კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ არ გაათავისუფლეს გვანცა ყუფარაძე - ვინ წყვეტს პატიმრების ბედს?!

20 მაისი, 2011

სალომე აჩბა

გვანცა ყუფარაძეს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე დარჩა. სასწავლო წლის ბოლოს იგი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აპირებს. ამიტომ ვადაზე ადრე გათავისუფლება ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს კარგი დახასიათება აქვს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ მისი გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლიდან თანატოლი ბიჭისთვის 33 ჭრილობის მიყენების ბრალდებით იხდის სასჯელს. იგი დაკავებისას 14 წლის იყო. სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 5 წელი პირობით მოხდით. არასამთავრობო ორგანიზაციები გვანცა ყუფარაძისადმი ბრალდებას ეჭვქვეშ აყენებენ. ამის შესახებ მათ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. განსაკუთრებით საეჭვოა, როგორ შეძლო 14 წლის გოგონამ ბიჭისთვის 33 ჭრილობის მიყენება ისე, რომ ბიჭმა თავის დაცვა ვერ მოახერხა.

გვანცა ყუფარაძის მამა ალექსანდრე ყუფარაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, გვანცა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა იმისათვის, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლებულიყო.

ალექსანდრე ყუფარაძე: „იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გვანცას 5,5 ქულაზე მეტი არ ეკუთვნოდა, მაგრამ საბჭომ მონაცემები გააყალბა და შედეგად, გვანცა ისევ პატიმრობაშია. გვანცას ბრწყინვალე დახასიათება აქვს. ყველა ღონისძიებაში აქვს  მონაწილეობა მიღებული. კარგი ქცევისთვის და სანიმუშო სწავლისთვის დამატებითი (ოთხი) პაემნის უფლება აქვს. მოხდილი აქვს სასჯელის ორ მესამედზე მეტი. კარგი დამოკიდებულება აქვს ციხის ადმინისტრაციასთან. ერთი სიტყვით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. დასკვნაში ჩაწერეს, თითქოს ბავშვს არ ვაკითხავთ ციხეში. არადა, ყოველდღე ციხის კარზე ვარ. გააყალბეს სხვა მონაცემიც. ოქმში მიუთითეს, რომ თურმე წახალისებული ან დასჯილი არ ყოფილა. დასჯილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ 4 დამატებითი პაემნის უფლება რა არის, თუ არა წახალისება?! ეს ყველაფერი ციხის ადმინისტრაციის დახასიათებაშიც წერია. თუმცა ამ დახასიათებაზე დაყრდნობით საბჭომ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა და გვანცა ვადაზე ადრე არ გაათავისუფლა“.

ვინ წერს ქულებს - საბჭო თუ სამინისტრო?

პატიმრების შუამდგომლობებს პირობით  ვადამდე გათავისუფლების შესახებ, ძირითადად, განიხილავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. მას ზედამხედველობას უწევს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია (ე. წ. უდო).

როგორც ადგილობრივი საბჭოს დებულებიდან ირკვევა, სწორედ იგი უწერს ქულებს მსჯავრდებულებს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და წყვეტს მათ ბედს.

მიუხედავად ამისა, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა არასამთავრობო სექტორიდან - „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა ზვიად დევდარიანმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებს თავდაპირველად ქულებს უწერს არა საბჭო, არამედ სამინისტრო. ინტერვიუში იგი ამტკიცებს, რომ საბჭო ამ პროცესში საწყის ეტაპზე არ ერევა და მასთან მხოლოდ მზა ქულები მოდის. სიზუსტისათვის იუთუბიზე შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ინტერვიუს სრული აუდიოჩანაწერი.

გთავაზობთ ნაწყვეტს ზვიად დევდარიანის მიერ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუდან:

- ალბათ, იცით, რომ გვანცა ყუფარაძეს საბჭომ ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა. დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერაც არის. მინუს-ქულა გვანცა ყუფარაძეს იმიტომ დაუმსახურებია, რომ არ ყოფილა წახალისებული სასჯელის მოხდის პერიოდში. არადა, ქალთა დაწესებულების ხელმძღვანელის #155 ბრძანების საფუძველზე მას 4 დამატებითი პაემანი აქვს მინიჭებული.

