კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

5 მაისი, 2011

ნანა საჯაია, „ლიბერალი“

- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და საქართველოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. როგორც პროცესზე საქართველოს მხარის წარმომადგენელი, ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?

- როდესაც სასამართლოს წინაშე გამოდიხარ, არასოდეს არ შეიძლება ზუსტად იცოდე შედეგი; გამონაკლისი არც ეს საქმე იყო.

- სასამართლომ განაცხადა, რომ ის „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ“ და „არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა“ უწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებას. როგორ აფასებთ ევროპული სასამართლოს ამ შეფასებას?

- სამწუხაროდ, სხვა საერთაშორისო სასამართლოებისაგან განსხვავებით, მსგავსი ტერმინების გამოყენება დამახასიათებელია ევროსასამართლოსათვის. პირადად მე მსგავს მიდგომას არ ვეთანხმები; ჩემის აზრით, სასამართლომ ფაქტებს უნდა მისცეს სამართლებრივი და არა ემოციური შეფასება. ზემოხსენებულ ციტატასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა და ბუნებრივია, ვერც მოხდებოდა; შეწყალება ის ეტაპია, რომელსაც გამოძიებასთან არაფერი აქვს საერთო. სასამართლო კი გადაწყვეტილების ამ ნაწილში სწორედ გამოძიებაზე საუბრობს.

- სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ შეიძლება მიეწეროს სახელმწიფოს, რადგანაც დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავეები არ ასრულებდნენ რაიმე წინასწარ დაგეგმილ პოლიციურ ოპერაციას, თუმცა, სამი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ საქართველომ მე-2 მუხლის არსებითი ასპექტიც დაარღვია, რადგანაც: „სახელმწიფო პასუხს აგებს თავისი აგენტების მოქმედებებისათვის და სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, ყურადღებით შეარჩიოს თავისი აგენტები“. რატომ ვერ შეძლო ქართულმა სახელმწიფომ ამ ორი ასპექტის გათვალისწინება?

- ქართულმა მხარემ წარადგინა არგუმენტები, რომელიც ადასტურებდა, რომ სახელმწიფო არ მონაწილეობდა და შესაბამისად ვერ იქნებოდა სანდრო გირგვლიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი. სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობამ ეს არგუმენტები გაითვალისწინა. ინდივიდუალურ მოსამართლეებს რა თქმა უნდა, აქვთ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაშიც გამოიყენეს ეს რესურსი. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ის არის, რაც უმრავლესობამ მოიწონა.

- სტრასბურგის სასამართლომ დაგმო ხელისუფლების მიერ თვალის დახუჭვა ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და კაფეში მყოფი ადამიანები დანაშაული თანამონაწილენი იყვნენ. განაჩენში ნათქვამია: „ხელისუფლების მიერ ამგვარი შერჩევითი მიდგომა სასამართლოსთვის მიუღებელია, რადგანაც იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს, მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის ღრმა, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს“. როგორია მთავრობის პოზიცია სასამართლოს ამ შეფასებაზე?

- მთავრობა ამ შეფასებას არ ეთანხმება; ჩვენ მიგვაჩნია, რომ გონივრულობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდა გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის.

- ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ჯეროვნად არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და დროულად და სრულად არ მიაწოდა მას გარკვეული მტკიცებულებები. რატომ არ ითანამშრომლა საქართველომ ევროპულ სასამართლოსთან?

- საქართველო ყოველთვის თანამშრომლობს ევროსასამართლოსთან, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა სასამართლოს დასკვნებსა და შეფასებებს. ამ საქმეშიც ზუსტად ასევე მოხდა; დაბრკოლება შეიქმნა ზოგიერთი მოთხოვნილი მასალის მიწოდებაში, რომელიც დაარქივებული იყო და მომზადებამ გარკვეული დრო წაიღო. თუმცა მასალები სასამართლოს მიეწოდა.

ორიგინალი

 

 

 

ახალი ამბები