კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟენევის პროცესი - შეჯამება რუსულ-ქართული ომის შემდეგ (II)

25 მარტი, 2011

ვლადიმერ სოკორი The Jamestown Foundation

ორნახევარი წელი გავიდა დაზავების შემდეგ. ჟენევაში უკვე მოლაპარაკებების 15 რაუნდი ჩატარდა, მაგრამ როგორც ჩანს ჟენევის პროცესს შედეგი არ მოაქვს. საზავო შეთანხმება თითქმის ყველა თვალსაზრისით, ერთის გარდა, არ სრულდება. თუმცა, ეს ერთი ასპექტი საკვანძო მნიშვნელობისაა: რუსულმა ჯარმა შეაჩერა წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.

თუმცა, იმის ნაცვლად, რომ საზავო შეთანხმებაში დათქმული პირობების შესაბამისად, რუსული ჯარი ომამდელ პოზიციებს დაბრუნებოდა, იგი კვლავ მოწინავე პოზიციებზე დგას აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში. იგი  საქართველოს ტერიტორიაზე თავისსავე გავლებულ გამყოფ ხაზებთან გამაგრდა.

ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისია, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის შიგნით დგას (რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ შესვლა ეკრძალებათ), საშუამავლო როლს ასრულებს. ეს სამოქალაქო მისია უზრუნველყოფს პოლიტიკურ შეკავებას, რათა რუსულმა სამხედრო ძალამ საქართველოს ზიანი არ მიაყენოს (როგორც ეს 2008 წლის  აგვისტოს ომის საწყის ეტაპზე მოხდა). მისი ყოფნა მით უფრო აუცილებელია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა ვერ შესძლო რუსეთის მიერ საზავო შეთანხმების პირობების შესრულების უზრუნველყოფა, თუ საქართველო ახლა მართლაც ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე 2008 წლის ბოლოს, როგორც ამას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს (Radio Free Europe, 7 მარტი), ეს ძირითადად ევროკავშირის მისიის (EUMM) დამსახურებაა.

რუსეთს ამჟამად აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში რამდენიმე ბრიგადა ჰყავს დისლოცირებული. ამას ორივე სექტორში 25 000-მდე მესაზღვრე, სანაპირო დაცვის ფლოტილია ემატება და კიდევ მზარდი სამხედრო ბაზებისა და ნაგებობების რაოდენობა ორივე ტერიტორიაზე.  2010 წელს რუსეთმა აქ დამატებით შეტევითი შეიარაღება განათავსა –  რაკეტების გამშვები დანადგარი „სმერჩი“ და მობილური ბალისტიკური სარაკეტო სისტემა „ტოჩკა-U“. მათი დაფარვის ზონა საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილს სწვდება, ხოლო ახალგორში განთავსებული საველე არტილერიის დამიზნების  სივრცეში თბილისი ხვდება. რუსეთმა აფხაზეთში  ასევე განათავსა   სარაკეტო სისტემა S-300, რომელიც ისეა დისლოცირებული, რომ შეუძლია გადაკეტოს საჰარო დერეფნები  შავ ზღვასა და ჩრდილო-კავკასიასთან.

პოტენციური საფრთხის გარდა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მილიტარიზაციამ აქ მოსახლეობის სტრუქტურა რუსეთის სტრატეგიული პოზიციის სასარგებლოდ  გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვალა. აქ ათასობით რუსი სამხედრო და მათი ოჯახის წევრები დასახლდნენ და ბევრი მათგანი უეჭველად დარჩება აფხაზეთში პენსიაზე გასვლის შემდეგ (ეს მოდელი უკვე განხორციელდა მოლდავეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და  კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში დამატებითი ბარიერი შექმნა).

იმ დროს, როცა ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედროების დასახლება გრძელდება, ქართველთა ეთნიკური წმენდა უკვე შემდგარი ფაქტია. ჟენევის პროცესმა ამ ვითარების მოგვარებაც ვერ შეძლო.

ჟენევის პროცესი ორი ჯგუფის მეშვეობით ოპერირებს. ერთი - უსაფრთხოების, ხოლო მეორე ლტოლვილთა საკითხებზე მუშაობს. ორივე ჯგუფი ატარებს პარალელურ შეხვედრებს მოლაპარაკებათა რაუნდებზე, რომლებშიც ჩართულები არიან რუსეთი, საქართველო, ევროკავშირი, აშშ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეუთო და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მთავრობები.

დისკუსიებმა უსაფრთხოების ჯგუფში აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ვერ მოახდინა გავლენა რუსული ჯარის დისლოცირებასა და კონცენტრაციაზე. ეს ქმედებები აუქმებს საზავო შეთანხმების იმ მოთხოვნას, რომელიც ჯარის გაყვანას მოითხოვს. ამ სიტუაციაში საქართველო გამოვიდა წინადადებით, ჟენევის უსაფრთხოების ჯგუფის ფორმატში ეხელმძღვანელათ ორსაფეხურიანი მიდგომით: პირველი – შეთანხმდეს  უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიებზე წარმომადგენლობის მეშვეობით და მეორე – სათანადო პოლიტიკურ ჩარჩოში გამომუშავდეს დეოკუპაციის მექანიზმი.  რუსულმა მხარემ ორივე წინადადება დაბლოკა.

რუსეთს სურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების სახით აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან (რუსეთმა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარა“). რუსეთის წინადადებით, ის კისრულობს ამ შეთანხმების შესრულების  „გარანტორის“ როლს, ან დამოუკიდებლად, ან რაიმე სახის საერთაშორისო ფორმატში. ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯად, მოსკოვი სთავაზობს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს, იკისრონ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებები და გაცვალონ ეს განცხადებები ერთმანეთთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე. რუსეთი თავის მხრივ, ასეთი ვალდებულებების აღიარებაზე უარს ამბობს.  მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და ჟენევის პროცესზე მისი მთავარი წარმომადგენლის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი არ მოაწერს ხელს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოსთან, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეა („ინტერფაქსი“, 7 მარტი). მოსკოვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები არიან აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი და არა რუსეთი.

რუსეთმა ეს პოზიცია 1992 წლიდან დაიკავა, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა საქართველოსთან მისი კონფლიქტის გამო. ათი წლის შემდეგ რუსეთმა წამოაყენა წინადადება ძალის გამოუყენებლობაზე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეთანხმებების შესახებ რუსეთის გარანტიებით. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, მისი წინადადების მიზანი საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება და ყველა მხარისთვის რუსეთის როგორც უსაფრთხოების არბიტრის („გარანტორის“), პოზიციის განმტკიცებაა.

საქართველოს წინადადების თანახმად, უნდა შეიქმნას შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც ხელს რუსეთი და საქართველო მოაწერენ. ამის მოლოდინში საქართველომ პირობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივად დადო და რუსეთს მსგავსი პირობის დადებისკენ მოუწოდა 2010 წლის 23  ნოემბერს. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ „საქართველო არასდროს  გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად, ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის“ (Civil Georgia, 23 ნოემბერი 2010). შემდეგ თბილისმა ოფიციალური წერილების მეშვეობით ასეთი ვალდებულება აიღო ყველა დიდ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ჟენევის პროცესის ყველა მონაწილესთან.

მოსკოვს ანალოგიური ნაბიჯი არ გადაუდგამს, მაგრამ კარასინის თქმით, მან შთააგონა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ლიდერებს, სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითის, გამოეცათ ცალმხრივი დეკლარაციები მსგავსი შინაარსით. („ინტერფაქსი“, 7 მარტი). ეს შეესაბამება რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ის უარს ამბობს პასუხისმგებლობაზე, როგორც კონლიქტის მონაწილე მხარე და თავის სატელიტებს მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს უტოლებს.

წყარო: http://foreignpress.ge/?p=16735 

ორიგინალი

ვლადიმერ სოკორის პირველი სტატია ამ თემაზე:
http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=13058&lang=geo

ახალი ამბები