კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია მოშიმშილე ადვოკატებს უტევს

18 მაისი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

17 მაისს ადვოკატებმა პარლამენტის წინ შიმშილობის აქცია დაიწყეს. როგორც პარლამენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა,  შიმშილობის აქციას იწყებს 20 ადვოკატი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მათ ადვოკატები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ისინი იწყებენ შიმშილობის აქციას ქვეყანაში ნორმალური სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად, ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად და ასევე მოითხოვენ დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მიღებას.

„ჩვენ ვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე ვითხოვთ, გაათავისუფლონ თანამდებობებიდან გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები - გიორგი ჩემია და საქმეში მონაწილე სხვა პირები, გამოიძიონ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდების საქმეები, ზურაბ ჟვანიას, გიორგი სანაიას, გურამ შარაძის, რამაზ კლიმიაშვილის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის დასკვნიდან გამომდინარე, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ელიტარულ კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსანთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობაში მისაცემად“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ადვოკატები ასევე ითხოვენ, შეწყდეს უდანაშაულო ადვოკატთა დევნა-დაპატიმრება, აღდგეს სისხლის სამართლის კოდექსში 50-ე და 55-ე მუხლები, რაც მოსამართლეთა დამოუკიდებლობას გულისხმობს. ადვოკატები მოითხოვენ ევროკონვენციასთან და გაერო-ს კონვენციასთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ხაჭაპურიძის თქმით, მათ 13 მაისს მიიღეს 1 თვის ვადით აქციის გამართვის ნებართვა. აქცია 21 მაისამდე გაგრძელდება და თუ მათი მოთხოვნა 21 მაისამდე არ დაკმაყოფილდება, ადვოკატები შეუერთდებიან ოპოზიციის საპროტესტო აქციას.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საპროტესტო აქციის დაწყებიდან მალევე ინციდენტი მოხდა. დაახლოებით 16:30 საათზე, როცა ადვოკატებმა პარლამენტის წინ ლეიბები გაშალეს და შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ, მათთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიიჭრნენ.

ამ ინციდენტის შესახებ ვიდეოკადრებს პალიტრა ტვ. ავრცელებს. ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ მიარბენინებენ პოლიციელები მშვიდობიანი მომიტინგეების კუთვნილ ლეიბებს გაურკვეველი მიმართულებით. ასევე ჩანს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, გიორგი გეგეჭკორი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ფორმის ნაცვლად ზოლებიანი მაისური აცვია და პოლიციელებს ბრძანებებს აძლევს.

ლეიბების ჩამორთმევის მიუხედავად, ადვოკატებმა შიმშილობის აქცია გააგრძელეს. მოგვიანებით, მათ ერთ-ერთი პატიმრის ახლობელიც შეუერთდა, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი.

პალიტრა.ტვ-სთან საუბრისას პირამოკერილი სულხან დეკანოიძე ამბობს, რომ მისი ძმა დავით დეკანოიძე გლდანის ციხეში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ ეს გახდა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოხატვის მიზეზი.

სულხან დეკანოიძის განცხადებით, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ინვალიდია და ამასთან, იგი უკანონოდაა დაკავებული.

დავით დეკანოიძის დედის, ნარგიზა ნებიერიძის თქმით, რომელიც ასევე აქციას შეუერთდა, პატიმარს საზღვარგარეთ რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული, ვინაიდან ავარიაში მოყვა. იგი ინვალიდია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ოჯახის წევრების ცნობით, დავით დეკანოიძე პასპორტის გაყალბების მუხლითაა გასამართლებული, თუმცა  საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც ამ ბრალდებას დაადასტურებს.

პარლამენტის წინ მიმდინარე ადვოკატების საპროტესტო აქციაზე ინციდენტი გვიან ღამითაც მოხდა. როგორც ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, დაახლოებით 02:30 საათზე, ადვოკატებმა პარლამენტთან თხელი პლედები და მუყაოს ქაღალდები მიიტანეს, რის შემდეგაც 50-მდე პოლიციელი მივიდა და პლედები წაართვა. სხვა ნივთები კი პოლიციელებმა ადვოკატების მანქანიდან ამოიღეს.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ხედავდნენ, მთელი ღამე როგორ მიმდინარეობდა სამხედრო აღლუმის რეპეტიცია რუსთაველის გამზირზე, სადაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც იმყოფებოდა. ბაჩო ახალაია წარსულში სასჯელაღრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო და პატიმრებთან აგრესიული ურთიერთობით გამოირჩეოდა.

18 მაისს შუადღით პარლამენტის წინ მოშიმშილე ადვოკატებთან მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი რუსთაველის პროსპექტზე იმ ადამიანების მხარდასაჭერად მივიდა, რომლებიც თავად იცავენ ადამიანის უფლებებს.

„სამართლიანი სასამართლო სისტემის მოთხოვნა, დაცვის უფლების ხელშეწყობა, პატიმარი ადვოკატების გათავისუფლება, რომელთა უმრავლესობაც აბსოლუტურად უკანონოდ არის დაკავებული და საქმეების გამოძიება. მე მიმაჩნია, რომ ეს მოთხოვნები ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას და მოვედი სწორედ ამ მხარდაჭერის გამოსახატას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, განსაკუთრებულად დაძაბულ დღეებში იმოქმედოს კანონის შესაბამისად და უფლებამოსილებას არ გადააჭარბოს: „მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და განსაკუთრებით - პოლიციას, რომ ეს დღეები არის უკიდურესად დაძაბული და მათ უნდა გამოიჩინონ პირველ რიგში კანონისადმი მორჩილება და პატივისცემა. კიდევ ერთხელ წაიკითხონ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი და ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია და კიდევ ერთხელ მიხვდებიან, რომ რასაც ისინი აკეთებენ, სცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს".

ახალი ამბები