კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზენტაცია ბოლნისის ახალგაზრდულ ცენტრში

22 მარტი, 2011

სალომე აჩბა

21 მარტს ბოლნისის ახალგაზრდულ ცენტრში  ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი - „ბოლნისის რაიონში ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების დონის ამაღლება“ შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა და მიზნად ისახავდა  ბოლნისელი ახალგაზრდების სხვადასხვა  აქტივობებში ჩართულობის ამაღლებას, აგრეთვე - სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას.

  ახალგაზრდული ცენტრი უკვე მეხუთე წელია, არსებობს და ბოლნისის რაიონში მცხოვრები ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდების ინტეგრაციასა და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას ემსახურება. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ეს ცენტრი ერთადერთი ადგილია მთელი რეგიონის მასშტაბით, სადაც მათ საშუალება ეძლევათ, მიიღონ გარკვეული ცოდნა და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეპრეზენტაცია.

„ეს ცენტრი 2007 წლიდან არსებობს და ბევრი ახლაგაზრდის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. აქ მოსული ახალგაზრდა ბევრ საკითხში უფრო კარგად ერკვევა, ხდება უფრო გახსნილი და ტოლერანტი სხვადასხვა ეროვნული, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მათთვის პერიოდულად ვატარებთ ლექციებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითების გარშემო. გარდა ამისა, გვაქვს უცხო ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები. ვფიქრობ, აქ მიღებული საბაზისო ცოდნა ხელს შეუწყობს ამ ახალგაზრდების დასაქმებასა და პროფესიულ ზრდას“, - აცხადებს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ირმა ზურაბაშვილი.

ბოლო პროექტის ფარგლებში, რომელიც ბოლნისის ახალგაზრულ ცენტრში „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა და რომლის შედეგების პრეზენტაციაც 21 მარტს გაიმართა, ბევრი საინტერესო ღონისძიება მოეწყო: ჩატარდა ლექციათა ციკლი სოციალურ ჟურნალისტიკაში, ტოლერანტობის, კულტურული მრავალფეროვნების, ეროვნული უმცირესობის, ადამიანის უფლებებსა და სხვა საინტერესო თემების შესახებ. ლექციებს უძღვებოდნენ ცნობილი და გამოცდილი ექსპერტები. გარდა ამისა ახალგაზრდებმა შეისწავლეს დებატების ტექნიკა და გამართეს დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სემინარები ჟურნალისტიკის შესახებ.  ჩემი მომავალი პროფესია სწორედ ჟურნალისტიკას უკავშირდება და ამ სემინარებზე მიღებული ცოდნა ჩემთვის მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მიხეილ აიდინოვს - ჟურნალისტს, რომელიც ამ ლექციათა კურსს უძღვებოდა. მან კიდევ უფრო შემაყვარა ჩემი მომავალი პროფესია“, - განაცხადა პროექტში მონაწილე ახალგაზრდამ, ბადრი კობიაშვილმა.

შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, საელჩომ ამ პროექტის დაფინასება სამი ასპექტის გამო გადაწყვიტა: პროექტი ეხებოდა ახალგაზრდებს,  ადამიანის უფლებებს და რეგიონებს.

„ჩვენთვის ეს პროექტი სწორედ ამ სამი ასპექტის გამო გახდა  საინტერესო. ადამიანის უფლებები ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ახალგაზრდებზეა ფოკუსირებული. საქართველოში ახალგაზრდები ძალიან აქტიურები და ტალანტიანები არიან. თუმცა, სამწუხაროდ, ცოტა შესაძლებლობა აქვთ თავიანი ნიჭის რეპრეზენტირებისთვის. თბილისში რასაკვირველია, მეტი საშუალება არსებობს მათი სხვადასხვა აქტივობებში  ჩართვისა. სამწუხაროდ, რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა.  ამიტომ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ  ამგვარი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერი რეგიონები მთლიანად ქვეყნის სტაბილურობის გარანტია. აქ უამრავი პოტენციალია, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა შვეიცარიის  საელჩოს წარმომადგენელმა.
 
შეხვედრის ბოლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ საზოგადოებრივ დებატებში გამარჯვებული ახალგაზრდების გუნდი დააჯილდოვეს, ახალგაზრდული ცენტრის ეზოში კი, ე. წ. „დიპლომატიური ეზო“ მოეწყო და დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხეები დარგეს.

ახალი ამბები