კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ დიღმის ტყეპარკს რეკრეაციული სტატუსი არ დაუბრუნა

6 მაისი, 2011

სალომე აჩბა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა ანა გაბრიაძისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) სარჩელი, რითაც ისინი დიღმის ტყეპარკის ერთი ნაწილის სტატუსის შეცვლას ასაჩივრებდნენ.

ადმინისტრაციული აქტი, რომლის გაუქმებასაც აპელანტები ითხოვდნენ და რომლითაც დიღმის ტყეპარკის რეკრეაციული სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსად შეიცვალა, 2009 წლის 11 სექტემბერს საკრებულომ მიიღო.

აპელანტების განცხადებით, თუკი რეკრეაციული სტატუსის დროს დაუშვებელი იყო ტყეპარკის ტერიტორიაზე  შენობების აგება, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის პირობებში, ტყეპარკის ის 1 ჰექტარი, რომელსაც სტატუსი შეეცვალა,  განაშენიანების მაღალი კოეფიციენტის ზონად იქცა. სწორედ ამიტომ აპელანტები ანა გაბრიაძე და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN მიიჩნევენ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება, ტყეპარკის სტატუსის შეცლასთან დაკავშირებით უკანონოა და ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და დიღმის ტყეპარკს რეკრეაციული სტატუსი არ დაუბრუნა.

„1998 წელს დიღმის ტყეპარკი შპს „სანის“ საკუთრება გახდა, რითაც დაირღვა იმ დროს მოქმედი მუნიციპალიტეტის კომიტეტის 1995 წლის დადგენილება და 1997 წელს შემუშავებული გენ-გეგმა დიღმის ტყეპარკის მოწყობის შესახებ. 1999 წლიდან შპს „სანმა“ ნაწილ-ნაწილ დაიწყო ტყეპარკის ტერიტორიის გაყიდვა. 2003 წელს ტყეპარკში დაიწყო უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდა ქალაქის თვითმმართველობა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა რეკრეაციულ ზონაში უკანონო მშენებლობებს. საკრებულომ მარტივი გამოსავალი იპოვა - დიღმის ტყე პარკს რეკრეაციული სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსად შეუცვალა, ანუ იქ არსებულ უკანონო მშენებლობებს სტატუსი მოარგო“, - განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში ანა გაბრიაძისა და CENN-ის ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა.

აპელანტი მხარის თქმით, კიდევ ერთი მტკიცებულება, რის გამოც 2009 წლის საკრებულოს გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, არის ის, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება პრცესუალური დარღვევებით მიიღო. არსებობს მხოლოდ საკრებულოს 2 კომისიის დასკვნა. წესით კი, ვიდრე საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა და დიღმის ტყეპარკს სარეკრეაციო სტატუსს მოუხსნიდა, სულ მცირე 5 კომისიის დასკვნა მაინც უნდა არსებულიყო.

„ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რომ იგივე შედეგს მივიღებდით, რაც დღეს გვაქვს,  თუკი ხუთივე კომისიის დასკვნა გვექნებოდა“, - განაცხადა პროცესზე ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა.

მოწინააღმდეგე მხარის - საკრებულოსა და მერიის წამომადგენლების განმარტებით კი, ტყეპარკის ტერიტორიაზე ბევრი კერძო მესაკუთრეა. მერია და საკრებულო ცდილობდა, ტყეპარკი კერძო მესაკუთრეებისგან ისე გამოეთავისუფლებინა, რომ მათი ინტერესები არ დარღვეულიყო და ქალაქს ტყეპარკის ის ტერიტორია მაინც შეენარჩუნებინა, რაც განადგურებას გადაურჩა. დიღმის ტყეპარკის სტატუსის შეცვლით კი, კერძო მესაკუთრეთა ინტერესები დაიცვეს.

მათივე თქმით, ქალაქის მთავრობა არაერთხელ ეცადა მოლაპარაკებებითა და სხვადასხვა პირობების შეთავაზებით, დაეცალა დიღმის ტყეპარკის ტერიტორია კერძო მესაკუთრეებისგან, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან მესაკუთრეებმა ტერიტორიიდან გასვლა არ ისურვეს.  

„იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად ამ სადავო ფართობზე უკვე არსებობდა შენობები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, იძულებული გავხდით მისთვის სტატუსი შეგვეცვალა“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე საკრებულოს წარმომადგენელმა.

