კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხელები შორს ბათუმის ბულვარისაგან!“ - მოითხოვენ მოქალაქეები

28 აპრილი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

„ჩემი სახელი და გვარი ბათუმია“, „ნუ გავჩეხავთ ბათუმის გულს“, „გადავარჩინოთ ბულვარი“, - ამ შინაარსის პლაკატების გამოფენა ბათუმის ბულვარის შესასვლელში აქტიურ მოქალაქეებს უკვე რამდენჯერმე მოუწიათ. ისინი ბათუმის ბულვარში ასწლოვანი ხეების გაჩეხვას და 35-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ.

აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე კი აცხადებს, რომ მხოლოდ ორი ამორტიზირებული ხე მოიჭრა. ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე ადამიანის უფლებათა ცენტრს იმ დასკვნის გაცნობას დაპირდა, რომელიც გადაჩეხილი ხეების ამორტიზებას ამტკიცებს. თუმცა, სამი დღეა, დასკვნას უშედეგოდ ველოდებით.

ლითონის ღობით შემოსაზღვრული 4 500 კვ. მეტრის სამშენებლო ფართს სამართალდამცავები მთელ პერიმეტრზე იცავენ იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ და ხეების დაცვას ცდილობენ.

ნინო თურმანიძე: „აღმაშფოთებელი ფაქტია! ასეთი ხეები რატომ უნდა გაიჩეხოს?! თითოეული ხე ხომ სიცოცხლის ნიშანია, ბულვარი კი ადგილობრივებისთვისაც და სტუმრებისთვისაც დასასვენებელი ადგილია. აქ სიმწვანე უნდა იყოს და არა 35- სართულიანი შენობა“.

ლამარა გორგილაძე: „ბულვარი ხელისუფლებისა არ არის. ის ჩვენ - ხალხს გვეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვკითხონ, გვსურს თუ არა ასეთი ხეების გაჩეხვა და უზარმაზარი შენობა ასეთ ადგილას“.

მოქალაქე ლელა აბესაძემ კი, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, აჭარის მთავრობის რეზიდენციასთან შავი ხელთათმანებით გაფორმებული ვარდი დაფურჩქნა: „ეს ვარდი იმიტომ მოვიტანე, რომ ასე უნდა გავანადგურო ლევან ვარშალომიძის რეზიდენციასთან. ეს ხელისუფლება იმ სიმწვანეს გვინადგურებს, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.

ბულვარის შესასვლელში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისა და მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვის პროცესის შესაჩერებლად აქცია ხელმოწერების შეგროვებით დაიწყო. ხელმოწერილი დოკუმენტი ადრესატებს: მიხეილ სააკაშვილს, ლევან ვარშალომიძეს და ნიკა ვაჩეიშვილს გადაეგზავნება.

მიმართვაში აღნიშნულია: „ჩვენ ბათუმის სამოქალაქო საზოგადოება წინააღმდეგი ვართ ბულვარის ძველ, ისტორიულ ტერიტორიაზე აშენდეს მრავალსართულიანი სახლი, სასტუმრო, „ბიზნესთაუერი“ თუ სხვა ტიპის ნაგებობა, რაც ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას ზიანს მიაყენებს. გთხოვთ, აღკვეთოთ მშენებლობა ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. დაიცვათ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა და ქვეყნის ინტერესები“.

შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სამშენებლო დაფა მხოლოდ 26 აპრილს გაჩნდა. მანამდე კი ტერიტორია შემოსაზღვრული იყო და სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარეობდა. საინფორმაციო დაფის თანახმად, 35-სართულიან 170 მეტრის სიმაღლის შენობას ბათუმის ბულვარში შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ აშენებს. შენობის დანიშნულებად მითითებულია: „მრავალფუნქციური, საოფისე, მაღლივი“. სამშენებლო ფართის სრული ოდენობა კი 21 100 კვ.მეტრია.

იურისტი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება კანონონდარღვევით მოქმედებს: „სამწუხაროდ აჭარის ეკონომიკის სამინისტრო 2011 წლის 15 პრილს უკანონდ მოახდინა საკუთრებაში დარეგისტრირება ბათუმის ბულვარის 4 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის, ხოლო 18 აპრილს საკუთრებაში გადასცეს შპს „საქართველოს რკინიგზას“, ხოლო 19 აპრილს ამ უკანსკნელმა თავის მიერ მიღებული ბრძანებით საკუთრებაში გადასცა „რეირვეი ფროფერთი მენეჯმენტს“, რომელიც გახლავთ შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაფუძნებული“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კომენტარის გაკეთება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს მაშინ სთხოვა, როცა ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია მთავრდებოდა და აჭარის მაღალჩინოსნები ე.წ. ერას მოედანზე სეირნობდნენ. ლევან ვარშალომიძე კომენტარზე უარის თქმას იმ მიზეზით ცდილობდა, რომ ქონება აჭარის მთავრობისა არ არის. თუმცა, კითხვაზე, როგორც რიგითი ბათუმელი ასწლოვანი ხეების განზრახ გაჩეხვაზე, რას ფიქრობდა, განაცხადა: „აქ მხოლოდ ის ორი ხე გაიჩეხა, რომელიც მართლაც ამორტიზებულია. მე ვაცხადებ, რომ სხვა ხე აღარ გაიჩეხება“.

