კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული პარტიის“ საპროტესტო ვნებათაღელვა კახეთში

10 მაისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

„ქართული პარტიის“ საპროტესტო აქციებში, რომელიც საგარეჯოში, გურჯაანში, თელავსა და ყვარელში გუშინ გაიმართა, 1200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების უმრავლესობა ორგანიზატორებს თბილისიდან ავტობუსებით ჰყავდათ ჩაყვანილი.

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში აქციის მონაწილეებმა პატარძეულის გამგებელს ვალერი ტუხაშვილს ყელზე „სამოქალაქო ფრონტის“ ყელსაბამი შეაბეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ სოფლის გამგებელი მათ მხარეზე გადავიდა. გამგებელმა მართლაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის კოლონას გაყვებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ განცხადება უარყო.

„აქციის მონაწილეები იმ დროს მივიდნენ, როცა პატარძეულში დიდების მემორიალი გვირგვინით უნდა შემემკო. ემბლემიანი ყელსაბამი შემაბეს და მითხრეს, ხალხს აქციაზე გამოსვლას რატომ უშლითო. მე ვუთხარი, არავის არაფერს არ ვუშლით მეთქი. მეტი არაფერი“, - განაცხადა ტუხაშვილმა.

გმირთა სავანის გვირგვინით შემკობის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გურჯაანში გადაინაცვლეს. გურჯაანში, „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმა მარშუტკებით ჩამოყვანილ ხალხს სიგარეტი დაურიგეს. სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე დიდების მემორიალზე შეკრებილ ომის ვეტერანებს შეხვდნენ, ეროსი კიწმარიშვილი კი ტელეკომპანიების ჟურნალისტებს იგერიებდა. „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პირველი არხის“ და „რეალ ტვ“-ის ჟურნალისტებს აინტერესებდათ - რატომ არ მონაწილეობდა კოკა გუნცაძე აქციაში და მართლაც გარიცხეს თუ არა იგი „ქართული პარტიიდან“.

„აი ხალხო, რა აინტერესებთ. ამდენი ხალხია, იმას არ იღებენ და რა კითხვებს სვამენ. კოკას სხვა საქმე აქვს დავალებული და აქ იმიტომ არ არის, ხომ გითხარით, რამდენჯერ უნდა მკითხოთ კიდევ“, - აცხადებდა „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი.

სოზარ სუბარი შეკრებილ ხალხს დაპირდა, რომ უახლოეს დღეებში, მთელ კახეთს და მთელ საქართველოს დაუძახებენ თბილისში, რათა ეს რეჟიმი დაამთავრონ.

სუბარმა ხელისუფლება ომის ვეტერანებისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა. „9 მაისს მათ იხსნეს კაცობრიობა იმ ბოროტებისგან, რასაც ფაშიზმი ერქვა. დღეს კი მათ ეუბნებიან, რომ ეს დღე თურმე არ არსებობს“, - განაცხადა სუბარმა.

გურჯაანში, დიდების მემორიალზე შეკრებილ ხალხს შორის რამდენიმე ადგილობრივი თუ იყო. „ქართული პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გია ხელაშვილის განმარტებით, რაიონის მოსახლეობა ადგილობირვი ხელისუფლების მხრიდან დაშინებულია, რის გამოც რამდენიმე სოფლიდან პარტიის აქტივისტებმა გურჯაანში ჩასვლა ვერ გაბედეს.

მისივე თქმით, სოფელ ველისციხეში გამგებლის მხრიდან იყო ზეწოლა მოსახლეობაზე, რომ „ქართული პარტიის“ მიერ გურჯაანში დაგეგმილ მანიფესტაციას არ შეერთებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამგებელი მათ სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა.

ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუკრი ბახლიშვილი ბრალდებას უარყოფს.

გურჯაანიდან „ქართული პარტიის“ ლიდერებმა თელავში გადაინაცვლეს. კოლონას თან დაჰყვებოდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა. სამართალდამცავების თქმით, ისინი შეკრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. აქციის მიმდინარეობის დროს გურჯაანში კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც დამუქებული მანქანებიდან ხალხს აღრიცხავდნენ და მანქანების ნომრებს იწერდნენ.

თელავში, ერეკლეს მოედანზე საინფორმაციო მიტინგის გამართვის შემდეგ, მანიფესტაცია ყვარელში, გამგეობის შენობის წინ გაიმართა. მანიფესტაციაში მონაწილეობა 1200-მდე ადამიანმა მიიღო. თბილისიდან ჩაყვანილ ხალხთან ერთად, მანიფესტაციაში, ძირითადად, სოფლების წიწკანაანთსერის და კუჭატანის მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

მანიფესტაციის მსვლელობის დროს „ქართული პარტიის“ მხარდამჭერებმა თეატრალიზებული აქციაც მოაწყეს. ისინი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრების, ნინო ბურჯანაძის სურათებით გამოვიდნენ და პოლიტიკოსები გააშარჟეს.

ყვარლის მაცხოვრებლები, რომლებიც აქციას შეუერთდნენ, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზეწოლის შესახებ საუბრობდნენ. მათი თქმით, სოფელ შილდაში, საიდანაც აქციაში მონაწილეობა 80-მდე ადამიანს უნდა მიეღო, დილიდანვე ორივე ბენზინგასამართი სადგური დახურეს, რათა სოფლიდან სამარშრუტო ტაქსებით არ წასულიყვნენ.

ყვარელში 40 ადამიანს ელოდნენ სოფელ საბუედან, ჩასვლა კი მხოლოდ 18-მა მოახერხა. საბუეს მაცხოვრებლების თქმით, მთელი დღის მანძილზე სოფელში გამგეობის წარმომადგენლები დადიოდნენ და მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ აქციაში მონაწილეობა არ მიეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ.

მანიფესტაციის მონაწილეებს „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მიმართა. „ხელისუფლება ყვარლის მოსახლეობას მიწებს ართმევს. ცოტა ხნის წინ შეხვედრები გვქონდა კუჭატანის დ წიწკანაანთესერის მოსახლეობასთან. ამ სოფელში თითო მოსახლეს 25 მეასედი მიწა აქვს, საძოვრები წაართვეს ხალხს და შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს. ტყე შემოღობეს და ხალხს შიგნით აღარ უშვებენ. ჩვენი ანტიადამიანური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველანაირი ქართული წაშალოს და მთელი საქართველო ჩაიდოს მინის ჯიბეში. სააკაშვილი ცდილობს, რომ წაშალოს ისტორია. თამაში გონიათ ქვეყნის მართვა, თამაში ეგონათ ომი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი „დერჟავის“ წინააღმდეგ, ეს იყო სულელური და ყველაზე დიდი ანტიქართული ქმედება, რაც რომელიმე ხელისუფლებას გაუკეთებია. ამიტომ, ჩვენ, რაც შეიძლება მალე უნდა დავამთავროთ ეს ხელისუფლება“, - განაცხადა სუბარმა.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, როგორც იქნა შედგა ის დიდი კოლონა, რომელიც ანგრევს შიშს. „სულ მიკვირს ხოლმე, რისი გეშინიათ? აგერ დგანან ხელისუფლების ტელევიზიები, აგერ დგას „რუსთავი 2“, „ყველასათვის საყვარელი“ „რეალ ტვ“. ესენი არიან ხელისუფლების დაქირავებულები, მაგრამ ხალხო, ხელისუფლება თქვენი დაქირავებულია და როცა თქვენ მოინდომებთ, მაშინ შეგიძლიათ, რომ სამსახურებიდან გაუშვათ. 4 წელია რაც ასე ვიბრძვით და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. კახელებო, მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ ერთად დავდგეთ. ორ რამეში შეიძლება კახელი დააჯერო, რომ სურასთან მიიყვანო და ღვინო დაალევინო და სამშობლოსთვის საბრძოლველად წაიყვანო“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დღეს, დილით „ქართული პარტიის“ პრესსამსახურმა პარტიის სიღნაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე მაია სუხიაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორნაბუჯი - რუსთავის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აკაკი ჯიქურაშვილი უშიშროების თანამშრომლებმა დაკითხვაზე დაიბარეს. ეს ინფორმაცია კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ უარყო. „არცერთი მძღოლი არავის არ დაუკავებია და არ დაუკითხავს. თუ დაკითხვა იყო, მაშინ ყველას დაკითხავდნენ და არა ერთ მძღოლს. პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარვყოფ. საპროტესტო აქციებმა კახეთში ექსცესების გარეშე ჩაიარა და არავისზე ზეწოლა არ მომხდარა“, - განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.

ახალი ამბები