მოწინააღმდეგე მხარის თქმით, სტატუსის მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც აპელანტებს ამ გადაწყვეტილებით უშუალო ზიანი არ მისდგომიათ.

„თუკი აპელანტები მიგვითითებენ, რომ სტატუსის შეცვლა ეკოლოგიურ ზიანს მოუტანს გარემოს, შევახსენებ მათ, რომ ადმინისტრაციული აქტი, სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით, საკრებულომ 2009 წელს მიიღო და დღემდე სტატუსშეცვლილ ტერიტორიაზე არ დაწყებულა არც ერთი ახალი მშენებლობა, არ მოჭრილა არც ერთი ხე, არ დაზიანებულა ნარგავები“, - განაცხადა პროცესზე თბილისის საკრებულოს ადვოკატმა.

აპელანტი მხარის ადვოკატმა ლალი პატრიაშვილმა კი განმარტა, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ადმინისტრაციული სარჩელი შეიძლება განიხილოს სასამართლომ, თუკი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არღვევს არა მხოლოდ ერთი, არამედ  პირთა ფართო წრის ინტერესებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში  კი, ირღვევა პირთა ფართო წრის ინტერესები. ასე რომ, ამ საქმეში, მოსარჩელე შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი პირი, ვინც ცხოვრობს თბილისში. ამასთანავე, უპირატესი ინტერესი გააჩნია მას, ვინც ცხოვრობს ტყეპარკთან ახლოს. აპელანტი ანა გაბრიაძეც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს - CENN-ს (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი), სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ იგი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა.  კანონმდებლობის მიხედვით, CENN-ს შეუძლია, გარემოს დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჩივროს ნებისმიერი ნორმატიული აქტი და ამით განახორციელოს ის მიზნები, რაც მას აქვს, მისივე წესდების შესაბამისად.

ლალი პატარაიამ კონტრშეკითხვით უპასუხა საკითხს, რომ იმ ნორმატიული აქტით, რასაც აპელანტები ასაჩივრებენ,  კონკრეტული, უშუალო ზიანი არ მიდგომიათ თავად აპელანტებს: „მაშინ, საინტერესოა, მოწინააღმდეგე მხარე ვის თვლის ამ საქმეში ისეთად, ვისაც შესაძლოა, მიღებული აქტის შედეგად უშუალო ზიანი მიდგომოდა?! ასეთები მხოლოდ ტყეპარკში არსებული ხეები და ნარგავები თუ იქნებოდნენ და ბუნებრივია, ისინი საკრებულოს ვერ უჩივლებდნენ.  ახლადმიღებული სტატუსი განაშენიანების მაღალ კოეფიციენტს უთითებს. შესაბამისად, ახალი სტატუსის წყალობით, შესაძლოა, იქ ისეთი შენობების მშენებლობა დაიწყოს, რომლებიც დააზიანებს გარემოს. შენობები კი არ უნდა მორგებოდა სტატუსს, არამედ - სტატუსი შენობებს. ისინი უნდა დაენგრიათ, რადგანაც სტატუსშეუსაბამო ადგილზე იყო აშენებული“, - განაცხადა ლალი პეტრიაშვილმა.

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების განმარტებით, ახალი სტატუსი სულაც არ ნიშნავს, რომ მესაკუთრეებს ამ ტერიტორიაზე ყველაფრის აშენების უფლება ეძლევათ. ახალი სტატუსით არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები, რომლის დაცვაც მესაკუთრეებს მოუწევთ.

აპელანტებმა რამდენიმე შუამდგომლობაც დააყენეს, ერთ-ერთი საქმეზე მტკიცებულების სახით სტუდია „მონიტორის“ მიერ, დიღმის ტყეპარკთან დაკავშირებული საგამოძიებო ფილმის დართვა იყო. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობის დაყენება საჭიროდ არ მიიჩნია. საბოლოოდ კი, მოსამართლემ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად არ სცნო საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, რომლის მიხედვითაც დიღმის ტყეპარკის ერთ ნაწილს სტატუსი შეეცვალა და სარეკრეაციო ზონიდან საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთდა. ანა გაბრიაძე და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN გადაწყვეტილებას უზნაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

ახალი ამბები