კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში ინფორმაციას მუსიკა ჩაახშობს?

5 მაისი, 2011

მოლი კორსო, eurasianet.org

საქართველოს რადიო/სატელევიზიო მაუწყებლობის მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, რომ სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის გაცემისას ამიერიდან უპირატესობა იმ პრეტენდენტებს მიენიჭებათ, რომლებიც გასართობ და არა საინფორმაციო სფეროში მუშაობენ.

თბილისში ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ასეთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან მომდევნო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით მანიპულირების მცდელობაა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ახალი პოლიტიკის შესახებ 18 აპრილს გამოაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება დაასაბუთა საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებით, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული სოციოლოგიური კომპანია BCG Research ატარებდა. ეს არის კომპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ატარებდა ასევე მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.

ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 3 ათასი რესპონდენტიდან 28,5 %-მა პირად ინტერვიუებში ქვეყანაში მუსიკალური პროგრამების „დეფიციტზე“ დაიჩივლა, მაშინ, როცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ნაკლებობაზე გამოკითხულთა მხოლოდ 10,5%-მა დაიჩივლა, ხოლო  11,3%-fმა აღნიშნა, რომ რადიოებსა და ტელევიზიებში საინფორმაციო პროგრამების ნაკლებობაა.  
 
აღნიშნული განცხადება სამოქალაქო საზოგადოების რიგებში შეშფოთებას იწვევს მოახლოებული საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. კერძოდ, ისინი შიშობენ, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციას არჩევნებისთვის მომზადების პროცესში ინფორმაციის ნაკადის კონტროლი სურს.

„ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩვენ ის გვაწუხებს, რომ მათ კვლევა [კომპანია BCG-ის]  შეიძლება გამოიყენონ ლიცენზიის გაცემაზე უარის დასაბუთებისთვის იმ პრეტენდენტებისთვის, რომლებსაც სურთ საგანმანათლებლო პროგრამების ან მიმდინარე მოვლენებზე გადაცემების მომზადება“, – აღნიშნავს თბილისში ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის უფროსი მედია-ანალიტიკოსი და პროგრამების მენეჯერი მათიას ჰუტერი.  

კანონით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა კომისიას ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიების გაცემისას „პრიორიტეტების“ გამოვლენაში უნდა დაეხმაროს. ბოლოს ასეთი გამოკითხვა 2004 წელს ჩატარდა.   
 
ქართულ სამაუწყებლო მედიას დიდი ხანია რაც ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. ანალოგიური ბრალდებები გაისმის კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მისამართითაც, რომლის ხუთი წევრიც სააკაშვილის დანიშნულია.

კომისიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი შეეცადა იმ აზრის გაბათილებას, რომ BCG-ის მონაცემები საქართველოს მედიის ლანდშაფტს კარდინალურად შეცვლის. ყურაშვილის განმარტებით, მაუწყებლობის განხორციელებაზე ლიცენზიები ორ კატეგორიად იყოფა: ე.წ. „საერთო“ ლიცენზიები უნივერსალური მაუწყებლობის არხებისთვის და სპეციალური ლიცენზიები იმ არხებისთვის, რომლებიც ეთერში ერთი კონკრეტული სახეობის პროგრამებით გადიან. განსხვავებული კატეგორიის ორ კომპანიას შორის კონკურენციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. თეორიულად ეს ნიშნავს, რომ ლიცენზიის პრეტენდენტ უნივერსალურ არხებს, რომლებსაც საინფორმაციო პროგრამები აქვთ, არ „დაჩაგრავენ“, მაგალითად - მუსიკალურ ტელეარხთან შედარებით. „ისინი კონკურენტები არ არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს კახი ყურაშვილი.     

მან ასევე აღნიშნა, რომ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ახალი პრიორიტეტები მხოლოდ ახალ პრეტენდენტებს ეხება და არანაირად – ლიცენზიების მფლობელებს. მიუხედავად ამისა, გასართობ გადაცემებზე აქცენტი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი სიხშირის არსებობის შემთხვევაში, „საერთო“ და „სპეციალიზირებულ“ კატეგორიებს შორის კონკურენციის გაჩენა შესაძლებელია.  

