კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვასილ სანოძე მკურნალობის კურსს ისრაელში გააგრძელებს

4 მაისი, 2011

სალომე აჩბა

შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ  სანოძე 3 მაისს გამთენიისას  ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. იგი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ იყო დაჭრილი. წუხელ გვიან ღამით კი დაჭრილი მაღალჩინოსანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადააფრინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ვასილ სანოძეს საკუთარ ბინაში ტაბელური იარაღი გაუვარდა. მანამდე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მან თავის მოკვლა სცადა, რასაც შსს-ს პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს.

ვასილ სანოძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ მოექცა. გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვერდიქტი სულ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა და საქართველო გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში დაადანაშაულა, ჯარიმის სახით კი მოსარჩელის სასარგებლოდ,  50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2006 წლის 28 ივნისს - იმ დღეს, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, „შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია სწორედ ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ვასილ სანოძის სუფრაზე იმყოფებოდა სანდრო გირგვლიანის მეგობარი გოგონაც. ბარში დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით სანდრო გირგვლიანის სიკვდილით დასრულდა. ქართულმა მართლმსაჯულებამ სანოძე და მისი მეგობრები მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხა.

ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტი შსს-მ თავდაპირველად კატეგორიულად უარყო. შემდეგ დაადასტურა და აღნიშნა რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან გვაქვს და სანოძეს ტაბელური იარაღი შემთხვევით გაუვარდა. იგი მძიმე მდგომარეობაში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, 3 მაისს გამთენიისას გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.

მთელი  დღის განავლობაში ღუდუშაურის კლინიკის შენობაში შესვლა შეზღუდული იყო. ავადმყოფები დაცვის მიერ შექმნილი ბარიერების გადალახვას ძლივს ახერხებდნენ. მიმდებარე ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცავები აკონტროლებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებიც - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი, კუდ-ის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე და სხვები.

ვასილ სანოძე გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელში გადააფრინეს, სადაც მკურნალობის კურსს გააგრძელებს.

 „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ვასილ სანოძე მეგობრებთან ერთად გვიანობამდე იმყოფებოდა რესტორან „პურის სახლში“, საიდანაც შუაღამისას ნასვამი წავიდა. სუფრასთან რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ფრანგი სტუმრებიც. რა მოხდა მას შემდეგ და როგორ დაიჭრა სანოძე თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით, ჯერჯერობით უცნობია.

 „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ვასილ სანოძის მეზობლებმა აღნიშნეს, რომ მათ გვიან ღამე სანოძის ბინიდან ხმაური და ყვირილი შემოესმათ. იარაღიდან გასროლის ხმა კი არ გაუგიათ. სადარბაზო მალევე აივსო ხალხით. მოგვიანებით იქ სამართალდამცველებიც მივიდნენ.

სანოძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარეს ჯერჯერობით არც საკანონმდებლო ორგანოში აკეთებენ. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ინფორმაცია მედიით შეიტყო და იმედი აქვს, შსს მომხდარზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ვასილ სანოძეს გადარჩენის პერსპექტივა აქვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ნეიროქირურგმა გრიგოლ ნანავამ, რომელმაც ვასილ სანოძეს ოპერაცია ჩაუტარა.

გრიგოლ ნანავას განცხადებით, უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ოპერაციის შემდგომ გართულებებს, ვინაიდან სანოძეს ტვინის ღია ჭრილობა აქვს. როგორც ნეიროქირურგმა აღნიშნა, სათანადო გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ სანოძეს ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა შუბლის საფეთქელში, რომელიც გამოსული იყო მარცხენა შუბლში.

„პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო შემოყვანილი, სუნთქვითი დარღვევით. გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. გამოკვლევების შემდეგ სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ. ოპერაციის დროს გართულებები და ექსცესი არ ყოფილა. ოპერაციის შემდეგ კონტროლისას გამოიკვეთა, რომ ავადმყოფს გადარჩენის პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა გრიგოლ ნანავამ.

მისივე განცხადებით, პაციენტი ღუდუშაურის კლინიკიდან ისრაელში ღამის საათებში გადაიყვანეს. ოჯახმა გამოთქვა სურვილი, რომ პაციენტი საზღვარგარეთ გადაეყვანათ და შესაბამისი რჩევა ჰკითხეს ღუდუშაურის კლინიკის წარმომადგენლებს, რომლებმაც მათ პაციენტის ისრაელში გადაყვანა ურჩიეს. ამ ქვეყანაში სახიფათო ჭრილობების მკურნალობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ.

ახალი ამბები