კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა სასურსათო ვაუჩერებიც ვერ მიიღეს

29 მარტი, 2011

 გელა მთივლიშვილი

კახეთში, სოფლების - ხევისჭალის, ჭართალის, ჭერემის და შირაქის დასახლების მაცხოვრებლებს არც ენერგო და არც სასურსათო ვაუჩერები არ მიუღიათ. ამ სოფლებს თითქმის 20 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისად, ადგილობრივებს არ გაკვირვებიათ, რომ ენერგოვაუჩერების მიმღებთა სიაში ვერ მოხვდნენ. თუმცა, მათთვის უცნობი იყო, რომ მთავრობის დადგენილებით, სასურსათო ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებდნენ, რომლებმაც მანამდე ელექტროენერგიის შეღავათის ვაუჩერით ისარგებლეს.

30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგების ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 11 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გამოვიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფლაციის მაღალი დონის გამო ბევრი ადამიანი უიმედობამ შეიპყრო. „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათ იმედი დავუბრუნო,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სასურსათო ვაუჩერების დასარიგებლად ბიუჯეტიდან 31 429 465 ლარი გამოიყო. ვაუჩერის დარიგება 10 მარტიდან დაიწყო და აპრილის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. ვაუჩერების დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. ვაუჩერის განაღდება „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებშია შესაძლებელია.

„მომატებული ფასების პირობებში ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი მოსახლეობისათვის“, - აღნიშნავს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.

„ეს არის ღონისძიება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ წყვეტს ამ პრობლემას. მთავრობას ამ გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა გეგმები აქვს. თუმცა, ეს იქნება მცირე შეღავათი ჩვენი მოსახლეობისათვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ.

სასურსათო ვაუჩერები არ მიუღიათ ახმეტის რაიონის სოფლების ხევისჭალის და ჭართალის მაცვხოვრებლებს, ასევე გურჯანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობას და დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს.

„გუშინ ვიყავი სოფლის გამგებელთან, საკობიანოში. გამგებელი ახმეტაში იყო წასული. მისმა თანამშრომელმა კი მითხრა, რომ სიაში არ ვართ. ვინც ელექტროენერგიის ვაუჩერი მიიღო, სასურსათო ვაუჩერიც იმ ოჯახებზე მოვიდაო, ენერგოვაუჩერი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ 20 წელია შუქი არ გვაქვს. არც ვიცოდით მთავრობა სასურსათო ვაუჩერებს რომ არიგებდა. შემთხვევით რადიოში მოვისმინეთ“, - ამბობს ხევისჭალის მკვიდრი თამაზ ხადილაშვილი.

„გამგებელთან დავრეკე და ასე მითხრა, თქვენზე არ არისო. მე არაფერი შემიძლია, ჩემი ვაუჩერიც გამაჩუქებინესო“, - აღნიშნავს ამავე სოფლის მცხოვრები შორენა ხადილაშვილი.

ციალა ქავთარაძე, შირაქის დასახლების მცხოვრები: „რაიონის გამგებელთან ვიყავი. ვუთხარი, დენის ვაუჩერი არ მოგვეცით, რადგან დენი არ გვაქვს და არ გვინდა, მაგრამ სურსათის ვაუჩერს რატომ არ გვაძლევთ მეთქი? არ არის და რა მოგცეო. დასახლებას სოფლის სტატუსიც არ აქვს, ადგილობრივ მაცხოვრებლებად არ ითვლებით და ვაუჩერი როგორ მოგცეთო. თუ არჩევნებზე გვაკითხავენ და სიებში ვართ, როცა ვაუჩერს არიგებენ, მაშინ რატომ აღარ ვართ სიაში?“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულია, რომ სასურსათო ვაუჩერებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან გაუგებრობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზზე: (822) 510 - 033, (822) 910 – 046. სოფელ ხევისჭალის მაცხოვრებლები სამინისტროსთან დაკავშირებას ჩვენი დახმარებით შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში განმარტეს, რომ სიები, რომლის მიხედვითაც სასურსათო ვაუჩერები რიგდება, ელექტროენერგიის ვაუჩერის სიის იდენტურია და აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები სიაში იმიტომ ვერ მოხვდნენ, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

ახალი ამბები