კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან ალექსიძე: „ქართულმა მხარემ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში საქმე სარჩელის არასწორად შეტანის გამო წააგო“

4 აპრილი, 2011

„ქვეყნის ინტერესები საფრთხის წინაშე როცა დგას, არ შეიძლება გადაწყვეტილებები არაკომპეტენტურმა ჩინოვნიკმა მიიღოს“

კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“

1 აპრილს ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა. მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის.

რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა და რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაში და რასიზმში დაადანაშაულა. სარჩელი აერთიანებდა არა მარტო 2008 წლის კონფლიქტის ფაქტებს, არამედ 1990 წლიდან 2008 წლამდე დაფიქსირებულ შემთხვევებს.

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, პროფესორ ლევან ალექსიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები გაკეთდა. რა გადაწყვეტილება მიიღო ჰააგის სასამართლომ და შედეგის თვალსაზრისით, როგორია იგი ქართული მხარისთვის?

- ჰააგაში რამდენიმე სასამართლო მდებარეობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთ ინფორმაციაში ნათქვამია, თითქოს საქმე განიხილა ჰააგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ჰააგაში ასეთი სასამართლო არ არსებობს. იქ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, იუგოსლავიის მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედი ტრიბუნალი და გაეროს დაარსების დღიდან არსებული გაეროს საერთაშორისო სასამართლო, ანუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო.

გაეროს საერთაშორისო სასამართლო იხილავს საქმეებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებს შორის. როცა ერთი მხარე უჩივის მეორე მხარეს, ხოლო მეორე უარზეა, ამ შემთხვევაში სასამართლო საქმეს ხელს ვერ მოკიდებს. ამიტომ, იმ საკითხის დასმა, რაც აგვისტოს ომის დროს ამოხდა, ამ სასამართლოში არ შეიძლებოდა.
 
დაირღვა ჰუმანიტარული სამართალი, რუსეთი შემოვიდა საქართველოში და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ინტერვენცია მოახდინა. მე ამის შესახებ მაშინაც ვამბობდი, როცა ჩვენი ოპოზიცია ყიჟინებდა, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და ყველაფერი ჩვენი ბრალია. დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2008 წლის აგვისტოში იყო საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, ოკუპაცია და ინტერვენცია, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამაზე ტალიავინის მოხსნებაც ძალიან კარგად მეტყველებს. სამწუხაროდ, ჩვენ სარჩელში ეს სათანადოდ არ ასახულა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი აქტიურად უწევდა პროპაგანდას ჩვენს მიერ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას და ასეთი პოზიციის დასაბუთებას დღემდე აგრძელებს. ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი ნაჩქარევად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. ასეთი რამ, ასე ნაუცბათევად არ ხდება. საერთაშორისო სასამართლო ისეთი ორგანოა, რომელიც წლების მანძილზე იხილავს საქმეებს.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით დავა 1990-იან წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტომდე არ არსებობდა. ეს საკითხი საქართველომ მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წამოჭრა. რუსეთს სურდა, ჩვენს სარჩელზე მხარედ არ ეღიარებინათ, მაგრამ სასამართლომ რუსეთი მხარედ მაინც სცნო. აშკარაა და ყველამ იცის, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და ამისათვის სასამართლო საჭირო არ იყო. იმავე ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა და ნატო-მ საქართველოს საკითხში რუსეთი აღიარეს მხარედ და საუბრობენ საქართველო-რუსეთის ომზე.

სასამართლომ მიიღო რუსეთის საპასუხო არგუმენტები - საქართველომ სასამართლოს არასწორად იმის გამო მიმართა, რომ „კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“, რომელსაც ქართული მხარე თავის სარჩელში უთითებს და, რომლის ძალითაც რუსეთი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში, შესაძლოა იყოს სარჩელის საფუძველი, მაგრამ საქართველომ ამ კონვენციის სრულად ასამოქმედებლად არ დაიცვა წინაპირობები, რითაც სასამართლოში რუსეთის მიყვანა შეიძლებოდა.

რაში მდგომარეობს ეს წინაპირობები? უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, მოსარჩელე მხარე შეეცადოს პრობლემის მოლაპარაკებებით მოგვარებას. თუ ეს მოლაპარაკებების გზით ვერ მოხერხდა, მაშინ არსებობს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტი, რომელშიც საკითხის განხილვა 5-პუნქტიანი პროცედურის დაცვით უნდა წარიმართოს. 5-პუნქტიანი პროცედურა ითვალისწინებს იმასაც, თუ როგორ უნდა უჩივლო, როგორ უნდა იყო განხილული საქმე და როგორ აცნობონ რუსეთს, ეს კი, არ არის შესრულებული.

სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად იხელმძღვანელა დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციის 22-მუხლით, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტი პირდაპირი მოლაპარაკებების ან ამავე კომიტეტის საშუალებით უნდა მოწესრიგდეს. საწყენია სასამართლოს გადაწყვეტილებაში შემდეგი ჩანაწერი - ქართულმა მხარემ აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციის ასამოქმედებლად, ანუ საკითხის დასასმელად, ყველა ეტაპი და პროცედურა არ გაუვლია. ქართულმა მხარემ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში საქმე სარჩელის არასწორად შეტანის გამო წააგო.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით რუსეთი მხარეა, მაგრამ მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ. სასამართლოს ვინმეს ბრალეულობა და დამნაშავეობა არ განუსაზღვრავს. სარჩელში საქართველო მიუთითებდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონებში: ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რასობრივი დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, სასამართლომ ეს უარყო. ამ შედეგზე ამდენი რესურსისა და დროის სადარჯვა ჩემთვის გაუგებარია.

რუსეთი თავიდანვე აცხადებდა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის კონვენცია, რაც საფუძვლად დაედო ქართული მხარის სარჩელს, არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ სასამართლოს დაეწყო საქმის არსებითად განხილვა და სასამართლოში რუსეთის იძულებით მოყვანა. სასამართლოს საბოლოო დასკვნა ასეთია – გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ქართული მხარის სარჩელის განსახილველად სათანადო იურისდიქცია იმის გამო არა აქვს, რომ ის პროცედურები, რომელიც ამგვარი საქმის განხილვას საჭიროებს, დარღვეულია, ანუ არ შესრულებულა.

- თუ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს ქართული მხარის სარჩელის მიღების უფლება არ ჰქონდა, ქართულმა მხარემ რატომ შეიტანა ამ სასამართლოში სარჩელი, ანაც თავად ჰააგის სასამართლომ რატომ მიიღო განსახილველად?

- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო სამართლის ცნობილმა პროფესორმა, ანტონიო კასესემ (რომელიც არა მარტო დიდი მეცნიერია, არამედ რამდენიმე საერთაშორისო სასამართლოსა და ტრიბუნალს თავმჯდომარეობდა), 2008 წლის 1 სექტემბერს გაზეთ „გარდიანში“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მგელი, რომელმაც შეჭამა საქართველო“. კასესე საქართველოს მიმართ რუსეთის ნამოქმედარსა და პოზიციას აცამტვერებს, მაგრამ იმავე სტატიაში იგი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ მიმართა საქართველომ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს და არა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. რასაც ჩვენ რუსეთს ვდებდით ბრალად, უფრო სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენციაა, ვინაიდან, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის საკითხებს სწორედ ეს სასამართლო განიხილავს.

- რასთანაც ახლა ჩვენ გვაქვს საქმე და, ფაქტობრივად, რის წინაშეც აღმოვჩდით, ქართული მხარის არასაკმარისი პროფესიონალიზმის ბრალია თუ კიდევ სხვა რამის?

- თავიდანვე, როცა ქართულმა მხარემ სარჩელი შეიტანა, პრაქტიკულად ომი დასრულებულიც არ იყო. მაშინ სასამართლომ მოგვიანებით, ოქტომბერში გამოიტანა დადგენილება და ორივე მხარეს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედება, ეთნიკური წმენდა, ადამიანების რასობრივი დისკრიმინაცია. ეს მაშინ ჩვენთვის დიდი შეღავათი არ იყო. იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია, რომ სასამართლო წინასწარ არ განსაზღვრავს, მიიღებდა თუ არა ქართული მხარის სარჩელს არსებითი განხილვისათვის. მას შემდეგ, რაც იმავე სასამართლოს ქართულმა მხარემ კვლავ მიმართა, მისი პასუხი ასეთია - გაეროს საერთაშორისო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისთვის იურისდიქცია არ გააჩნია.

- თქვენ ახსენეთ, რომ ბრალს გვდებენ იმაში, რომ საქართველოს 20 წელი რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი არ შეუტანია. თქვენი შეფასებით, რატომ არ შეიტანა საქართველომ სარჩელი სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოში?

- ჩემს არაერთ გამოსვლაში რუსეთი პირდაპირ მყავს დადანაშაულებული საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკაში, მაგრამ ელცინს ხელი ჰქონდა მოწერილი ეუთო-ს ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბულის სამიტების განცახდებებზე, სადაც აღიარებული იყო აფხაზების მიერ აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა. დასავლეთს მიაჩნდა, რომ ოფიციალური რუსეთის გარდა არსებობდნენ სხვა ძალები, რომლებიც ამ მხრივ უნდა ყოფილიყვნენ დადანაშაულებული. სარჩელის შეტანა იმიტომ არ მოხდა, რომ იგი ეხება რუსეთის გარეთ მიმდინარე მოვლენებს. რასობრივი დისკრიმინაციის კონვენცია ამა თუ იმ სახელმწიფოს საზღვრებში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. როგორც კი ამ საზღვარების გარეთ გადიხარ, ეს უკვე საერთაშორისო სამართლის სხვა პრობლემაა, რომელსაც რასობრივი დისკრიმინაციის კონვენცია არ ითვალისწინებს. ჩემი შეფასებით, ჩვენს საქმეზე გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო სავსებით სწორად მოიქცა.

