კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავთანდილ დემეტრაშვილი: „რატომ გგონიათ, რომ მიშა გახდება პრემიერ-მინისტრი?“

7 აპრილი, 2011

ნათია ზოიძე, გაზეთი "ბათუმელები"

რვა ოთახი და კონსტიტუციონალიზმის ისტორიის დარბაზი. 25 თანამშრომლიდან მხოლოდ სამია ადგილობრივი. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი ბათუმში ფუნქციონირებს. ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილია. მან საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა უკვე დაასრულა და ერთ თვეზე მეტია, რაც ახალი სამსახური და სტატუსი აქვს.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი 800 ათასი ლარით ბიუჯეტიდან ფინანსდება. ცენტრს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: საგანმანათლებლო, კვლევისა და საჯარო.

დემეტრაშვილის ხელფასი 3000 ლარია, ცენტრის დეპარტამენტების ხელმძღვანელები 1685 ლარს იღებენ.

დემეტრაშვილი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის #16-18-ში, 130 კვ.მ ფართობის ბინაში იცხოვრებს. ამბობს, რომ ბინა 25 ათას ლარად, პირდაპირი მიყიდვის წესით, შეიძინა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე (#261 ,29;12 2010). ბინასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას კაბინეტის სეიფში ინახავს. ქვითარი, რომელსაც გვაჩვენებს, გვამცნობს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 10 000 ლარი აქვს გადახდილი. ამბობს, რომ დანარჩენს შემდეგ გადაიხდის.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ბინაში ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დემეტრაშვილის  მომავალმა მეზობლებმა იციან, რომ ბინაში, რომელიც  დავით ბაკურიძეს (შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ასლან აბაშიძის დროს) ჩამოართვეს,  კონსტიტუციონალისტი გადმოდის. ამ სახლში ბაკურიძის კიდევ ერთი ბინა ბათუმის საპყრობილეს უფროსს გადასცეს.

15 მარტს ავთანდილ დემეტრაშვილი თავის გუნდთან ერთად „პრესკაფეში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა. ჩვენი ინტერვიუს ნაწილი „პრესკაფეში“, ნაწილი კი მის კაბინეტში შედგა. ერთსაათიანი საუბრის დროს დემეტრაშვილმა პრეზიდენტი რამდენჯერმე ახსენა. იგი მას ფამილარულად, "მიშად" მოიხსენიებს.

-ბატონო ავთანდილ, საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის დასრულების შემდეგ რამდენად კომფორტულია ბათუმში ცხოვრება?

ბათუმი მთავარი ქალაქი ხდება, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ მე უკვე ჩემი საქმე მაქვს, მომავალი წლიდან უნივერსიტეტში აღარ ვიქნები, ემერიტუსის სტატუსი  მექნება, ამიტომ რაღაც საქმე ხომ მინდოდა? ამ ცენტრის ხელმძღვანელობა დიდ საქმედ მიმაჩნია.

„-პრესკაფეში“ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ საერთაშორისო დონორებისგან ვერ მოიპოვეთ ამ ცენტრისთვის დაფინანსება. თქვენ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავით, როცა 1995 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო. მას შემდეგ მალევე გახდით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ახლო წარსულში ხელმძღვანელობდით საკონსტიტუციო კომისიას და ახლა ხელისუფლება ბიუჯეტიდან აფინანსებს კვლევების ცენტრის მუშაობას. ანუ კონსტიტუციის რედაქციებზე მუშაობის შემდეგ ხელისუფლება ერთგვარ ვალდებულებას იღებს თქვენ წინაშე. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ ფაქტებმა თქვენი პიროვნების მიმართ დონორებს ეჭვი გაუჩინა?

- კი,  ევროკავშირმა და „სოროსმა“ უნდობლობა გამოგვიცხადეს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციას. არ ვიცი, შეიძლება არ მაკადრეს და არ მითხრეს - იცი რა, ავთო, შენ  მიშას მოსყიდული და მიშას მსახური ხარო, შეიძლება ამასაც გულისხმობდნენ, მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ ჯერ გვიყურებენ, რისი გამკეთებლები ვართ, შემდეგ დაგვაფინანსებენ. სხვა ფონდები უარს არ გვეუბნებიან, სიამოვნებით თანამშრომლობენ. ჩვენთან ფონდები, ძირითადად,  ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებით არიან დაკავებულნი. მესმის დონორების პოზიცია, პოლიტიკური ბალანსისთვის ეს აუცილებელია.

ოპოზიციას რომ აფინანსებენ, ეს კარგია, თუ –ცუდი?

– კარგია, ცუდი ისაა, რომ მე არ დამაფინანსეს, თორემ ძლიერი ოპოზიცია საჭიროა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ  არ გვყავს.

როგორ ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, რა მიზნები გაქვთ და იქნებ გვითხრათ, რატომ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან ეს ორგანიზაცია, ან დონორებმა რატომ უნდა მოგცეთ ფული?

