კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟენევის პროცესი - გაყინული კონფლიქტის პარადიგმა შენარჩუნებულია

16 მარტი, 2011
ვლადიმერ სოკორი, The Jamestown Foundation

საქართველოში რუსეთის ინტერვენციიდან ორი თვის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბრიდან, ჟენევაში დიპლომატიური პროცესი იმ სამშვიდობო შეთანხმებების რეალიზაციისთვის დაიწყო, რომელიც იმავე წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაფორმდა. ორწელიწადნახევრის შემდეგ მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდი ჟენევაში 4 მარტს კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

პროცესში მონაწილეობენ რუსეთი, საქართველო, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, გაერო, ეუთო და არაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებები.
 
აქედან გაერო და ეუთო 2008 წელს აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან რუსეთმა უმალ გამოისტუმრა და სრული დამცირებისთვის საქმე ისე წარმოაჩინა, თითქოს ამ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების გაძევების ინიციატორები სოხუმისა და ცხინვალის მთავრობები იყვნენ. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შუამავალი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყო და ევროკავშირმა მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა, ბლოკს საკმარისი უნარი არ აღმოაჩნდა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) (სამოქალაქო ოპერაცია) საქართველოსთვის მყიფე უსაფრთხოების ფარს უზრუნველყოფს იმ მტკიცე უსაფრთხოების დეფიციტის ფონზე, რასაც აშშ და ნატო ადრე სამხრეთ-კავკასიაში ავითარებდნენ. შესაბამისად, რუსეთი, რომელსაც ადგილზე მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა ჰყავს განთავსებული, ხოლო მოლაპარაკებებში მის ხმას კიდევ ორი ხმა ემატება, დომინირებს დისფუნქციურ ჟენევის პროცესზე.

მოსკოვი ჟენევის პროცესის სტაგნაციით კმაყოფილია. მეთხუთმეტე რაუნდის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ-ოსეთის „საზღვრების“ [ანუ რუსული დისლოკაციის ხაზების] გასწვრივ სტაბილურობა კონსოლიდირებულია, სამოქალაქო ინციდენტების სიხშირე შემცირებულია, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები (IPRM), რაც დღეს რეგულარულად ხორციელდება, ხელს უწყობს მსგავსი სიტუაციების გადაწყვეტას („ინტერფაქსი“, 7 მარტი).

როგორც ჩანს, ამ შეფასებას დიდწილად ჟენევის პროცესში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი, ფრანგი დიპლომატი პიერ მორელი იზიარებს. მორელი კმაყოფილია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია „შედარებით მშვიდია“ და ჟენევის ბოლო რაუნდი „ძალიან პოზიტიური“ იყო. პარიზი და სავარაუდოდ ბრიუსელიც, ჟენევის პროცესს აფასებენ როგორც ერთადერთ სივრცეს, სადაც საქართველოს მთავრობას და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებებს შეხვედრა და პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შეუძლიათ (სააგენტო „ფრანს-პრესი“, 5 მარტი).

მოსკოვი, პარიზი და ბრიუსელი ამ მეტ-ნაკლებად საერთო მაჩვენებელზე თანხმდებიან. თითოეული მათგანი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ხაზს უსვამს პროცესს საკუთარი გადმოსახედიდან და სტაბილურობას წარმატების საზომად წარმოაჩენს. ამ ფონის მიღმა, რუსეთი სამხრეთ-კავკასიაში საკუთარი სტრატეგიული მიღწევების კონსოლიდაციას ახდენს, მაშინ როდესაც ევროკავშირი ცდილობს თავი აარიდოს ისეთ პრობლემასთან შეხებას, როგორიცაა რუსეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა. პროცესში თანდათანობითი კორექტივების შეტანაც კი ევროკავშირის პრიორიტეტებისგან შორს დგას. მისი მთავარი პრიორიტეტი იმის პრევენციაა, რომ ეს სიტუაცია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახოს.

ვაშინგტონი ცდილობს იგივე პრობლემების დაბალანსებას, თუმცაღა უფრო შეზღუდული რესურსებით, რომელიც მას სამხრეთ- კავკასიაში გააჩნია. აშშ მხარს უჭერს ჟენევის პროცესის დღის წესრიგში საქართველოს შემდეგ მიზნებს: დემილიტარიზაციას, ძალის გამოუყენებლობას და დევნილების დაბრუნებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, „საქართველო და აშშ ითხოვენ, მოითხოვენ, დაჟინებით მოითხოვენ“ პროგრესს ამ მიზნების განხორციელებაში, მაგრამ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებების უკან იმალება და ამტკიცებს, რომ ყველაფერი ამ რეგიონებზეა დამოკიდებული – ანუ მათ აღიარებაზე („რადიო თავისუფლება“, 24 თებერვალი).

