კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ვერდიქტს მშვიდად შეხვდა

28 აპრილი, 2011

ალეკო ცქიტიშვილი

26 აპრილს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ერთდროულად გაავრცელა ინფორმაცია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ევროსასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკოვენცია, რაც ხელისუფლებისთვის სერიოზული დარტყმაა მისთვის მეტად მტკივნეულ საქმეზე.

მედიამ ასევე გაავრცელა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმული პირველი შეფასებები და ასევე - ინფორმაცია, რომ სანდრო გირგვლიანის ოჯახმა შესაძლოა, ამ საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვოს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნები, ფაქტობრივად, სრულად დააკმაყოფილა: „ჩვენ სამართალი მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოში ვიპოვეთ. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქმე არაეფექტურად იყო გამოძიებული. ამიტომ, შესაძლოა, ჩვენ მისი ხელახალი გამოძიება მოვითხოვოთ. სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილნი ვართ“.

მისივე თქმით, მოპასუხე მხარისთვის 50 000 ევროს დაკისრება ოჯახისთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა.

ქართულად თარგმნილი ფრაგმენტები

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაცნობა სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. გადაწყვეტილების სრული ქართული ვერსია ჯერჯერობით არ არსებობს. ქართულად თარგმნილი რამდენიმე ნაწყვეტი პირველად საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროს გამოხმაურებიდან გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიცია და გირგვლიანის ოჯახი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სხვადასხვანაირად აღიქვამს.

რესპუბლიკური პარტიის შეფასებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადასტურებული პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რასაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებდა ამ საქმესთან დაკავშირებით:

„მოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას აშკარად აკლდა სათანადო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ყურადღება.

საქმის შესაბამისი გარემოებები უფლებას აძლევს სასამართლოს გააკეთოს დასკვნა, რომ გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ამ პრინციპების საწინააღმდეგოდ. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის საქმიანობის ნაკლოვანება ცალკე აღებული შესაძლოა არ იყოს საკმარისი გამოძიების არა-ადეკვატურობისათვის, მათი ერთობლიობის  კუმულაციური ეფექტი საკმარისზე მეტია ამ შემთხვევაში.

სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით იმისათვის, რომ ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მრთლმსაჯულება არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინსტრაციის მიერ დაკავებული პირების უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ადრეული გათავისუფლება, და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება“. 

სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ ამგვარ საქმეებზე სახელმწიფოს ადექვატური მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღვივებს განცდას, რომ „სახელმწიფო ტოლერანტულია სიცოცხლისათვის საშიში მოქმედებების მიმართ, რამაც შესაძლოა ხელი გაუხსნას ძალადობრივ დანაშაულს, მაგალითად, ისეთს, როგორიც ამ შემთხვევაში იყო ჩადენილი“.

ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა, სამი თვის ვადაში მოსარჩელე გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ გადაიხადოს 50 000 ევრო, აგრეთვე - გაუთვალისწინებელი ხარჯები.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შევიდა. ადვოკატები ითხოვდნენ ევროკონვენციის მუხლებით გათვალისწინებული - სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის უფლების დარღვევად ცნობას და მორალურ კომპენსაციას.

სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა 2006 წლის იანვარში გაიტაცეს, აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გია ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, ავთანდილ აფციაური და მიხეილ ბიბილურიძე. მათ 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2009 წელს პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

ადვოკატების შეფასება

სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს. ევროსასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიება, რომელიც წარიმართა საქართველოს შიდა ინსტანციებში - შსს-ში, პროკურატურასა და სასამართლოში, არ შეესაბამებოდა ევროკონვენციის მეორე მუხლის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მტკიცებულებები წარდგენილი იყო დაგვიანებით, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები - გაყალბებული სახით.

ადვოკატების ცნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სრულად ასახავდა იმ პრეტენზიებს, რომელიც სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ცალკე არ უმსჯელია.

სანდრო გირგვლიანის ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოცემულ საქმეზე როგორც წინასწარი გამოძიება, ასევე სასამართლო განხილვები არასრულად, ცალმხრივად და არაობიექტურად ჩატარდა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ ჩაატაროს დამატებითი გამოძიება იმ პირთა მიმართ, რომლებსაც აცილდათ პასუხისმგებლობა.

„მე მხედველობაში მაქვს იმ ცნობილი სუფრის წევრები, ვისთანაც მოუვიდა გარკვეული კონფლიქტი სანდრო გირგვლიანს და რომელთა მხრიდან იყო გამოძახებული სადამსჯელო ბრიგადა. ეს პირები არიან მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაია, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ვასილ სანოძე, შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გურამ დონაძე, შსს-ს ოფიცერი ოლეგ მელნიკოვი და შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია“, - განაცხადა ადვოკატმა.

შავგულიძის ცნობით, ამ პირთა დანაშაულში თანამონაწილეობის თაობაზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საჭირო გახდება ხელახალი გამოძიების დაწყება შემდგომი სასამართლო განხილვებისთვის.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა შეწყალება და მათ მიმართ ვადამდე პირობით გათავისუფლება სრულიად გაუმართლებელია და კონვენციის დარღვევაა, რის გამოც, უნდა გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება და კონკრეტულ ოთხ მსჯავრდებულს უნდა დაეკისროთ სასჯელის ბოლომდე მოხდა.

„ჩვენთვის მთავარი იყო სწორედ ის, რომ პასუხისმგებლობა არ აცილებოდა არც ერთ ადამიანს, რომელსაც მიუძღვოდა წვლილი ამ საზარელი დანაშაულის ჩადენაში“, - განაცხადა შავგულიძემ.