- ასე ზეპირად არ მახსოვს. ათეულობით ადამიანის საქმეს განვიხილავთ. თუ არ ჩავხედე მასალებს, ძნელი იქნება პასუხის გაცემა.

- მისი ოჯახთან ურთიერთობაც მინუს-ქულით არის შეფასებული. რა კრიტერიუმით იწერება ამ შემთხვევაში მინუს-ქულა?

-  ჩვენ იქ ქულებით არ ვაფასებთ. ქულებით შეფასება ხდება მანამ, სანამ ჩვენთან გამოდის ეს საკითხი, საერთოდ პროცედურულად. ამას აკეთებს თვითონ სამინისტრო. კონკრეტულად სად ხდება ეს, ამას მე ვერ გეტყვით. მაგრამ როცა პატიმარი მიმართავს ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით, შემდეგ სამინისტრო განიხილავს ამ საკითხს, ანიჭებს შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ქულებს და ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს ადამიანი გავა თუ არა ზეპირ მოსმენაზე.

- ანუ თქვენ გამზადებული მოგდით ქულები?

- ჰო, ამის თქმა მინდა - თუ მსჯავრდებულმა გადალახა შესაბამისი ზღურბლი, 6,5-ზე ქვემოთ თუ აქვს ქულა, ამ შემთხვევაში, გამოდის ჩვენთან პატიმარი. ასე რომ, ის ადამიანი თუ ჩვენთან ზეპირ მოსმენაზე ვერ მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენამდე არ მოსულა ეს საკითხი, ე.ი. თვითონ სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი იმ ქულებით არ შეესაბამება იმ მსჯავრდებულს, რომელიც შეიძლება  გამოვიდეს ზეპირ მოსმენაზე.

- მაშ, თქვენი ხელმოწერა რატომ არის დოკუმენტზე დაფიქსირებული?

- სახელი და გვარი შეიძლება იმ ჭრილში იყოს მითითებული, რომ ჩვენ ვართ  იმ საბჭოს წევრები, რომელიც ზეპირ მოსმენას ატარებს... მაგრამ თუ საქმე ზეპირ მოსმენამდე არ მოვიდა, ე.ი. ჩვენ არ შევხვედრივართ ამ ადამიანს. იქ შეიძლება რამდენიმე ასეული განცხადება იყოს შესული ყოველთვიურად... ხო ხვდებით... და ჩვენამდე გამოდის 20-30 ადამიანი. იმ ხალხის საქმეებს, ვინც ჩვენამდე არ გამოდის, არ ვეცნობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განმარტებით, პატიმართა განცხადებებს ვადამდე გათავისუფლების შესახებ პირველ ეტეპზევე ადგილობრივი საბჭო უნდა განიხილავდეს და ქულებსაც ის უნდა წერდეს: „მსჯავრდებულის პირობით  ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას   განიხილავს საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი  საბჭო. პირველ რიგში, საბჭო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, სადაც ხდება ქულების დადგენა. თუ ამ ეტაპზე შეფასების ქულა აღემატება 6,5-ს, მსჯავრდებულს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ხოლო თუ შეფასების ქულა არ აღემატება 6, 5-ს, მაშინ საბჭო მიიღებს  გადაწყვეტილებას შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. ზეპირ მოსმენაზე კი უკვე ხდება აღნიშნული  შუამდგომლობის განხილვა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე“.

თუ ასეა, რატომ უმტკიცებს ზვიად დევდარიანი „კვირის პალიტრას“, რომ განცხადებებს სასჯელაღსრულების სამინისტრო განიხილავს და ქულებსაც ის წერს? ეკა ქობესაშვილის თქმით, თუკი ასეთი პრაქტიკა არსებობს, იგი ეწინაღმდეგება კანონს - ქულებს თავიდანვე ადგილობრივი საბჭო უნდა წერდეს.

