11:18, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეკომიგრანტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

03.05.2011

ნინო ცაგარეიშვილი

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგან 11 ათასი სასწრაფო განსახლებას საჭიროებს. პრობლემის სიმწვავე და მასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელია ეკომიგრაციის მიმართ ერთიანი, კომპლექსური სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება.

დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობა ვერ არეგულირებს ეკომიგრაციის პრობლემებს. განსახლებები და კომპენსაციების გაცემა ქაოტურია. არ არსებობს ეკომიგრანტის ცნებისა და სოციალური გარანტიების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი. შედეგად, ეკომიგრანტები მოკლებულნი არიან სტატუსსა და შესაბამის სასამართლო დაცვის მექანიზმებს.

დუშეთის რაიონის სოფელი მლეთა სიცოცხლისათვის საშიში ზონაა. გასული წლის 24 აპრილს გადაუღებელი წვიმების დროს ღვარცოფმა მდინარე არაგვი გადაკეტა და 15-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. სტიქიის შედეგად, სახლები მდინარის კალაპოტში მოექცა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ასევე ლომისის მთიდან სისტემატურად ჩამოწოლილი მეწყერი.

ზუსტად ერთი წლის წინ, დუშეთის რაიონის საკრებულოს წევრმა მიხეილ გურგულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სოფელ მლეთასთან დაკავშირებით განაცხადა: „სიტუაცია შესწავლილია და აქ ცხოვრება შეუძლებელია. არსებობს ნება, რომ ამ ოჯახებისთვის გამოიყოს მიწის ნაკვეთები და მიეცეთ კომპენსაცია“.

ერთი წლის განმავლობაში, არათუ კომპენსაცია და ალტერნატიური მიწის ნაკვეთები, მოსახლეობისთვის სოციალურად დაუცველის დახმარებაც კი არ გაუციათ; პირველი სართულის გარეშე დარჩენილმა, მდინარეში მდგარმა სახლებმა დადგენილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს.  სოფლიდან ერთადერთი მოსახლე გაგა გაგაძე გადასახლდა, ისიც - დამოუკიდებელი სახსრებით. 

ცისანა ნაზღაიძე ერთ-ერთია, რომლის სახლის პირველი სართული აღარ არსებობს - მდინარემ ქვა-ღორღით ამოავსო. მისი ოჯახი ახლა მეორე სართულზე ცხოვრობს.

„როცა ცუდი ამინდია, მორიგეობით გვძინავს. მეზობლებს ვურეკავთ და ვეუბნებით - ახლა ჩვენ დავიძინებთ და თქვენ იფხიზლეთო. გვეშინია, რომ ისევ არ გადმოვიდეს წყალი და ნიაღვარი. მერე იმათ სძინავთ და ჩვენ ვფხიზლობთ...“ - აცხადებს ცისანა ნაზღაიძე.

„ვითხოვთ რაიმე დახმარებას, განსახლებას ან კომპენსაციას... მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით“, - აცხადებს ვაჟა გაგაძე.

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის  პროექტების კოორდინატორი: „მლეთაში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს. გასულ წელს, 24 აპრილის სტიქიის შედეგად დადგა საკითხი, რომ ეს ხალხი სასწრაფოდ არის გასაყვანი. გაზაფხულზე ტემპერატურის აწევასთან ერთად იზრდება რისკი და შესაძლებელია, იგივე განმეორდეს - ღვარცოფმა ისევ ჩაკეტოს მდინარე და აქ მცხოვრებ მოსახლეობას განადგურებით დაემუქროს“.

სოფელში ჩასულ მედიის წარმომადგენლებს ქვეშეთის თემის რწმუნებულის თანაშემწე იოსებ ზარქაიძე შეხვდა, რომელმაც განაცხადა: „ინფორმაცია ყველა ინსტანციას მივაწოდეთ. საკითხი რეგიონალური განვითარების სამინისტროშია გადასაწყვეტი“.

რისკის ზონაშია ასევე თიანეთის რაიონის სოფელი შარახევი, სადაც გასული წლის სექტემბერში მეწყერი ჩამოწვა და სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა. სტიქიამ სამი ოჯახის, მათ შორის, ლელა ლიქოკელის სახლი გაანადგურა. იგი ახლა ძმის სახლში ცხოვრობს.

„დახმარებას შეგვპირდნენ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. მეწყერის ჩამოტანილი შეშა მოგვიტანეს რამდენიმე კომლს. მეტი არაფერი. სტიქიამ გაგვინადგურა დამუშავებული ნაკვეთი, საქონელი, დამხმარე ნაგებობები. კეთილი მეზობლების წყალობით გამოვიკვებეთ. დროებით შემოგვთავაზეს მეზობლის მიტოვებული სახლი, რამდენიმე თვით. ორი ოჯახი დამოუკიდებელი სახსრებით გადასახლდა“, - ამბობს ლელა ლიქოკელი.

დავით შავერდაშვილის სახლი სტიქიას გადაურჩა, თუმცა დამხმარე ნაგებობები განადგურდა: „სოფელში სამანქანო გზა არ არის. შემოვლითი გზა გაგვიკეთეს, რომელიც ხევშია გასასვლელი. იქ გასვლა მანქანას უჭირს. 4-5 თვის წინ იყვნენ მოსულები გუბერნიიდან. დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ შეშა მოგვიტანეს“.

მძიმე პირობებში ცხოვრება უწევთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც „ბედმა გაუღიმათ“ და სიცოცხლისთვის საშიში ზონებიდან განასახლეს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში, (რომელიც ძირითადად აჭარის სტიქიური ზონებიდან გადმოსახლებული ოჯახებით არის დასახლებული) სასმელი წყლის დეფიციტია, გზები კი გაუმართავია. ხალხი წყალს სოფლის შესასვლელში არსებული წყაროდან ეზიდება. გამაგრება სჭირდება საზღვარს.

სალმან ქავთარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს გადასულ საქონელს გადაჰყვა, 9 თვე იმყოფებოდა პატიმრობაში საზღვრის უკანონო დარღვევის გამო.  გურამ გელაძემაც ასე დაკარგა 20 სული საქონელი.

აღნიშნულ სოფლებს მედიის წარმომადგენლები კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ ორგანიზებულ, მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციის მონაწილეობით განხორციელებულ პრეს-ტურის ფარგლებში ვეწვიეთ. პრეს-ტურის მიზანი იყო ეკომიგრანტებისა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გაცნობა და მათი გაშუქება. მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია, რომელიც შვიდ არასამთავრობო ოგრანიზაციას აერთიანებს, კანონმდებლობაში ეკომიგრანტებთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებს ითხოვს.


[1] 2
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC