კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღი - წართმეულ საკუთრებათა ქალაქი

7 აპრილი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ტურისტულმა კომპანია შპს „ენ ჯი სი ტურმა“ სიღნაღში, კულტურისა და დასვენების პარკის გამოუყენებელი ადმინისტრაციული შენობა 2005 წელს იყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულებით, ტურისტულმა კომპანიამ კულტურისა და დასვენების პარკის აღდგენა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ფილიალის გახსნის ვალდებულება აიღო. „ენ ჯი სი ტურმა“ ვალდებულება შეასრულა, რაც ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა კიდეც. თუმცა ამის შემდეგ კომპანიას ქონება წაართვეს.

„ენ ჯი სი ტურის“ საქმე

სიღნაღის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილებამ, სიღნაღის რაიონის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის ბალანსზე რიცხული ყოფილი კულტურისა და დასვენების პარკის გამოუყენებელი, ამორტიზირებული ადმინისტრაციული შენობა 1750 აშშ დოლარად 2005 წლის 20 სექტემბერს გაყიდა. კონკურსში გამარჯვებულად შპს „ენ ჯი სი ტური“ გამოცხადდა. კომპანიის სახელით კონკურსში, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, შპს „ენ ჯი სი ტურის“ დირექტორის თამარ კასრაძის ნდობით აღჭურვილი პირი გიორგი ჩირინაშვილი მონაწილეობდა. გიორგი ჩირინაშვილის ქალიშვილი მუშაობდა და მუშაობს აღნიშნულ ტურისტულ კომპანიაში.

მყიდველსა და გამყიდველს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2005 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა. კონკურსის პირობები ხელშეკრულების მე-2 მუხლშია განმარტებული. „მყიდველი ვალდებულია: სრულად შეასრულოს საკონკურსო პირობები, კერძოდ: გამოსასყიდი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში; საბავშვო ატრაქციონების მოწყობა და დადგმა, საზაფხულო ღია სცენის მოწყობა ექვსი თვის ვადაში; პარკის პირვანდელი სახის აღდგენა; შენობის ადგილზე რამდენიმე სართულიანი შენობის აშენება, რომლის პირველ სართულზე ადრინდელივით ბილიარდის, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდების და სხვა გასართობი საშუალებების განლაგება, ხოლო დანარჩენ სართულებზე ტურიზმის განვითარების მიზნით, ფირმის ფილიალის განთავსება, რომელიც რაიონულ ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მისცემს. ქონებაზე საკუთრების უფლება „მყიდველს“ გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის და ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ“.

ხელშეკრულებას აქვს განსაკუთრებული პირობებიც: დაუშვებელია ქონების ნაწილობრივი გამოსყიდვა; ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველს გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება გაყიდოს, გაცვალოს, გააქირაოს, იჯარით გასცეს, გირაოში ჩადოს ან სხვაგვარად დატვირთოს ქონება. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დრო, ანუ როდემდეა კონტრაქტი ძალაში.  ხელშეკრულების მე-4 მუხლი კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში ითვალისწინებს სანქციებს.

2005 წლის 16 ნოემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სიღნაღის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების უფროსმა ლია ზურაშვილმა შპს „ენ ჯი სი ტურის“ სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გასცა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ქონება შპს „ენ ჯი სი ტურის“ სახელზე საკუთრებად 2005 წლის 2 დეკემბერს დარეგისტრირდა, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებით იმას ნიშნავს, რომ მყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა.

 „ქონების დათმობა ლევან ბეჟაშვილმა მომთხოვა“

გიორგი ჩირინაშვილი, შპს „ენ ჯი სი ტურის“ წარმომადგენელი: „ყველაფერი თითქმის მზად იყო. სამუშაოების ნაწილი დამთავრებული გვქონდა. პარკი უკვე რეაბილიტირებული იყო, ბილიკები მოწყობილი გვქონდა და ხალხი ისვენებდა. შენიშვნაც არ მიგვიღია, რადგან პარკის აღდგენას ვაგრძელებდით. 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სიღნაღის რეაბილიტაცია დაიწყო, რის შემდეგაც საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა“.