„კვირის პალიტრის“ ცნობით, ზვიად დევდარიანის ნათქვამს ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმიც ეწინააღდეგება, რაზეც ყურადღებას ამ გაზეთის ჟურნალისტი ამახვილებს და რესპოდენტთან არკვევს, რატომ აქვს ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყუფარაძის განცხადება ზეპირი მოსმენის გარეშე არა სამინისტრომ (როგორც დევდარიანი ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას), არამედ საბჭომ განიხილა და მას 6,5-ზე მეტი ქულა მიანიჭა. შესაბამისად, მისი განცხადება საბჭომ შემდგომში ზეპირი მოსმენით აღარ განიხილა.

გვანცა ყუფარაძის მამა ალექსანდრე ყუფარაძე აცხადებს, რომ საქმე არც ისე რთულადაა და ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება -  ადგილობრივი საბჭო ფორმალურად არსებობს და რეალური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო არ არის. მისი ერთადერთი ფუნქცია დოკუმენტებზე ხელის მოწერაა. ყუფარაძის თქმით, საბჭო რეალურად არც ქულებს ითვლის. მას მზა ქულები ეგზავნება სამინისტროდან და საბჭოს წევრები ქაღალდზე ფორმალურად აწერენ ხელს. ალექსანდრე ყუფარაძის თქმით, ასეთი უკანონო პრაქტიკა რომ არსებობს, ეს ზვიად დევდარიანისა და „კვირის პალიტრას“ საუბრის აუდიოჩანაწერითაც დასტურდება.

ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად Humanrights.ge ზვიად დევდარიანს დაუკავშირდა. საინტერესოა, რომ მან  „კვირის პალიტრისთვის“ მიცემული „ჩვენება“ შეცვალა და ამჯერად, თქვა, რომ ქულებს საბჭო წერს და არა სამინისტრო. თუმცა, ინტერვიუს მსვლელობისას, მოგვიანებით, მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ქულების დათვლისა და დაწერის პროცესში სამინისტროს აპარატი მონაწილეობს. გადავწყვიტეთ, ეს წინააღმდეგობრივი ინტერვიუ სრული სახით გამოვაქვეყნოთ

ზვიად დევდარიანი: „მე იურისტი არა ვარ, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, კანონით ასეა განსაზღვრული - საბჭო პასუხისმგებელია როგორც პირველი ეტაპის შერჩევაზე, რაც ქულების დათვლას გულისხმობს, ისე მეორე ეტაპზეც - ზეპირ გასაუბრებაზე, სადაც უკვე პირისპირ ხვდება და ესაუბრება იმ პატიმრებს, რომლებმაც მიიღეს 6,5-ზე ნაკლები ქულა.

- ანუ პირველ ეტაპზე საბჭო წერს ქულებს, არა?

- დიახ, საბჭო წერს ქულებს.

- ჩვენ მოვისმინეთ „კვირის პალიტრასთან“ თქვენი ინტერვიუს აუდიოჩანაწერი. იქ ამბობთ, რომ საბჭო ქულების დაწერის პროცედურაში არ ერევა და მასთან სამინისტროდან უკვე დაწერილი, მზა ქულები მიდის...

- იცით რა, იმ სტატიაში ბევრი რამე არ იყო ისე, როგორც მე ვთქვი.

- ჩვენ არ ვსაუბრობთ ამჟამად სტატიის ბეჭდურ ვერსიაზე. აუდიოჩანაწერზე გესაუბრებით, სადაც თქვენი ხმა გარკვევით ისმის.

- იცით რა, იმ სტატიაში ისიც კი არასწორადაა მითითებული, რომელ ორგანიზაციას წარმოვადგენ.

- ჩვენ გესაუბრებით ინტერვიუს აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თქვენ ამბობთ, რომ ქულას არა საბჭო, არამედ სამინისტრო წერს.

- არა, საბჭო არის პასუხისმგებელი მთლიანად ამ პროცესზე, მათ შორის ქულების დაწერაზეც და მათ შორის ზეპირ გასაუბრებაზეც.