ხოლო, ის რომ გაჩეხილი ხეები ამორტიზებული იყო, ამის მტკიცებას ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე შეეცადა: „არსებობს სპეციალური დასკვნა და შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმის მერიაში. სამწუხაროდ, ბულვარში ბევრი ამორტიზებული ხეა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბულვარში ჩვენ იძულებითი წესით ხის მოჭრა გვიწევს. ბათუმის მერია ყოველთვის ზრუნავს ქალაქის გამწვანებაზე. აღნიშნული ტერიტორია ჩვენ არ გაგვისხვისებია“.

26 აპრილის აქციიდან ერთ საათში, შემოღობილ ტერიტორიაზე ტრაქტორებმა ხეების ამოძირკვა კვლავ განაახლეს. ამ პროცესის ახსნას, ამჯერად, ბათუმის მთავარი არქიტექტორი დავით ზოიძე შეეცადა: „ძალიან ხშირად ხდება ქალაქში ნარგავების ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადატანა და ესეც ბუნებრივი პროცესია. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

ბათუმის ბულვარს ძეგლის სტატუსი საქართველოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ“ 2011 წლის 21 თებერვალს მიანიჭა. ერთი თვის შემდეგ აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ საკუთარ ბალანსზე დაარეგისტრირა და საქართველოს რკინიგზას გადასცა.

იურისტები ამ ქმედებას უკანონოდ აფასებენ. ბულვარში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი ბათუმის მერმაც გააკეთა. რობერტ ჩხაიძე დაჟინებით აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ ამორტიზებული ხეები გაიჩეხა, თუმცა რამდენიმე დღის წინ „მაცნეს“ კამერებმა ახალგაზრდა ხეების ამოთხრის ფაქტები დააფიქსირა. წინასწარი მაჩვენებლებით, ასაგები ობიექტის სიმაღლე 170 მეტრი, ხოლო ხოლო ასაშენებელი ფართი 4 506 კვ.მ იქნება. შენობაში საოფისე ფართები განთავსდება.

დავით რობაქიძე, ლეიბორისტული პარტია: „ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ რადიკალური ზომები გატარებულიყო. ჩვენი მინუსია, რომ ეს ღობე არ დავანგრიეთ, არ დავდგით კარვები და არ ვაიძულეთ ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნების შესრულება“.

დავით ბაციკაძე, კონსერვატიული პარტია: „ბათუმელები გადაწყვეტენ, როგორ ვაიძულებთ ხელისუფლებას, წავიდეს დათმობაზე. ყოველდღე ვაიძულებთ, შეცვალონ თავისი მიზნები“.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: „ბათუმის ბულვარის გაჩეხვა ის საკითხია, რაზეც ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. ამიტომ ამ თაობისა და ისტორიისთვისაც ვსვამ კითხვას: სად არის ის ხალხი, ვინც ჩვენი გადასახადებიდან შეგროვებული ფულით საკმაოდ მაღალ ხელფასებს იღებს?! სულ გვეუბნებიან და მომავალშიც გვეტყვიან, რომ ბევრი რამ გააკეთეს: გზები, კომნუნიკაცია და ა.შ. რაც მთავარია გვეტყვიან, რომ გალამაზდა ბულვარი და ერთ მოჭრილ ხეზე 3 ან 4 დასაქმებული მოდის“.

აქციის პარალელურად, „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“ ბათუმის ბულვარში 35-სართულიანი შენობის აგების ნებართვა აჭარის „კულტურული მეკვიდრეობის დაცვის სააგენტომ“ დღის 13:10 საათზე მისცა. გადაწყვეტილება 9-კაციან საბჭოს უნდა მიეღო, მაგრამ სხდომას 5 დაესწრო.

„საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა ბრძანება, რომლის საფუძველზეც კონკრეტულ კომპანიას მიეცემა მის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების ჩატარების უფლება“, - აცხადებენ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში“.

ბათუმელები, ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საპროტესტო აქციებს ბათუმის ბულვარის შესასვლელში, ყოველდღიურად დღის 4 საათზე აგრძელებენ.

ახალი ამბები