძლივს ვყიდულობთ. ძალიან გვიჭირს. ნახმარი საწოლი მაინც მოგვცენ“.

კობა სუბელიანის კომენტარი, რომელიც სამინისტროს პრესსამსახურმა 3 მარტს საინფორმაციო სააგენტოებით გაავრცელა: „ეს არის გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხე. ამ გარემონტებულ შენობაში სხვადასხვა ავარიული კომპაქტური ობიექტებიდან 35 დევნილი ოჯახი გადმოვიყვანეთ. დღეს გაზი ჩაირთო, ინდივიდუალურად გამრიცხვიანებული ობიექტია და რაც მთავარია, ეს მათი საკუთრება იქნება. ის ობიექტები საიდანაც დევნილები გადმოვიყვანეთ, მათი საკუთრება არ იყო და იქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. არავის სჯეროდა, რომ აქ ასეთ კარგ პირობებში იცხოვრებდნენ. შენობა გარემონტებულია, გაზიფიცირებულია და რაც მთავარია, საკუთარი იქნება. დევნილთა ხელშეწყობა გაგრძელდება“.

ახალი ამბები