კონფლიქტი არსებულ კონდიციაში 1992-2008 წლების „გაყინული კონფლიქტების“ თავისუბურებებს ასახავს, თუმცა მთელი რიგი გაუარესებული სხვაობებით, რომელთა უმრავლესობაც თავისი არსით საერთაშორისო წესრიგზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

ჯერ ერთი, კონფლიქტების ეს წყვილი აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ერთ დიდ კონფლიქტად გადაიქცა, რომლითაც ფართოდ გავრცელებული აზრით, რუსეთი საქართველოს ძირს უთხრის. მოსკოვის მხრიდან საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში (ჟენევის ამ გახანგრძლივებული პროცესის საფუძველი) კონფლიქტის მხარე საქართველოსთან სწორედ რუსეთი და არა აფხაზეთი ან სამხრეთ-ოსეთია. დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთს არ სურდა ამ არსებითი მომენტის აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი გახდა, რეგიონში რუსეთის ქმედებებს  დასავლეთის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება.

მეორეც – 2008 წლის შემდეგ რუსეთმა შეცვალა სამხედრო სადემარკაციო ხაზები და ის კიდევ უფრო ღრმად სამხრეთით გადაწია, ეს ხაზები ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განამტკიცა და გაზარდა სამხედრო ძალის რაოდენობამ. ამით მოსკოვი სასტიკად არღვევს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ კრემლმა საქართველოში მსგავსი ქმედებები წინასწარ გაიმარტივა იმით, რომ 2007 წლიდან ამ შეთანხმებაში საკუთარი მონაწილეობა „შეაჩერა“.

მესამე - მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი „ახალ სახელმწიფოებად“ აღიარა, თუმცა რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკის ცვლილებამ ცოტა რამ თუ შეცვალა როგორც ადგილზე, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. 2008 წლამდე მოსკოვი საქართველოს სუვერენიტეტს ამ ორ ტერიტორიაზე ოფიციალურად აღიარებდა, მაგრამ სინამდვილეში თბილისი არ აძლევდა ამ აღიარებული სუვერენიტეტის განხორციელების საშუალებას. 2008 წლის შემდეგ, რუსეთის კონტროლი ამ ორ ტერიტორიაზე კიდევ უფრო განმტკიცდა, მიუხედავა იმისა რომ მოსკოვმა ისინი ახალ სახელმწიფოებად „აღიარა“.

მეოთხე – საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში 16 წლის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებოდნენ, ეს ტერიტორიები დაატოვებინეს და მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს და ეუთო-ს მისიები არაეფექტური იყო და რუსეთის ვეტო-ს უფლებას ექვემდებარებოდა, ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარკვეულ საერთაშორისო დაკვირვებას მაინც ახორციელებდნენ. რუსეთი ამ ტერიტორიებისგან დომინირების ზონას ქმნიდა, ახლა  ისინი გამორჩეულად საკუთარ ზონად აქცია.

მეხუთე – რუსეთმა ხელი შეუწყო საერთაშორისო დონეზე საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე არაოფიციალური ემბარგოს შემოღებას. ადრე მსგავსი სიტუაცია ნატო-ს კანდიდატი ქვეყნის მიმართ წარმოუდგენელი იქნებოდა, ისევე როგორც ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან მსგავსი სიტუაციის გაზიარება. რუსეთი ამ გახანგრძლივებულ კონფლიქტს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის იყენებს.

რუსეთი უარს ამბობს საქართველოს მთავრობასთან ორმხრივ შეთანხმებაზე (მოსკოვი თბილისთან მრავალმხრივი ჟენევის პროცესის საშუალებით კონტაქტობს). მოსკოვის პოლიტიკას ორი პარალელური ხაზი გასდევს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღიად არ აღიარება და საქართველოს კანონიერი მთავრობის ირიბი არ აღიარება. ასეთი პოლიტიკით რუსეთმა ამ გახანგრძლივებული კონფლიქტის გადაწყვეტა იმაზე მეტად „გაყინა“ ვიდრე ოდესმე.

 

ახალი ამბები