კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო კრების“ აქტივისტებს თავს დაესხნენ

19 მაისი, 2011
გელა მთივლიშვილი, კახეთი

„სახალხო კრებას“ 21 მაისს, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები აქვს დაგეგმილი. აქციებამდე 3 დღით ადრე, საგარეჯოს რაიონში „სახალხო კრების“ აქტივისტებს თავს დაესხნენ. 

ინციდენტი 18 მაისს საღამოს, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან მოხდა. ნიღბიანებმა „სახალხო კრების“ წარმომადგენლების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს,  მუქარით გააჩერეს, მანქანაში მყოფ ოპოზიციონერებს თავზე ცელოფნის პარკები ჩამოაცვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტელეფონები წაართვეს, ცემეს და ბოლოს მინდორში დაყარეს. 

„თბილისიდან მოვდიოდით. გზაში, სოფელ პატარძეულთან ვიდრე მივიდოდით, სპეცრაზმის მანქანა დაგვეწია. თავზე ნიღბები ჰქონდათ ჩამოცმული. გაგვაჩერეს იარაღის მუქარით. მანქანა რომ გავაჩერეთ, გადმოხტნენ და დაგვიწყეს ცემა. მანქანა დაამტვრიეს, ხელ-ფეხი გაგვიკრეს, თავზე ცელოფნის პარკები ჩამოგვაცვეს და თავიანთ მანქანაში ჩაგვსხეს. გზიდან დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით მინდორში დაგვყარეს და იქაც გვცემეს“, - ამბობს ნიკო ბაღათრიშვილი, რომელიც იმ მანქანას მართავდა, სადაც „სახალხო კრების“ აქტივისტები ისხდნენ.

მისივე თქმით, მოგვიანებით დაზარალებულებმა ხელ-ფეხის გახსნა შეძლეს, გზაზე ამოვიდნენ და პოლიციას დაუკავშირდნენ. „პოლიცია შემთხვევის ადგილზე გვიან მოვიდა“, - დასძენს ბაღათრიშვილი.

თავდასხმის შედეგად „სახალხო კრების“ თელავის ორგანიზაციის წევრები 35 წლის დავით ჯორჯაძე და 46 წლის ხვიჩა ურჩუხიშვილი დაშავდნენ. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს.

„ურჩუხიშვილი და ჯორჯაძე საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით დაახლოებით 20:00 საათზე შემოიყვანეს. ურჩუხიშვილს აღენიშნებოდა გულ-მკერდის დაჟეჟილობა, ჯორჯაძეს თხემის მიდამოში ჭრილობა ჰქონდა. ექიმებმა მათ გაუწიეს სამედიცინო დახმარება და ნახევარ საათში დატოვეს საავადმყოფო. სერიოზული არაფერი სჭირდათ“, - განაცხადა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მაია ანუაშვილმა. 

„სახალხო კრების“ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტზე საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე რა მუხლით აღიძრა, ამ საკითხზე შს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

„სახალხო კრების“ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით კრებამ განცხადება გაავრცელა. 

„ხელისუფლებამ იცის, რომ 21 მაისს შეკრებილ ადამიანთა სამართლიან მოთხოვნას და ძალას წინ ვერაფერი აღუდგება. ამიტომ, „სახალხო კრების“ მიერ 21 მაისს დაგეგმილ აქციამდე სამი დღით ადრე, ხელისუფლება პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ისეთ დაკვეთებს, როგორიც „სახალხო კრების“ წარმომადგენელების წინააღმდეგ განხორციელდა, პოლიციის თანამშრომლების უმეტესობა არ ასრულებს. სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ზონდერბრიგადები იცავს“,- აღნიშნულია კრების განცხადებაში.

„ახლა უფრო მეტი თავდადებით ვიბრძოლებთ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ბაღათრიშვილმა.

„სახალხო კრებაში“ აცხადებენ, რომ ყოველდღე, ყოველი მოქმედებით სააკაშვილის ხელისუფლება დასასრულს უახლოვდება. 

„სააკაშვილი და მისი გარემოცვა აგონიაშია. ხელისუფლების ვერანაირი მოქმედება ვერ შეუშლის ხელს 21 მაისს დაგეგმილ აქციას. 21 მაისს დაიწყება ამ დამნაშავე ხელისუფლების დასასრულისთვის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნულია კრების განცხადებაში.

ახალი ამბები