- როგორ შეაფასებდით გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს? თუ შეიძლება თქვენ მაინც გაგვარკვიეთ რა ახარებს ხელისუფლებას და, საერთოდ, გვაქვს თუ არა ჩვენ საქმე სასიხარულოდ?

- ძალიან მიმძიმს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლებამ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ბურჯალიანს ეს საქმე ერთპიროვნულად მიანდო. ის თავს საერთაშორისო სამართლის დიდ სპეციალისტად კი მიიჩნევს, მაგრამ როგორც ეტყობა სულ ამაოდ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამეტი საერთაშორისო ასპარეზზე ამ საქმის სპეციალისტების გარეშე პრაქტიკულად ერთ ნაბიჯსაც არ დგამს. ქალბატონ ბურჯალიანს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისთვის ერთხელ მაინც რომ მოემართა, ჩვენ შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავალს შევთავაზებდით და რაც მთავარია, კვალიფიციურ რჩევას მივცემდით.

ხელისუფლება ახლა უხერხულ მდგომარეობაშია. მე ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთა მხრიდან ამ საქმეზე ასე ნაჩქარევ კომენტარებს არ გავაკეთებდი. პატივს ვცემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მაგრამ მათ კომენტარები ჰააგიდან, ანუ იგივე ბურჯალიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე აკეთეს.

სხვათა შორის, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მან რუსეთთან მიმართებაში საქმიანობა საკმაოდ გააქტიურა. ზოგი უკიჟინებდა, რომ იგი ურთიერთობას ამწვავებდა. ჩემი აზრით, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ თუნდაც 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით და ახლა ვართ, რუსეთთან სხვაგვარი საუბარი წარმოუდგენელია, თუნდაც ოპოზიციის ზოგიერთი წევრის კრიტიკისა და მოსკოვში სირბილის ფონზე.

- როგორია ქართული მხარის სარჩელზე გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები?

- საწყენი ის არის, თუ რას და როგორ დამცინავად წერს მომხდარზე უცხოური პრესა. სხვათა შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფრო თავშეკავებული შეფასებები რუსულ პრესაშია. კრიტიკის მიუხედავად, ჩემი აზრით, ტრაგიკული არაფერი მომხდარა. ეს პროცედურული საკითხია. სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისათვის წარმოებაში არ მიიღო, რადგან საქართველომ არ შეასრულა ის პირობები, რომელიც გათვალისწინებულია იმ კონვენციით, რომლის ძალითაც ჩვენ შევეცადეთ სასამართლოში რუსეთის მოყვანას.

მომავალში სასამართლოში რუსეთის მიყვანა შეიძლება ორი გზით - უნდა დაიწყო ეს პროცესი რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტში, სადაც ამ საკითხის განხილვა სულ მცირე 2 წელი გაგრძელდება; თუ ამ კომიტეტში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მერე შეიძლება მიმართო სასამართლოს. მეორე ვარიანტია - მიმართო სასამართლოს, მაგრამ სასამართლო იტყვის - კი ბატონო, ჰუმანიტარული სამართალი დარღვეულია, მე ამ საკითხს განვიხილავ, მაგრამ ამისათვის რუსეთის თანხმობაა საჭირო. რუსეთის პასუხი ასეთი იქნება – ამაზე მე თქვენ თანხმობას არ მოგცემთ. ეს არის ის ნიუანსები, რომელიც საქართველომ არ გაითვალისწინა.

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და არ მახსოვს, რომ მსგავსი შეცდომა დაეშვა. პირიქით, როცა საჭიროა, ამას ყოველთვის არგუმენტირებულად აკეთებს. გაუგებარია, როდესაც ხელქვეითმა წინასწარ იცის, რომ რისკი არსებობს, მაგრამ მაინც ძვირადღირებულ ადვოკატებს ქირაობს. ჩვენი მხარის მიერ დაქირავებული ადვოკატების პროფესიონალიზმში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც მაღალკვალიფიციური ადვოკატიც უძლურია.

მე იშვიათად ვაკეთებ ასეთ განცხადებებს, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა. როდესაც ქვეყნის ინტერესები საფრთხის წინაშე დგას, არ შეიძლება გადაწყვეტილებები არაკომპეტენტურმა ჩინოვნიკმა მიიღოს. სასამართლომ პროცედურული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ საკითხის იქამდე გაბერვა შეიძლება, რომ მერე ქვყენის მტერმაც და მოყვარემაც თქვას - აი, ქვეყნისათვის უმნიშნველოვანეს საკითხზე საქართველომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში საქმე წააგო.

ახალი ამბები