კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

77 წლის „სტუდენტის“ საქმეს სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს

7 აპრილი, 2011

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა 77 წლის ნათელა ჯაჭვაძემ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ სტუდენტია და თან სატყეო სააგენტოში იურისტად მუშაობს. ამის გამო, მას სოციალური დახმარება შეუწყდა. ნათელა ჯაჭვაძე 7 თვის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში დახმარების აღდგენას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

„სოციალური მომსახურების სააგენტოში მითხრეს, თბილისიდან სია მივიღეთ, სადაც წერია, რომ მეოთხე კურსის სტუდენტი ხარ და თან სატყეო სამსახურში იურისტ-კონსულად მუშაობო. მას შემდეგ ვდაობ, მაგრამ დახმარება აღარ მაღირსეს. რამდენიმე თვეა დავდივარ ვეჯინიდან გურჯაანში, გურჯაანიდან თელავში, თელავიდან ისევ გურჯაანში. ისე დავიღალე, რომ ბევრჯერ ვიფიქრე თავი დავანებო მეთქი“, - აღნიშნავს ნათელა ჯაჭვაძე. მოხუცმა დახმარებისთვის „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ლია სიბაშვილის თქმით, სააგენტოს რაიონული განყოფილებები ცენტრალური ოფისიდან პერიოდულად იღებენ დასაქმებულთა სიებს, სადაც სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების წევრთა ვინაობა და დამსაქმებელი ორგანიზაციების მონაცემებია მითითებული. „ერთ - ერთ ასეთ სიაში აღმოჩნდა ნათელა ჯაჭვაძეც. დოკუმენტში მითითებულია, რომ ის სატყეო სააგენტოში მუშაობს. სტუდენტზე ვერაფერს გეტყვით“ - განაცხადა ლია სიბაშვილმა.

„ნათელა ჯაჭვაძის განცხადების საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოდან დოკუმენტები გამოვითხოვეთ, რომელშიც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი, გადაწყვეტილების ნომერი, გადაწყვეტილების მიმღები პირის ვინაობა ან შეწყვეტის შესახებ ოფიციალური ბრძანება საერთოდ არ არის მოცემული. კანონით, შესაბამისი რეკვიზიტების მითითება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აუცილებელია“ - განაცხადა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა. მისი თქმით, ორგანიზაცია ადვოკატირებას გაუწევს ნათელა ჯაჭვაძეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 7 თვის დახმარების თანხის კომპენსირებას სთხოვს და თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.

ამ საქმით „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დაინტერესების შედეგად, ნათელა ჯაჭვაძის ოჯახი სოციალურმა აგენტმა 2 დღეში ისევ გადაამოწმა. ნათელა ჯაჭვაძესთან ერთად ოჯახში, უმუშევარი შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი ცხოვრობენ. ნათელა ჯაჭვაძის საქმეს ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს და პასუხი აპრილის ბოლოსთვის გაირკვევა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები