კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსალოდნელი სტიქიის შიშით მლეთელებს ღამით რიგ–რიგობით ძინავთ

17 მაისი, 2011

თეა თოფურია

მლეთაში სტიქიით დაზარალებულები შიშობენ, რომ გაზაფხულზე მეწყერი ჩამოწვება და მათ სახლებს ჩამახავს. შარშან ამ ადგილას, მეწყერმა მდინარის კალაპოტი გადაკეტა, რის შედეგადაც წყალი მოსახეობას სახლებში შეუვარდა. 15–მდე ოჯახს მთავრობა გასახლებას დაჰპირდა, თუმცა სტიქიით დაზარალებულები დღემდე დანგრეულ სახლებში ცხოვრობენ.

ქვემო მლეთაში აღარ დარჩა სახლი, რომელიც საცხოვრებლად გაგმოდგება. უმეტესობა მდინარის მიერ მოტანილი ქვებითა და ქვიშითაა დაფარული. ხალხი ყოველ დღე სტიქიის გამეორებას ელოდება. გაზაფხულზე მეწყერი შეიძლება ისევ ჩამოწვეს. მდინარის ნაპირებზე ახლა რიგ–რიგობით ძინავთ, რათა კრიტიკულ სიტუაციაში გაქცევა მოასწრონ.

ცისანა ზაქაიძე, სტიქიით დაზარალებული: ,,წელს ჯერ არ წამოსულა ნიაღვარი, მაგრამ აუცილებლად წამოვა, რადგან ზევით თოვლი დნება. ჩემი შვილიშვილი გავარიდე აქაურობას. შემეშინდა, მაგრამ სხვებს ჰყავთ ბავშვები. როცა ცუდი ამინდია, რიგრიგობით გვძინავს“.

თემურ ნაზღაიძე წყალწაღებულ სახლში ორი თვის შვილთან ერთად ცხოვრობს. ტრაქტორით მიმდებარე ტერიტორია მოასუფთავა, მაგრამ ეს მას მეწყერისგან არ დაიცავს.

თემურ ნაზღაიძე, სტიქიით დაზარალებული: ,,გასწრებაზე ვართ. ვის არ მივმართეთ, არავინ მოგვიმართა ხელი. ნაციონალების აქტივისტი ვარ. გადავყევი ამ მთავრობას, მაგრამ რა?! რაიონის გამგეობაშიც ვიყავით, ყველამ კარგად იცის, რა დღეშიც ვართ, მაგრამ არავისთვის არც დახმარება მიუციათ, არც კომპენსაცია და არც გაუსახლებიათ. ერთ თვეში წეროვანი ააშენეს, 15 ოჯახის გასახლება რა გახდა“.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ერთი სამინისტროდან მეორეში აგზავნიან, საბოლოოდ კი არც ერთი არ ეხმარება.

იოსებ ზაქაიძე, ქვეშეთის თემის რწმუნებული: ,,რეგიონალური განვითარების სამინისტროდან ველოდებით პასუხს. მოსულები იყვნენ და გვითხრეს, რომ მოსახლეობა გუდაურთან უნდა გაასახლონ. თვითმმართევლობასაც გადავეცით გასასახლებელი კომლების რაოდენობა. ჩემი ხალხია და გული მეც მტკივა, გაზაფხულია, შეიძლება იგივე განმეორდეს“.

მცხეთა–მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ  მლეთის მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიაზე გასახლება შესთავაზეს, მაგრამ მათ ადგილი არ მოეწონათ. ამჯერად ამ საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება.

ცეზარ ჩოჩელი: ,,დროებით ახლაც შეიძლება გავიყვანოთ ქირით, სადმე მიმდებარე სოფლებში, მაგრამ არ უნდათ. რაც შეეხება მუდმივად გასახლებას ამ საკითხზე ჩვენი რეგიონალური სამსახური მუშაობს. ადგილებია შესარჩევი და თანხა გამოსაყოფი. თანხა საბოლოოდ ცენტრალურმა ბიუჯეტმა უნდა გამოყოს“.

იოსებ ზაქაიძის თქმით, თუ სტიქია გასახლებამდე განმეორდა, მოსახლეობას დროებით სკოლის შენობაში გადაიყვანენ.

„რა სკოლა, რის სკოლა, სკოლაში ვინ წავა?! ძროხა როგორ წავიყვანო სკოლაში?!“ – ამბობს ადგილობრივი თემურ  ნაზღაძე.

ახალი ამბები