საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიულ საცავში 200 ათასამდე ექსპონატი ყუთებშია ჩაყრილი, მათ შორის ანტიკური ხანის ნივთები. კახეთის საინფორმაციო ცენტრს სპეციალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ფონდსაცავში არსებულ უნიკალურ ნივთებს განადგურების საფრთხე ემუქრება, რადგან ექსპონატების შენახვის პირობები დაცული არ არის.
ექსპონატები დახშულ სივრცეშია მოთავსებული. ოთახები დალუქულია და მას თვეში რამდენჯერმე ხსნიან. სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით საფრთხე ემუქრება წერილობით ძეგლებს, რომელსაც ტენიანობის გამო ობი უჩნდება და რკინის ნივთებს, რომლის ჟანგვის პროცესიც გრძელდება. სერიოზულად არის დაზიანებული 1743 წელს გამოცემული ბაქარისეული ბიბლია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიული საცავი ფონდსაცავის სტატუსით 2008 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს. მანამდე შენობაში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო განთავსებული და ექსპონატები გამოფენილი იყო.
ფონდსაცავის ხელმძღვანელის გოგიტა ბეჟიტაშვილის განცხადებით, „ყუთებში არაფერი ფუჭდება, ნესტი არ არის და წყალი არ დასდის“.
„მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ფონდსაცავად რომ გადაკეთდა, შემდეგ მუზეუმს უნდა მოშენებოდა ფართი, სადაც უნდა ყოფილიყო საგამოფენო დარბაზი. ახლა, როცა გვერდით ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯერ არ არის გადაწყვეტილი რა და როგორ იქნება, ეს საცავი ამ შენობაში დარჩება თუ არა, შემდეგ მიეხედება ამ საქმეს“, - აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ფონდსაცავში არცერთი გამოფენა არ გამართულა. ფონდსაცავის ეზოში უნებართვოდ საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებია აშენებული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი