კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სახლმა უმასპინძლა მრგვალ მაგიდას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თემაზე

4 აპრილი, 2011

ნინო ცაგარეიშვილი

2011 წლის 1 აპრილს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“. მასში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და კონსტიტუციის 42-ე მუხლი. დისკუსიას უძღვებოდა ჟურნალისტი ია ანთაძე.

აქციებისა და დემონსტრაციების დროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ბექა ჯიქიამ. მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისში 1 იანვრიდან ახორციელებს აქციებისა და დემონსტრაციების მონიტორინგს და აქვს გარკვეული მონაცემები შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ  პრობლემებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის“ მე-11' მუხლის, რომლის თანახმადაც ტრანსპორტის სავალი ნაწილობრივ ან სრული გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. ბექა ჯიქიამ მიუთითა ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული მუხლების გადახედვისაკენ მოუწოდებს. მან გაიხსენა 25 მარტის ინციდენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, როცა პოლიციელები სწორედ აღნიშნული მუხლის საფუძველზე მოქმედებდნენ და ცდილობდნენ მომიტინგეები ტროტუარზე გადაეყვანათ.

„ჩვენ მივიღეთ პოლიციელთა მხრიდან ძალადობა, რომელიც ნებადართული იყო საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ არსებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან დარღვევებს ჰქონდა ადგილი საქართველოს კანონმდებლობითაც. კონკრეტულად, მოინგრა ტრიბუნა, რომლიდანაც აქციის ორგანიზატორები მიმართავდნენ მონაწილეებს, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ასევე, მოხდა თავდასხმა ადამიანზე, რომელიც ახდენდა აქციის ფოტოდოკუმენტირებას“, აცხადებს ბექა ჯიქია.

ბექა ჯიქიამ გაიხსენა პოლიციელთა მხრიდან შეკრების თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტიც, კერძოდ, 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დარბევა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს, რადგან ამ შემთხვევაში, მათ არც ავტომანქანების სავალი გზა გადაუკეტავთ და არც სხვა რაიმე დაურღვევიათ. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ პოლიციამ უფლება არ მისცა მომიტინგეებს, იგივე ადგილას გაემართათ აქცია მეორე დღეს, შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს.

საიას წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ მიმოიხილა სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და ძალადობის პროპაგანდის სხვადასხვა მაგალითები. მისი შეფასებით, „გლობალური სოციალური ქსელების წინაღმდეგ სამართლებრივი პროცედურების არარსებობა სულაც არ გულისხმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს სათანადო ზომები თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების მიმართ გლობალურ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებისთვის“.

ამავე დროს, გიორგი გოცირიძე სოციალურ ქსელებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ყველაზე საშიშ რეგულაციად მიიჩნევს 2010 წელს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში შესულ ცვლილებას -  ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს - რომელიც მოიცავს გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვებასა და მათში მონაწილეობას; ასევე - სასამართლოს ნებართვის გარეშე ისეთი კომპიუტერული მონაცემის მიღებას, როგორიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.

„ცხადია, როცა სოციალურ ქსელებში ღია დისკუსია მიმდინარეობს, სრულიად კანონზომიერია, თუკი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ოპერატიული სამსახურის თანამშრომელი თვალყურს ადევნევს და თავადაც მიიღევს მონაწილეობას ამგვარ დისკუსიაში. თუმცა, როცა ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს თანამშრომელი აღწევს სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში ადმინისტრატორისა და ჯგუფში გაწევრიანებული ადამიანების თანხმობის გარეშე, ახდენს იქ მიმდინარე საუბრებზე დაკვირვებას და მონაწილეობს მასში სასამართლოს თანხმობის გარეშე, ეს ქმედება უკვე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას. საია გეგმავს აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას“, - აცხადებს გიორგი გოცირიძე.

მრგვალ მაგიდაზე ასევე განიხილეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკული მაგალითები. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა თამარ გაბისონიამ დამსწრეებს გააცნო თბილისის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ მანდატურის განცხადების საფუძველზე პედაგოგ ლალი კიკნაძის სამსახურიდან გათავისუფლების საქმის დეტალები (ვრცლად: http://www.article42.ge/index.php?action=news_item&news_id=37&lang=geo ).

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ცაგარეიშვილმა ისაუბრა  პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) მონაწილის  ნიკოლ ბეტფორდის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარების გამო (ვრცლად: http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=13146&lang=geo)

ახალი ამბები