მედიის სფეროში კანონმდებლობის ექსპერტი და საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის სიტყვის თავისუფლების დაცვის აქტივისტი, თამარ კორძაია ხელისუფლების ახალ კურსში პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავს. სპეციალური ლიცენზიების მიღების პრეტენდენტები საინფორმაციო არხების გახსნაზე უარს მიიღებენ, „რადგან, ხელისუფლებამ განსაზღვრა, რომ საინფორმაციო პროგრამები უახლოესი ორი წლის განმავლობაში პრიორიტეტული არ არის“.    

დღევანდელ დღეს, დაახლოებით 35 აპლიკანტი ითხოვს რადიო და სატელევიზიო სიხშირეების მიღებას, რომელთა რაოდენობაც დაკონკრეტებული არ არის. კომუნიკაციის კომისია არ აცხადებს, როდის მიიღებს ამ განცხადებებზე გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი აპლიკანტის, კერძოდ კი რეგიონალური რადიოს „გერგეთის“ წარმომადგენელმა, რომელსაც EurasiaNet.org-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა, განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება იმაში, რომ მის განაცხადს დააკმაყოფილებენ, პირველ რიგში პოლიტიკური მიზეზების გამო. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარსულში უარყო პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებული ბრალდებები.  

ოპოზიციურ დეპუტატებს კომისიის განცხადებაზე ეცინებათ. დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატების პარტიიდან, წარსულში კი საინფორმაციო სატელევიზიო გადაცემის პროდუსერმა ლევან ვეფხვაძემ გაიხუმრა, რომ  საინფორმაციო არხ „რუსთავი 2“-ის წამყვანებს მალე კვალიფიკაციის შეცვლა დიჯეობაზე მოუწევთ. 

ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტი ეჭვქვეშ აყენებს კვლევის შედეგებს, რომელსაც ეყრდნობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება გასართობი გადაცემების პრიორიტეტულობაზე. საერთო ჯამში, სიხშირეების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ეყრნობოდა BCG Research-ის გამოკითხვის მონაცემებს ქვეყნის 23 რაიონიდან. პასუხები განისაზღვრა თითოეული რაიონის მცხოვრებთა მთლიანი რაოდენობის „პროპორციულად“. თუმცა, BCG-ის ხელმძღვანელმა რუსუდან ნადირაძემ ამ დროს გამოყენებული მეთოდოლოგია ვერ ახსნა.
   
კომისიის მიერ მოყვანილი მონაცემები, როგორც ჩანს, მოიცავს იმ 9,5 ათასი რესპონდენტის მესამედზე ნაკლებს, რომლებიც ინდივიდუალურ საუბრებში მონაწილობდნენ. მონაცემთა ასეთი შერჩევის მიზეზები გაურკვეველია. 6,5 ათასი რესპონდენტის გამოკითხვა 2008 წლის ნოემბერში დაიწყო. კიდევ 3 ათასი რესპონდენტის გამოკითხვის მეორე ტური 2009 წლის დეკემბერში ჩატარდა, როცა საერთო ჯამში ყველა ტელეარხი დღესასწაულების პერიოდში გასართობ გადაცემებს მეტ საეთერო დროს უთმობს. გამოკითხვის ჩატარებისთვის მომენტის შერჩევის დრო იწვევს ეჭვებს, რომ იმ დროს რესპოდენტები წინასწარ უფრო გართობისთვის იყვნენ განწყობილნი, ვიდრე სერიოზული ინფორმაციის მისაღებად.     

თამარ კორძაიას თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, მათ შორის - კითხვების სრული ჩამონათვალი და იმ მეთოდოლოგიის აღწერა, რომლის თანახმადაც მოხდა რესპონდენტების შერჩევა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა კახა ყურაშვილმა სოციოლოგიურ კვლევებში საინფორმაციო პროგრამებისთვის ნეგატიურ მონაცემებს „სამწუხარო“ უწოდა, მაგრამ განაცხადა, რომ კომისიას ჩატარებული კვლევის ხარისხში ეჭვი არ აეპარება.

ქართული თარგმანი: foreignpress.ge

 

 

 

 

ორიგინალი

ახალი ამბები