გიორგი ჩირინაშვილის თქმით, შენობის დათმობა მას ლევან ბეჟაშვილმა მოსთხოვა, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. „რამდენჯერმე პარლამენტში შევხვდით. ჯერ უარი ვუთხარი, მაგრამ იყო დაპირებაც და მუქარაც. იმ პერიოდში ჩემი ბიჭი დაპატიმრებული იყო და ციხეში იმყოფებოდა. მუქარა მისი მისამართითაც განხორციელდა. დამემუქრნენ, რომ პრობლემები არა მარტო მე შემექმნებოდა ბიზნეს საქმიანობაში, არამედ - ჩემს შვილსაც. თუ გადავცემდი შენობას, ბეჟაშვილი დამპირდა, რომ პატიმრობიდან შვილის გათავისუფლებაში დამეხმარებოდა. იძულებული გავხდი, ქონება დამეთმო. შენობა და მისი წილი მიწის ნაკვეთი ვიღაც თავაძეზე გაფორმდა“, - აღნიშავს ჩირინაშვილი.

2007 წლის 24 თებერვალს შპს „ენ ჯი სი ტურის“ დირექტორს თამარ კასრაძესა და მოქალაქე არმაზ თავაძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ენ ჯი სი ტურმა“ სიღნაღში მდებარე ქონება საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილ უფროსს, არმაზ თავაძეს 15 ათას ლარად მიჰყიდა.

შპს „ენ ჯი სი ტურს“ არმაზ თავაძის სასარგებლოდ ქონების გაყიდვის თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მისცა. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება ქალაქ სიღნაღის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ახსნა, თუმცა პარკის ტერიტორია ამ დრომდე გაპარტახებულია. ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ადგილზე მხოლოდ ახალი სასტუმროა აშენებული. ოფიციალურად, სასტუმრო მოქალაქე არმაზ თავაძეს ეკუთვნის. სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არმაზ თავაძეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 15 ოქტომბრის 124-ე ბრძანებით მიეცა, არადა ამ დროისთვის სასტუმროს მშენებლობა უკვე დამთავრებული იყო.

ამ ფაქტს ადასტურებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე 2010 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაზე თანდართული ფოტოსურათი.

http://www.ick.ge/ka/articles/2809-2010-09-17-10-00-32.html 

სიღნაღის მკვიდრი, ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი ამბობს, რომ არმაზ თავაძის სახელზე რიცხული სასტუმროს მშენებლობას კონტროლის პალატის თავმჯდომარის მამა ჯუმბერ ბეჟაშვილი კურირებს. „მე თვითონ არაერთხელ გავხდი თვითმხილვლელი, რომ სამშენებლო სამუშაოებს ლევან ბეჟაშვილის მამა ჯუმბერ ბეჟაშვილი ზედამხედველობდა. თვითონ ლევან ბეჟაშვილიც ჩამოდის ხოლმე და ათვალიერებს“, - აღნიშნავს თენგიზ ბეჟაშვილი.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში არმაზ თავაძეს მისამართად ქალაქი თბილისი, იმერეთის ქუჩა, I შესახვევი, N5 აქვს მითითებული. არმაზ თავაძე ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი უფროსი, რადიო „კომერსანტის“ დამფუძნებელი და სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ გენერალური დირექტორია. ჩვენ მას საცხოვრებელ სახლშიც მივაკითხეთ და სამსახურშიც არაერთხელ დავურეკეთ, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ლევან ბეჟაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი 2004 - 2008 წლებში იყო. იმავდროულად ბეჟაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2008 წლის თებერვალში ის საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა კახეთის მხარეში. გიორგი ჩირინაშვილის თქმით, ბეჟაშვილს ის გუბერნატორად მუშაობის დროს კიდევ ერთხელ შეხვდა და პირობის შესრულება, შვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად დახმარება სთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ლევან ბეჟაშვილმა კახეთის გუბერნატორად 2008 წლის ივლისამდე იმუშავა. 2008 წლის 15 ივლისიდან კი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეა.

