კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკვალოდ გამქრალი 939 700 ლარი

2 მაისი, 2011

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაკლიის მოსახლეობა 20 აპრილს კიდევ ერთხელ დაფიქრდა - ღირდა, თუ არა სახლების აშენება მდინარე მტკვრის მეზობლად. უხვი ნალექების გამო, ადიდებული მტკვარი კალაპოტს გადავიდა და 9 სახლს დატბორვით დაემუქრა. წყალმა რამდენიმე მეტრი საკარმიდანო ნაკვეთი წაიღო.

„სახლებში ვეღარ ვჩერდებით. გვეშინია, წყალმა სახლს საძირკველი არ გამოუთხაროს“, – ჩივიან შეშინებული მოქალაქეები.

Humanrights.ge-ს ჰქონდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ აღთაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაობისთვის მთავრობას 2008 წლიდან ათასობით ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

აღთაკლიის ერთ-ერთი მკვიდრი, დღეს გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ხანახმედ გარიბოვია. იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აღთაკლიაში მტკვართან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად გარემოს დაცვის სამინისტრომ თანხა „წარსულში“ გადმორიცხა.

„კი, თანხა წინა წლებშიც იყო გამოყოფილი. ეს ფული სრულად დაიხარჯა აღთაკლიაში მტკვრის ნაპირზე დამბის მშენებლობლობისთვის“, - ამბობს გარიბოვი, - „სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ამ დამბის გაგრძელება 540 მეტრით. ამით სამუდამოდ მოგვარდება აღთაკლიის პრობლემა. ნაპირსამაგრი სამუშაოს დაწყებას მაისიდან ვგეგმავთ. ჩვენი გუბერნატორის გადაწყვეტილებით, როგორც კი წყლის დონე დაიწევს, ფართომასშტაბიან სამუშაოებს დავიწყებთ. 300 000 ლარი უკვე გამოგვიყო რეგიონული განვითრების სამინისტრომ. ეს თანხაც არაა საკმარისი, მაგრამ როგორც ვიცი, მთავრობა კიდევ დაგვეხმარება. ჩვენ ასევე ვაპირებთ კალაპოტი შეუცვალოთ მდინარე მტკვარს. წყლის დიდი ნაწილი აქამდე აღთაკლიისკენ მოდიდა. ახლა ვმუშაობთ, რომ მტკვარი მეტი დინებით რუსთავისკენ წავიდეს“.

გარემოს დაცვის სამინისტროსგან, აღთაკლიის პრობლემის მოსაგვარებლად მიღებულ თანხებზე, გვესაუბრა ქვემო ქართლის გუბერნატორის პრესსამსახური. ჩვენ რეგიონის გუბერნატორისგან გვაინტერესებდა ყველა იმ თანხის ჩამონათვალი, რაც კი აღთაკლიის პრობლემისთვის 2008 წლის ჩათვლით დაიხარჯა. 

„2008 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ 270 000 ლარი გამოყო აღთაკლიაში დამბის ასაშენებლად. გუბერნატორი უწევდა ზედამხედველობას ამ საკითხს და ჩატარებულ სამუშაოს დადებითად აფასებს. მინდა გითხრათ, რომ ამჯერად წყალდიდობისას პრობლემა დამბასთან არ შექმნილა. მდინარე კალაპოტს სხვა მონაკვეთში გადავიდა, სადაც დამბა არ იყო. ამ 270 000 ლარის გარდა, სხვა არანაირი თანხა არ გადმორიცხულა აღთაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაობისთვის“, – გვითხრა ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ხათუნა მამარდაშვილმა.

მამარდაშვილს ეგონა, რომ humanrights.ge პრობლემად 2008 წელს აშებებულ დამბას მივიჩნევდით. სინამდვილეში ჩვენ სულ სხვა საკითხით დავინტერესდით. კერძოდ - საქართველოს მთავრობის  #73-ე განკარგულებით.