– იდეა დაწესებულების არსებობისა, რომელიც კონსტიტუციონალიზმის პოპულარიზაციას  ხელს შეუწყობდა, ჯერ კიდევ 1999 წელს გაჩნდა. წინადადება მთავრობასაც გავუგზავნე, მიშასაც ვთხოვე, ის მაშინ პარლამენტის წევრი თუ იუსტიციის მინისტრი იყო, არ მახსოვს ზუსტად. მიშამ მაშინ მითხრა, რომ ეს არ იქნებოდა სამთავრობო სტრუქტურა, შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციაო და მაშინ შეიქმნა კონსტიტუციური კვლევების  სტრატეგიული ცენტრი. USAID-მა დააფინანსა ორი სახელმძღვანელო და კონფერენციაც ჩავატარეთ. შემდეგ ძალიან დაკავებული ვიყავი და ეს ცენტრი გაუქმდა.

ბოლო ხანს ბათუმში გამართულ ერთ-ერთ საოპერო კონცერტზე მეც ვიყავი მოწვეული, კონცერტის შემდეგ მიშას ამ იდეის შესახებ ვესაუბრე, აზრი ვკითხე. მან მიპასუხა, რომ კარგი იქნება, თუ  ეს ცენტრი გახდება რეგიონალური მნიშვნელობის და იქნება ბათუმშიო, მეც დავთანხმდი.

როგორც თქვენ მოიხსენიებთ - მიშამ, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, გირჩიათ, რომ ეს ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია, ახლა გითხრათ, კარგი იქნება, თუ ცენტრი კავკასიის რეგიონის მნიშვნელობის იქნება. რატომ? რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ცენტრს პრეზიდენტის ინიციატივასთან ერთიანი კავკასიის შესახებ?

– საერთო აქვს, მაგრამ ჩვენ არ გაგვაჩნია ფუნქცია, რომ რაღაც სახელმწიფოებრივი გაერთიანების შექმნას შევუწყოთ ხელი, თუმცა დაახლოებას და იდეის დონეზე გახმოვანებას ხელს შევუწყობთ. ამ ეტაპზე აზერბაიჯანი არ  არის თანახმა, ამ ცენტრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს, ანუ გაწევრიანდეს თურქეთთან და სომხეთთან ერთად და ეს ცენტრი გახდეს საერთაშორისო.

- ახლახანს დაასრულა მუშაობა საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიამ. ახალი რედაქციის ცვლილებების ნაწილი უკვე ძალაში შევიდა. თქვენ, როგორც ამ კომისიის ხელმძღვანელი, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ რედაქციის სრულად ძალაში შესვლის შემდეგ კონსტიტუციაში სერიოზული ცვლილებები აღარ შევა, თუნდაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში?

- თქვენ არასასურველი პერსპექტივა დახატეთ. კონსტიტუციის ხშირი ცვლილება არ არის სასურველი, მაგრამ ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, ხუთჯერ ჩატარდა კონსტიტუციური რეფორმა. სხვა ქვეყნების გამოცდილება შეიძლება მაგალითად გამოიყენო, მაგრამ არა _ გამართლებად. ვფიქრობ, რაღაც ცვლილებები მაინც შევა, რაც ვერ მოხერხდა 2004 და 2010 წლებში, უფლებების ნაწილსა და ტერიტორიული მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით.

- არსებობს მოსაზრება, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოქმედი ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებაზეა მორგებული...

- მიხარია, რომ  საქართველოში არის პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეიძლება საფუძვლად დაედოს  ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას, ვინაიდან ახალი რედაქცია პირდაპირ ამომრჩეველზეა მორგებული, პრეზიდენტზე აღარაფერია დამოკიდებული. მოიპოვებ უმრავლესობას, მოიპოვებ უფლებას ვიღაცასთან იყო კოალიციაში _ უკვე მთავრობაში ხარ.

უნდა გასწორდეს კონსტიტუციის 81-ე მუხლი, რადგან გაწელილია უნდობლობის ვადა სამ თვეზე, ამ ხნის განმავლობაში კი მთავრობას დიდი დრო აქვს, მოლაპარაკებები აწარმოოს, თანამდებობები შესთავაზოს, შემდეგ კი შეუძლებელი გახდება რეალური უნდობლობის გამოცხადება.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი ძლიერი დავტოვე, ზოგიერთს კი მიაჩნდა, რომ  პრეზიდენტის ინსტიტუტი სუსტია. ორი პარტიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ პირს, რომელიც ორჯერ იყო არჩეული პრეზიდენტად, აეკრძალოს პრემიერობა. ეს ადამიანის უფლების შეზღუდვაა და  ყველა კონსტიტუციონალისტი იტყვის ამას,  ლევან იზორიას გარდა. სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელი იქნება "ნაციონალური მოძრაობა"  ისევ კვალიფიციური უმრავლესობით გავიდეს პარლამენტში, თუ არ გავა, რატომ გგონიათ, რომ მიშა გახდება პრემიერ-მინისტრი?

წყარო: www.netgazeti.ge 

ახალი ამბები