კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენის სკანდალური აღიარება

22 მარტი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის რაიონში ერთ-ერთმა დიდმა საწარმომ მუშაობა შეწყვიტა. შპს „გიორგი - 3“ დამფუძნებელი გიორგი ჩირინაშვილი, რომელიც წნორში ავტოგასამართ კომპლექსს და ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებდა, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც იგი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გაწევრიანდა, ფინანსურმა პოლიციამ  სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.

გიორგი ჩირინაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში ზოგიერთ ჩინოვნიკსაც ასახელებს, რომლებმაც მას სხვადასხვა დროს დიდი რაოდენობით საწვავი „შეაწერეს“.

შპს „გიორგი - 3“ 1998 წლიდან ფუნქციონირებდა. 2010 წელს საწარმოს წლიური ბრუნვა 5 მლნ ლარს შეადგენდა. 2011 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით საწარმო დახურული იყო. ორგანიზაციას შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები ამოწმებდნენ. შემოწმების დასრულების შემდეგ შპს-ს მესაკუთრემ საწარმოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი ჩირინაშვილი: „ფინანსური პოლიცია მას შემდეგ შემოვიდა, რაც მე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პარტიაში გავწევრიანდი. შემოწმების პერიოდში საწარმო დახურული იყო, ხან ექსპერტიზას ატარებდნენ, ხან საბუთები ჰქონდათ წაღებული და ა.შ. ერთხელ ვერ შემოვიდა კლიენტი, ორჯერ ვერ შემოვიდა და ბოლოს მომხმარებელი დავკარგეთ. იძულებული გავხდი, რომ მუშაობა შემეწყვიტა“.

- ბატონო გიორგი, გვაქვს ინფორმაცია, რომ თანამდებობის პირებს აქვთ თქვენი დავალიანება, რომელსაც არ იხდიან?

- კი, ნამდვილად. ძალიან ბევრნი არიან, როგორც ძალოვანი უწყებების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

- კერძოდ, ვინ არიან?

- ესენი არიან უშიშროების როგორც რეგიონული, ასევე რაიონული სამსახურების წარმომადგენლები. მაგალითად, ფრიდონი, გვარი არვიცი, თელავის რეგიონალური უშიშროების სამსახურში მუშაობდა. 1000 ლიტრი დიზელი მთხოვა, მოსავალს ვიღებ, შენი ჭირიმე, კომბაინი მიდგას და ნუ გამაცდენო. საწვავი წაიღო და თანხას აღარ იხდის. ვერაფრით ვერ მოვატანინე. სადაც გადაიყვანენ, თან დავდევ. რამდენიმე სამუშაო ადგილი შეიცვალა. ამჟამად, თუ არ ვცდები, თელავის პოლიციაში მუშაობს. არც უარს მეუბნება და არც ფული მოაქვს. კიდევ იყო შემთხვევა, როცა სიღნაღის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ უჩა ფხოველიშვილმა  წაიღო 272 ლარის საწვავი და თანხა არ გადაიხადა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვუთხარი და არ მოიტანა. ერთხელ მანქანაში იჯდა, მივედი და ვუთხარი, რატომ არ მოგაქვს ჩემი ფული, მაწერებ თუ რა ხდება მეთქი? გადმომიხტა მანქანიდან და ღრიალით მითხრა, დილიხორი მაქვს ასეთი და არ გაძლევო, რას მიზამ, რა გინდაო? რაღას ვეტყოდი მუშტი-კრივს ხომ არ გავუმართავდი, დავრჩით ასე.

- ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც თუ იყვნენ, ვისაც საწვავი მიჰქონდათ და მერე თანხას არ იხდიდნენ?

- კი, ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც არიან. ეს არის ქალაქ წნორის დეპუტატი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ვინმე კოტე ჯანელიძე, რომელსაც ასევე წაღებული აქვს საწვავი წლების მანძილზე. მართალია მცირე თანხაა, მაგრამ მაინც თანხაა ჩემთვის და არ იხდის. რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ არ დაადგა საშველი. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთხელ შეეცადა უჩა ფხოველიშვილთან დაკავშირებას, თუმცა ვერ მოხერხდა. კომენტარი არც სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძემ გააკეთა. ჩვენ მას სამსახურშიც მივაკითხეთ, თუმცა მასთან შეხვედრა არ მოხერხდა.

ოთხი წლის წინ გიორგი ჩირინაშვილს პრობლემები სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატთანაც ჰქონდა. მაშინ გიორგი ჩირინაშვილი სოფელ ანაგის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა. ჩირინაშვილი ამბობს, რომ დეპუტატი აბულაშვილი მას საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რაიონიდან გასახლებით არაერთხელ დაემუქრა.

„პარლამენტის წევრმა ნუგზარ აბულაშვილმა პირველად 2004 წლის მარტში შემომითვალა, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ჩემი ნებით წავსულიყავი. მეორე დღეს აბულაშვილს, რომელიც ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონულ ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს, სამუშაო ოთახში შევხვდი. მან გამომიცხადა, რომ თუ მის მოთხოვნას უსიტყვოდ არ დავემორჩილებოდი, ჩემს ოჯახთან ერთად, რაიონიდან გამაძევებდა. მიზეზად დაასახელა, რომ თითქოს მე მის წინააღმდეგ ვმუშაობდი, რითაც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ვეწეოდი. მისი თქმით, ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ საკრებულოში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუშვებდი. ამ საუბრის შემდეგ, აბულაშვილმა ჩემი ოჯახის შესახებ სხვადასხვა პერსონალური მონაცემები მოიპოვა. პირადი ცნობების გარდა, საგადასახადო სამსახურიდან ამოიღო ინფორმაცია, რომელი ბიზნესკომპანიის აქციებს ვფლობდით, ვიხდიდით თუ არა გადასახადებს და ა.შ. დარღვევა რომ ვერ აღმოაჩინა, სიღნაღის რაიონის გამგებლის სამუშაო ოთახში, გამგებელთან, მის მოადგილეებთან და სხვებთან ერთად ხმამაღლა გამომიცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან თუ არ წავიდოდი, ყველაფერს გააკეთებდა ჩემს მოსაშორებლად. მითხრა, რომ ნარკოტიკისა და და იარაღის ჩადებაზეც კი არ იტყოდა უარს. მაინც არ დავთანხმდი“, - აღნიშნავს გოგი ჩირინაშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს. ჩირინაშვილის არცერთი სარჩელი მაშინ სიღნაღის სასამართლომ დაუსაბუთებელი მიზეზებით განსახილველად არ მიიღო.

ახალი ამბები