კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესის თავისუფლების დღეს საქართველოში ამობრუნებული გაზეთებით შეხვდნენ

4 მაისი, 2011

ეკა ქევანიშვილი, რადიო „თავისუფლება“

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, მისი დაარსებიდან მეოცე წლისთავზე საქართველო, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსით ხვდება.

4 პუნქტით გაუმჯობესებულ მონაცემს დიდ პროგრესად არ მიიჩნევენ საქართველოში მოღვაწე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. იმის გამოსააშკარავებლად, თუ რამდენად რეალურია წინსვლა, 3 მაისს საქართველოს რესპუბლიკური პარტია სპეციალური წინადადებით გამოვიდა. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე თბილისში სხვა ღონისძიებებითაც აღინიშნა.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე თბილისში, პარლამენტის წინ ჩატარებულ აქციაზე ამობრუნებული გაზეთებით ხელში აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეებს გაზეთები უკუღმა ეჭირათ.

„ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს როგორ გვეჭირება გაზეთი, რადგან სწორად დაიჭერ თუ ამობრუნებული ფორმით, ინფორმაციას მაინც იღებ უკუღმა. და ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი პრესა განიცდის ზეწოლას და რა ინფორმაციაც ვრცელდება, არ არის სავსებით ობიექტური“, - ასე ხსნის აქციის ამ ფორმას „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი ნინო ელბაქიძე.

პრესის თავისუფლების დღეს ერთი დღით დაასწრო 2011 წლის ანგარიშის გამოქვეყნება ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“. ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად, საქართველო, შარშანდელთან შედარებით, 4 ქულით არის დაწინაურებული, თუმცა 55 ქულით ის მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ „ნაწილობრივ“ არის თავისუფალი. („ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, ზუსტად ერთნაირი შეფასება დაიმსახურეს საქართველომ, მალავიმ და მოლდავეთმა).

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინტერნეტგამოცემა www.humanrught.ge-ს მთავარი რედაქტორი, წლების განმავლობაში გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობდა, იმ წლებს იხსენებს, როდესაც საქართველოში თავისუფალი პრესა ყალიბდებოდა: „თითქმის ოცი წელია, რაც საქართველოში თავისუფალი პრესა არსებობს და ამ ოცი წლის განმავლობაში ყოველთვის იყო ბარიერები. მე პირადად მოკვლითაც დამმუქრებიან და პოლიციასაც ვუცემივარ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ, ამ ზეწოლის მიუხედავად, თავისუფალი პრესა არსებობდა და დღესაც არსებობს. მაგრამ დღეს ჩემი კოლეგები კითხვას ასე სვამენ: ის პერიოდი ჯობდა, ათი წლისწინანდელი, თუ ახლანდელი?“

მისი დაკვირვებით, მედიაზე ზეწოლის მეთოდები დღეს უფრო განსხვავებულია, ვიდრე ათი წლის წინ, თუმცა ფაქტია, რომ ზეწოლა მეტია, თავისუფლების ხარისხი - ნაკლები: „ფაქტია, რომ მაშინ ტელევიზიებში ასეთი ცენზურა არ ყოფილა. დღეს არავინ იცის, ვინ არიან ამ ტელევიზიების მფლობელები. ჟურნალისტებმა ის ვიცით მხოლოდ, რომ მფლობელია ცხრათავიანი გველეშაპი, რომლის ყველა თავი ვანო მერაბიშვილისაა... ამ მხრივ ბეჭდვით მედიაში ნაკლები პრობლემაა თითქოს, მაგრამ აქ არის გავრცელების პრობლემა, რასაც, ჩემი აზრით, ხელისუფლება უშლის ხელს, დისტრიბუციას ვგულისხმობ, რომ რეგიონებში ჩავიდეს გაზეთები და ინფორმაცია ხალხამდე მივიდეს“.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ინტერნეტმედიაზე ზეწოლის ბერკეტები ხელისუფლებას ჯერ არ მოუფიქრებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მის გაძლიერებასთან ერთად მოიმატოს ინტერნეტცენზურამაც: „ჯერჯერობით უფრო თავისუფლად ვგრძნობთ თავს, ვინც ახალ მედიაში ვართ, და მგონია, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ განვვითარდეთ და ჩვენი ბერკეტებიც მივახმაროთ ბეჭდურ მედიას და იმ ტელემედიას, რომელიც თავისუფალია“.

სხვათა შორის, ახალი მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაეროს სპეციალურ მიმართვაშიც გაესვა ხაზი. 3 მაისს გაერო ახალი დევიზით გამოეხმაურა: „21-ე საუკუნის მედია - ახალი საზღვრები და ახალი ბარიერები“. მიმართვაში კი ვკითხულობთ: „ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. სახელმწიფო ჩინოვნიკები წინ უნდა აღუდგნენ დამნაშავეების დაუსჯელობას და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება“.

საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ წინსვლა აშკარაა და მის მთავარ მიზეზად ასახელებს მედიის მფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ პარლამენტის 2010 წლის ინიციატივას, რაც წელს, როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებით დასრულდა. პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ჩვენს ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შეცვლილ სქემასაც მოიხსენიებს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყბელის დამოუკიდებლობის დამატებით გარანტიას.

ამ პათოსს არ იზიარებენ ოპოციზიური პარტიები. 3 მაისს, მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის მდივანმა ლევან ბერძენიშვილმა ჯერ განმარტა ის, თუ რას ნიშნავს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანა: „2001 წელს საქართველოს პრესა ბევრად უფრო თავისუფალი იყო, იმავე „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, ვიდრე დღესაა - ანუ თავისუფალის სტატუსი ჰქონდა. რას ნიშნავს ეს „ნაწილობრივ თავისუფალი“? იმას, რომ საქართველოში დღეს არიან თავისუფალი ჟურნალისტები და არიან არათავისუფალი ჟურნალისტები“.

ხოლო შეფასების შემდეგ მედიის თავისუფლების შესამოწმებლად ტელეკომპანია „იმედს“ კონკრეტული წინადადებით მიმართა: „ზუსტად დღეს ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ იმ ტელევიზიამ, ვინც საქართველოს თავის დროზე ამცნო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ამბავი, მიუძღვნას სპეციალური რეპორტაჟი ამ საქმეს, კერძოდ, გირგვლიანის მკვლელობის ევროპის სასმართლოსეულ შეფასებას“.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობას ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას. 1993 წლის 21 დეკემბრიდან კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.

ეს დღე შეახსენებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ არაერთ სახელმწიფოში ჯერაც უხეშად ირღვევა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება, რომ საკუთარი საქმის კეთილსინდისიერი კეთება ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

ორიგინალი

 

ახალი ამბები