კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლა ბოსელში

18 მაისი, 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც 900-მდე მოსწავლე სწავლობს, სამი წელია რაც კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო.

სკოლის ყოფილი შენობა დაზიანებულია და სპეციალისტების შეფასებით, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ამ თემაზე სტატია კახეთის რეგიონულ გაზეთ „სპექტრში“ გამოქვეყნდა. გაზეთის ინფორმაციით, სკოლის დირექტორი არაბალ ხეირბახალოვი აცხადებს, რომ არასათანადო სანიტარული ნორმების გამო, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ტუბერკულოზის საფრთხე ემუქრებათ.

„განათლების სამინისტროში ჩვენი სკოლის გეგმაც კი გამოაკრეს. გვპირდებიან, დღეს, ხვალ ყველაფერი მოგვარდებაო, მაგრამ გვატყუებენ. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენს ბავშვებს ტუბერკულოზის საფრთხე ემუქრებათ და ამაზე არავინ წუხს. სკოლის საკითხი დაყენებული იყო პრეზიდენტის დონეზე. 2009 წელს ჩასვეს პროგრამაში, მერე რაღაც მოხდა და იქიდან ამოიღეს. გვეუბნებიან, არასაკმარისი თანხააო, კონკრეტულ პასუხს კი არავინ გვცემს“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბარში სკოლის დირექტორი.

სკოლის „კორპუსებში“ სახურავიდან წყალი ჩადის, რის გამოც კედლები და იატაკი სველია. „საკლასო ოთახები“ დაბინძურებულია. ზოგიერთ ოთახში იატაკი საერთოდ არ არის. რამდენიმე კლასში არც დაფაა. ბავშვები და მასწავლებლები საწერად მუყაოს კედლებს იყენებენ. ბევრ კლასში დაფებსა და მერხებს შორის მანძილი 1 მეტრს არ აღემატება, ზოგან ნაკლებიც არის. საკლასო ოთახები იმდენად დაბალია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ვერ ეტევა და მოხრილი დგას.

სკოლაში ორცვლიანი სწავლებაა. სასწავლო პროცესი დილის 9:00 საათზე იწყება და 19:00 საათამდე გრძელდება.

ლამბალოს სკოლას ექვემდებარება კაზლარის დაწყებითი სკოლაც. საკლასო ოთახები აქაც ნესტიანია. ერთ-ერთ ოთახში, იატაკზე წყლის გუბეებიც დგას. შენობის მესაკუთრის სარდარ ალიევის თქმით, წვიმის დროს შენობაშიც წვიმს. „სახურავია შესაკეთებელი, მაგრამ არავინ აკეთებს, არადა ბევრი არაფერი სჭირდება“, - ამბობს სარდარ ალიევი.

სკოლის დირექტორის არაბალ ხეირხაბალოვის თქმით, კაზლარის სკოლის სახურავის შეკეთება სასწავლო წლის დამთავრებისთანავე იგეგმება: „როგორც კი სწავლა დამთავრდება, გავაკეთებთ. სკოლას საკუთარი თანხა აქვს გამოყოფილი და ამ თანხიდან გაკეთდება“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია ჩალათაშვილის ინფორმაციით, კაზლარში სკოლის აშენება არ იგეგმება, ლამბალოში კი ახალი სკოლის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2012 წელს დაიწყება.

„იქიდან გამომდინარე, რომ კაზლარის სკოლა ლამბალოს სკოლას ექვემდებარება, ბავშვებმა სასწავლებლად ლამბალოში უნდა იარონ. ამიტომ, კაზლარში სკოლის აშენება არ იგეგმება. რაც შეეხება ლამბალოს სკოლას, ძველი სკოლა ისეა დაზიანებული, რომ სპეციალისტების დასკვნით მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. განათლების სამინისტროს ამაზე ინფორმაცია უკვე დიდი ხანია აქვს. ახალი სკოლის პროექტიც არსებობს, გასულ წელს, სამინისტრომ ამ პროექტის პრეზენტაციაც მოაწყო, მაგრამ მშენებლობა როდის უნდა დაიწყოს, ზუსტად არ ვიცი. გვეუბნებიან, რომ სკოლა აუცილებლად აშენდება და მისი მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება“, - განაცხადა გია ჩალათაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაერთხელ დაუკავშირდა, მაგრამ ლამბალოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

ახალი ამბები