„საქართველოს სახელმწიფომ გირგვლიანის ოჯახთან სასამართლო დავა წააგო“, - ასე შეაფასა ევროსასამართლოს ვერდიქტი გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა რადიო „პალიტრის“ ეთერში. მისი განმარტებით, როდესაც ევროპული სასამართლო ევროკონვენციის დარღვევას დაადასტურებს, ეს წაგებაა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ვერ დააკისრებს, რადგან ამ შემთხვევაში სპეცოპერაციას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ აღნიშნა, რომ დანაშაული მოჰყვა კერძო წვეულებას, რის გამოც სასამართლომ საკმარისად ვერ მიიჩნია გარემოებები, რათა სახელმწიფოს დაკისრებოდა პასუხისმგებლობა პოლიციის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.

„სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა იმ საკითხთან მიმართებაში, რომ საქართველომ ევროპულ სასამართლოს არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მტკიცებულებები არ წარუდგინა“, - განაცხადა ჯანდიერმა.

მისივე თქმით, მხარეებს შეუძლიათ, აღნიშნული გადაწყვეტილება სამთვიან ვადაში სასამართლოს ევროსასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრონ. ხოლო თუ სამი თვის განმავლობაში გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, ჯანდიერის განმარტებით, იგი აღსასრულებლად მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა.

ოპოზიციის შეფასება

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულმა დასკვნებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყველა შტო – შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, სასამართლო და თავად საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა შეთანხმებულად, რათა ხელი შეეშალათ ამ საზარელი მკვლელობის საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლის აღსრულებისთვის.

„სააკაშვილის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აყალბებდნენ დაკითხვის ოქმებს და ამახინჯებდენ ფაქტებს; მალავდნენ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს“, - აღნიშნა ალასანიამ. მისივე შეფასებით, სააკაშვილის მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გამაოგნებელი უწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დამნაშვეების შეწყალებას და ვადაზე ადრე განთავისუფლებას.

„სტრასბურგმა სააკაშვილის რეჟიმს განაჩენი გამოუტანა. მე ვაფრთხილებ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გაექცევა სამართალს და ყველას მოუწევს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

„იმედი მაქვს, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებას საკუთარ გამარჯვებად არ მიჰყიდის“, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, თინა ხიდაშელმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხიდაშელმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაბუთების ნაწილი, სადაც განმარტებულია მიზეზები, თუ რატომ გამოიტანა სახელმწიფოს საწინააღმდეგო და გირგვლიანის სასარგებლო გადაწყვეტილება სასამართლომ.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი ჩემთვის არის გადაწყვეტილების ის მუხლი, სადაც საუბარია, რომ მთელი სახელმწიფო, თავისი სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებით ამ მოძალადეების სამსახურში ჩადგა და ყველანაირად ცდილობდა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ამას სასამართლო პირდაპირ, შავით თეთრზე წერს“, - აცხადებს ხიდაშელი.

რაც შეეხება საქმის ხელახალ გამოძიებას, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება შესაძლებელია. თუმცა ეს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

„სტრასბურგის სასამართლო საქმის ხელახალ გამოძიებას ვერ ითხოვს, რადგან ეს არ შედის მის მანდატში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება გამტყუნდა სწორედ საგამოძიებო მოქმედებების დროს ჩადენილი დანაშაულების გამო. ანუ სასამართლო არ იყო სამართლიანი, გამოძიება არ იყო მიუკერძოებელი. ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს. რამდენად გააკეთებენ ამას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ძნელი სათქმელია. იმედს ვიტოვებ, ამჯერად მაინც ხელისუფლება არ დაამახინჯებს ამ გადაწყვეტილებას და არ მიჰყიდის მას საზოგადოებას თავისი პრობაგანდისტული არხებით, როგორც უპრეცედენტო გამარჯვებას მათი მხრიდან, ეტყვის სიმართლეს საზოგადოებას და დაფიქრდება ამ გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზებზე“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხელისუფლების პოზიცია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა მოსალოდნელი თავშეკავებით შეხვდა. „ნაციონალმა“ დეპუტატებმა ჟურნალისტები თავიდან მარტივი პასუხით მოიცილეს - ჯერ გადაწყვეტილებას არ გავცნობივართ და კომენტარს ვერ გავაკეთებთო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლებიდან იუსტიციის სამინისტრო  გამოეხმაურა. სამინისტროს კომენტარიდან ჩანს, რომ ხელისუფლება ევროსასამართლოს ვერდიქტს მთლად გამარჯვებად არა, მაგრამ არც დამარცხებად არ აღიქვამს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მოსარჩელეები ევროპული სასამართლოს წინაშე ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას (სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება).
 
იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ განმცხადებელთა მოთხოვნის მიუხედავად, ევროპულმა სასამართლომ კონვენციის სამი მუხლის დარღვევა უარყო.

„სასამართლო აცხადებს, რომ სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი განმცხადებელთა შვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე; სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა ევროსასამართლომ ასევე არ დაადგინა; ასევე არ დაადასტურა, რომ განმცხადებლები წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. მხარეთა მიერ წარდგენილი არგუმენტების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების განხილვის შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმოებულ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, იმის მიუხედავად, რომ განმცხადებლები მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 300 000 ევროს ითხოვდნენ, ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანის ნაწილში მათ 50 000 ევრო მიაკუთვნა.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დიდად არ შეუშფოთებია, ან ამ შეშფოთებას მალავს და ჩვეული ცივსისხლიანობით აგრძელებს ამ საქმის გამოძიებაში არსებულ ხარვეზებზე თვალის დახუჭვას. საზოგადოებას კი, ვიდრე დოკუმენტის სრულყოფილი ქართული თარგმანი გამოქვეყნდება, ანალიტიკური უნარის მოხმობა სჭირდება, რათა გააანალიზოს, რა განაჩენი გამოუტანა ევროსასამართლომ ხელისუფლებას. 

ახალი ამბები