კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „მაესტროს“ 50 %-იანი წილის მფლობელი მომღერალი გია გაჩეჩილაძე გახდება

28 მარტი, 2011
გიორგი ფუტკარაძე, "მედია.გე"

ტელეკომპანია „მაესტროს“ მთლიანი წილის 50 % მომღერალ გია გაჩეჩილაძეს, იგივე „უცნობს“ გადაეცემა.

„მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო (ილია) კიკაბიძის თქმით,  ეს შეთანხმება, ჯერ კიდევ 2006 წელს დაიდო და ითვალისწინებს, რომ  მუსიკალური ფორმატის რადიო „ნაცნობი“ „მაესტროს“ მფლობელობაში გადავა და ტრანსფორმირდება როგორც საინფორმაციო სპეციფიკის მქონე რადიო „მაესტროდ“. ხოლო, ტელეკომპანია „მაესტროს“ აქციათა 50% კი გია გაჩეჩილაძის საკუთრება გახდება.

გია გაჩეჩილაძე ოპოზიციური „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმაა.

ამავე პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილია, რომლის დაფუძნებულ „რუსთავის მართვის კომპანიას“ ტელეკომპანია „მაესტრო“ სამწლიანი მართვის უფლებით აქვს გადაცემული.

კიკაბიძემ მედია.გე-ს უთხრა, რომ ტელევიზიის წილის გადაცემის შესახებ  შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ მუშაობას. იურიდიულად თითქმის ყველა საკითხი გადაწყვეტილია და „მაესტროს“ ათი მეწილედან წილი ყველამ პროპორციულად დათმო.

„ეს ფაქტი განაპირობა იმან, რაც ერთობლივად ამ წლების განმავლობაში ვაკეთეთ“, - ამბობს კიკაბიძე, თუმცა, კონკრეტულად არ პასუხობს კითხვას, რომელიც „მაესტროში“ გია გაჩეჩილაძის ფუნქციებს შეეხება.

www.Journalist.ge-ზე „მაესტროს“ და რადიო „ნაცნობის“ დამფუძნებელთა სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წილების გადანაწილება და ტელე და რადიომაუწყებლობის ერთ მფლობელობაში გადასვლა თავისუფალი სიტყვის გაძლიერებას ემსახურება.

კიკაბიძის განცხადებით, რადიო „მაესტრო“ უახლოეს მომავალში მაუწყებლობას დაიწყებს სატელიტურ სიხშირეზე, რაც საშუალებას მისცემს როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე  ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს, მიიღონ დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია.

„ჩვენ კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია და მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედიის გაერთიანება და გაძლიერება სასარგებლო იქნება როგორც საზოგადოებისათვის, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის“, -  აცხადებს კიკაბიძე.

„მიმაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი მედიის როლი განსაკუთრებით საჭიროა დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის, ამ შეთანხმებას დადებითი რეზონანსი მოჰყვება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობაში“, - ამბობს  კიკაბიძე.

თავად გია გაჩეჩილაძეს 2009 წელს „მაესტროზე“ რეალურ რეჟიმში გადაცემა „საკანი №5“ მიჰყავდა.  ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით გამორჩეული I პროექტი  რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.



ახალი ამბები