ამ საკითხზე სასაუბროდ ჩვენ ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი დაგვპირდა, რომ ლევან ბეჟაშვილს გადასცემდა, რა თემაზეც გვინდოდა მასთან შეხვედრა. მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით გიორგი ბოტკოველს. მან გვითხრა, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ჩვენთან შეხვედრაზე და გასაუბრებაზეც უარი თქვა.

სალივან ქიარა როზმარის საქმე

ვანო ცაბუტაშვილმა და ირაკლი ღვინეფაძემ სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი არქივის შენობა 2007 წლის აპრილში, აუქციონის შედეგად იყიდეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „მყიდველი“ ვალდებული იყო აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა; შენობაში მოეწყო ლუდის ბარი; მოეპირკეთებინა ფასადი და განეხორციელებინა 100 000 ლარის ინვესტიცია.

2007 წლის მაისში ეკონიმიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს, შესრულებული იყო თუ არა „მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შემოწმების შემდეგ, მათ შეადგინეს დათვალიერების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპირკეთებულია შენობის ფასადი და მუშაობს ლუდის ბარი. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100 000 ლარის ინვესტიცია დროულად განხორციელდა და საპრივატიზაციო თანხაც დაფარულია. 2007 წლის 28 მაისს გოჩა ღვინეფაძესა და ვანო ცაბუტაშვილის სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა.

საკუთრების უფლების აღიარების შემდეგ ღვინეფაძემ და ცაბუტაშვილმა საერთო ქონების გაყოფა მოახდინეს. პირველი სართული ღვინეფაძის, მეორე კი  -ცაბუტაშვილის მფლობელობაში გადავიდა. 2008 წელს ვანო ცაბუტაშვილმა თავისი კუთვნილი ქონება ძმის ცოლს, ირლანდიისა და საქართველოს მოქალაქეს - სალივან ქიარა როზმარის მიჰყიდა.

2010 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ვანო ცაბუტაშვილს, გოჩა ღვინეფაძესა და ეკონომიკის სამინიტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოტივად, ვანო ცაბუტაშვილის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევაა მითითებული, ოღონდ რომელი პირობა დაირღვა, მითითებული არარის.

16 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება - ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. სამინისტრომ კახეთის სამხარეო სამმართველოს ქონების ჩამორთმევისა და კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს მოსთხოვა, სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი არქივის შენობა სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა. საჯარო რეესტრის სააგენტომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

სალივან ქიარა როზმარის ადვოკატი მალხაზ პატარაია განმარტავს, რომ ვანო ცაბუტაშვილის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვალდებული იყო ხელშეკრულების მოშლამდე მყიდველისთვის დარღვევის შესახებ წერილობით ეცნობებინა.

„სამინისტრო ვალდებული იყო, მყიდველები წერილობით გაეფრთხილებინა და მიეთითებინა დარღვევის გამოსწორების ვადა, ასევე - პირგასამტეხლოს ოდენობა. ამგვარი შინაარსის წერილის გაგზავნას სამინისტროს ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ავალდებულებდა“, - ამბობს ადვოკატი. მისივე თქმით, სალივან ქიარა როზმარის და ირაკლი ღვინეფაძეს ქონება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების და ახსნა - განმარტების გარეშე ჩამოართვეს.

მალხაზ პატარაია, ადვოკატი: „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქისთვის ქონების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს განსაკუთრებულად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. სხვა შემთხვევაში, ქონების ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ საქმეში ქონების ჩამორთმევის „განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროება“ არ არის და არც სასამართლოსთვის მიუმართავთ“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

დაზარალებული სალივან ქიარა როზმარი საკუთრების დაბრუნებას და მატერიალურ კომპენსაციას ითხოვს. მან პირველ ინსტანციაში პროცესი მოიგო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა. საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია სტუდია „მონიტორის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით

ახალი ამბები