კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეჩვიდმეტე ტყვე

9 მარტი, 2011

29 წლის გიორგი ჭკადუა რიგით მე-17 ქართველია, რომელიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდა. გიორგი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრია და მეზღვაურად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი ბერძნულმა კომპანია „ენესელმა“ დაიქირავა, რომელიც სუპერტანკერ „ირენ ეს-ელის“ მეპატრონე და ოპერატორია. სუპერტანკერთან კავშირი 9 თებერვალს გაწყდა. მეკობრეები ტანკერს თავს ომანის სანაპიროდან 200 მილის მოშორებით დაესხნენ.

333 მეტრიან სუპერტანკერს კუვეიტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 270 ათასი ტონა ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, რომლის საბაზრო ღირებულება - 200 მილიონი ამერიკული დოლარია. 2004 წელს გერმანიაში აგებული „ირენ ეს-ელის“ ფასი კი 60 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

საბერძნეთსა და ხორვატიაში საქართველოს კონსულის თამარ ღვინაძის განცხადებით, ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის 25 წევრიდან, 17 ფილიპინელია, 7 ბერძენი და ერთი ქართველი - საქართველოს მოქალაქე გიორგი ჭკადუა.

„ამ ეტაპზე, ყველა მეზღვაურის მდომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა თამარ ღვინაძემ.

გიორგი ჭკადუას დედა ნელი ფეიქრიშვილი ამბობს, რომ გიორგი საბერძნეთში გატაცებამდე დაახლოებით ოთხი კვირის წინ წავიდა. „ხშირად მიდიოდა ნაოსნობაში. რომ გაიტაცეს, საკონსულოდან გაგვაგებინეს“, - ამბობს გატაცებულის დედა.

სომალელი მეკობრეების მირ გატაცებული გიორგი ჭკადუა ოჯახთან კონტაქტზე რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. გატაცებულის მამის ოთარ ჭკადუას თქმით, მეკობრეები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ.

„გამტაცებლები რა ოდენობის თანხას ითხოვენ, ჯერ უცნობია. გიორგიმ გატაცების შემდეგ პირველად დაგვირეკა. მან მითხრა, რომ კარგად არის, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განვიცდიო“, - აღნიშნა ოთარ ჭკადუამ.

სომალიში მეკობრეების წამომადგენლის მოჰამედ საიდის ინფორმაციით, მეკობრეებს ტანკერი სომალის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ გარაკანის სანაპიროსკენ მიჰყავთ და მოლაპარაკებები გემთმფლობელთან მალე დაიწყება. გარაკანი -  სომალის ერთ-ერთი უკონტროლო ადმინისტრაციული ერთეულის - მუდუქის შემადგენლობაში შედის. ბოლო წლებში, ეს მხარე მეზობელ პუნტლენდთან ერთად, მეკობრეობის მექად გადაიქცა.

გასული წლის, 8 სექტემბრიდან სომალელი მეკობრეების ტყვეობაში ბერძნული ტანკერის „ოლიბ ჯის“ თხუთმეტი ქართველი მეზღვაური იმყოფება. მეკობრეები გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს ითხოვენ და მოლაპარაკება უკვე მეექვსე თვეა უშედეგოდ გრძელდება. კიდევ ერთი ქართველი - ბათუმელი ოლეგ ნოდია კი 11 ნოემბრიდან ტუნისულ ტანკერ „ჰანიბალ ორზეა“ დატყვევებული.

რადიო „ამერიკის ხმასთან“ საუბარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია აღიარებს, რომ სახელმწიფომ ჯერ კიდევ ვერ იპოვა ამ ურთულესი პრობლემის მოგვარების გზები.

„ძალიან მტკივნეული თემა არის ყველასთვის და ნამდვილად არ გადის დღე, რომ ჩვენ არ გვემსჯელოს თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ქართველი მეზღვაურებისთვის. როდესაც ვიყავი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, ამ თემაზეც ვისაუბრე; ევროკომისიაში ყოფნისას ამ თემაზე კომისართან ვისაუბრე; აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ ამ თემას. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი გადავწყიტოთ. როგორც იცით, სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოსასყიდი გადაიხადოს, აქ საუბარი არ არის თანხის ოდენობაზე, საუბარია იმაზე, რომ მეკობრეებისთვის თანხას სახელმწიფო ვერ გამოყოფს. ამიტომ ვცდილობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დახმარებით გადავწყვიტოთ ეს პრობლემა.“

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, მსოფლიოს გემთმფლობელთა უდიდესმა გაერთიანებებმა, მათ შორის, „ინტერტანკომ“ და „ბალტიისა და საერთაშორისო საზღვაო საბჭომ“ უკვე მოუწოდეს სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის აუზის ქვეყნებს მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა გააფართოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში  გემთფმფლობელები ინდოეთი-აფრიკის საზღვაო მარშუტის შეცვლით იმუქრებიან, ეს კი ნავთობის იმპორტის და შესაბამისად, ნავთობის ფასის გაზრდას გამოიწვევს.

„ზღვაოსნობის ისტორიაში, ბერძნული „ირენ ეს-ელი“ რიგით მეოთხე სუპერტანკერი გახდა, რომელიც მეკობრეებმა დაატყვევეს. წინა სამი დატყვევებული სუპერტანკერის -  „სირიუს სტარის“, „მარან ცანტარიუსის“ და „სიმჰო დრიმის“ განთავისუფლებაში, მეკობრეებმა გამოსასყიდის სახით, საერთო ჯამში თითქმის 20 მილიონი ამერიკული დოლარი აიღეს. რეკორდი „სიმჰო დრიმს“ ეკუთვნის, რომლის გამოსასყიდის თანხამ 9,5 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა დღეს, „ირენ ეს-ელის“ დატყვევების შემდეგ, ყველა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს რეკორდი მალე დაეცემა“, - იუწყება „ამერიკის ხმა“.

ახალი ამბები