აღნიშნული განკარგულებით, აღთაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაობისთვის მთავრობის სარეზერვი ფონდოდან 2008 წლის 25 თებერვალს, 939 700 ლარი გამოიყო:

„საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მდინარეთა ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ლაგოდეხის, ახმეტის, წალკის, გარდაბნის, ცაგერის, ამბროლაურის, ლენტეხის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ნინოწმინდის, ასპინძის, ქარელის, გორის, მცხეთის, დუშეთისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 3 800 000 (სამი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ლაგოდეხი - 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი (ლაგოდეხის ნაკრძალი, მაწანის ხევი);

ბ) ახმეტა - 138 000 (ას ოცდათვრამეტი ათასი) ლარი (მდ. ილტოს ხეობა);

გ) წალკა - 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი (სოფ. გუმბათი, მდ. გუმბათი);

დ) გარდაბანი - 939 700 (ცხრაას ოცდაცხრამეტი ათას შვიდასი) ლარი (სოფ. აღთაკლია, მდ. მტკვარი);

ე) ცაგერი - 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი (სოფ. ორბელი, მდ. ლაჯანური - 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარი, სოფ. ჩხუტულა, მდ. ცხენისწყალი - 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი;

ვ) ამბროლაური - 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი (სოფ. ჭრებალო, მდ. რიონი - 200 000 (ორასი ათასი) ლარი, სოფ. ხიდიკარი, ბიჭაშვილების უბანი - 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარი, სოფ. ღვიარა, მდ. რიონი - 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი);

ზ) ლენტეხი - 227 000 (ორას ოცდაშვიდი ათასი) ლარი (სოფ. თეკალი, მდ. ცხენის-წყალი);

თ) ოზურგეთი - 300 000 (სამასი ათასი) ლარი (ქ. ოზურგეთი, მდ. აჭისწყალი);
ი) წალენჯიხა - 51 800 (ორმოცდათერთმეტი ათას რვაასი) ლარი (სოფ. ლია, ფახულონის ხიდი);

კ) ნინოწმინდა - 62 000 (სამოცდაორი ათასი) ლარი (ფარავნის ტბა, სოფ. ფოკა);

ლ) ასპინძა - 6 000 (ექვსი ათასი) ლარი (სოფ. ოშორა, ოშორულას ხევი);

მ) ქარელი - 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი (სოფ. ქვენატკოცა, მდ. ფცა);

ნ) გორი - 137 000 (ას ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი (სოფ. თედოწმინდა, მდ. ლიახვი);

ო) მცხეთა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი (სოფ. გალავანი, უსახელო ხევი);

პ) დუშეთი - 91 500 (ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარი (სოფ. მლეთა, მდ. არაგვი - 43 500 (ორმოცდასამი ათას ხუთასი) ლარი, სოფ. შატილი, მდ. არღუნი - 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი);

ჟ) ბაღდათი - 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საირმე, მდ. წაბლარისწყალი)“. 

ეს არის მთავრობის #73-ე განკარგულების ტექსტი. დოკუმენტის ბოლოს წერია, რომ აღნიშნული სამუშაოების ზედამხედველობა, ყველა ჩამოთვლილი რეგიონების პრეზიდენტის რწმუნებულებს ევალება.

ქვემო ქართლის გუბერნატორი ამ თანხებზე არ საუბრობს. დავით კირკიტაძე პრესსამსახურის დახმარებით გვიმტკიცებს, რომ აღთაკლიისთვის დღემდე მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს 270 000 ლარი აქვს დახარჯული.
 
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის გაკეთებული საქმე კი არსად ჩანს. ერთი დამბა, რომელიც აღთაკლიაში მტკვრის ნაპირას გაკეთდა გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაეთვალა. სხვა სამუშაობი კი არ ჩატარებულა.

მთავრობის სარეზერვიო ფონდიდან გამოყოფილ „ძველ“ 939 700 ლარზე არავინ საუბრობს. გუბერნატორმა ერთადერთი კომენტარი ამ თემაზე აღთაკლიაში, ადიდებული მტკვრის ფონზე, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტს მისცა: „ახლა უკვე საფრთხე არავის ემუქრება. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ამ მომენტისთვის იყო შესაძლებელი. ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად თანხები გამოიყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  და ეს პრობლემა აღთაკლიის მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება“.

ასე რომ, ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ საკითხზე დამატებით კვლავ ელოდება განმარტებებს ქვემო ქართლის გუბერნატორისაგან.

ფოტო:„გარდაბნის მაცნე“

ახალი ამბები