- თუკი რეალურად საბჭო წერს ქულებს, მაშინ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში ეს რატომ უარყავით და რატომ თქვით, რომ ქულებს არა საბჭო, არამედ სამინისტრო წერს?

- იცით როგორ არის? ეს ყველაფერი კეთდება აპარატთან ერთად. უამრავი განაცხადი შემოდის ჩვენთან და ამ საკითხზე ბევრი ადამიანი გვეხმარება აპარატიდან, რომელთან ერთადაც ხდება ამ ქულების მინიჭება. თუ რამე პრეტენზია არსებობს ქულებთან დაკავშირებით, არსებობს კანონით განსაზღვული პროცედურა, რომლის საშუალებითაც შეუძლია ადამიანს გაასაჩივროს.

- ჩვენც დავიბენით, სიმართლე გითხრათ - ერთ აუდიოჩანაწერში ამბობთ, რომ ქულებს საბჭო არ წერს, ახლა კი ამბობთ, რომ საბჭო წერს.

- თუ თქვენ აუდიოჩანაწერი მოისმინეთ, პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაც უნდა გქონდეს, რაც დაიწერა იმ სტატიაში. ეს იყო აბსოლუტურად მცდარი და არაზუსტი სტატია. და რაზე მთხოვთ პასუხს არ მესმის?

- ჩვენ აქ არა სტატიაზე, არმედ აუდიოჩანაწერზე ვსაუბრობთ, სადაც ისმის თქვენი ხმა და სადაც გარკვევით ამბობთ, რომ პირველ ეტაპზე ქულებს საბჭო არ ითვლის.

- იცით რა, მე არ მომისმენია ჩემი საუბრის ჩანაწერი. თქვენ თუ მოისმინეთ, თქვენ უფრო გეცოდინებათ. მე მგონი, გიხსნით გასაგებად, როგორაა სინამდვილეში.

- დიახ, ჩვენ მოვისმინეთ აუდიოჩანაწერი და შესაბამისად ვიცით - იქ ამბობთ გარკვევით,  რომ საბჭო თავიდან ქულებს არ წერს.

- არა, ჟურნალისტმა მითხრა - ხელი გაქვთო მოწერილი დოკუმენტზეო. არადა, იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ ხდება. უბრალოდ, კეთდება საბჭოს წევრების  ჩამონათვალი და მე ჟურნალისტს განვუმარტე, რომ ხელი არც ერთ შემთხვევაში არა მაქვს მოწერილი.

- ჩვენ ახლა ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ. თქვენ ახლა გვეუბნებით, რომ ქულებს წერს საბჭო, კვირის პალიტრის ჟურნალისტს, ხათუნა პაიჭაძეს კი აუდიოჩანაწერში ეუბნებით, რომ ქულებს საბჭო არ წერს. რა ვქნათ, რომელს დავუჯეროთ? იმას, რასაც ჩვენ გვეუბნებით, თუ იმას, რაც ხათუნა პაიჭაძეს უთხარით? რომელი დავწეროთ, რომ დავიცვათ პროფესიული სტანდარტი და სტატია ზუსტ ფაქტებზე ავაგოთ?

- ხათუნა პაიჭაძემ რა დაწერა, მე ის კარგად ვიცი. რა ვუპასუხე, ისიც ძალიან კარგად მახსოვს. და კიდევ ერთხელ თქვენ განგიმარტავთ, რომ ქულების დაწერა და მთლიანად ეს პროცესი არის საბჭოს კომპეტენცია. პროცედურაში ჩართულია სამინისტროს აპარატი.

-კი ბატონო, მაშინ მთავარ საკითხზე გადავიდეთ. თუკი საბჭო განიხილავს განცხადებას პირველ ეტაპზევე, რატომ ეთქვა გვანცა ყუფარაძეს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი?

- მე ასე კონკრეტულად არ მახსოვს ეს საქმე. მითხარით, უფრო ზუსტად, რა გაინტერესებთ. ჩავხედავ, გავერკვევი და გიპასუხებთ.

- მაგალითად - ის, რომ ქულების მინიჭებისას გვანცა ყუფარაძეს მიენიჭა მინუს ქულა იმიტომ, რომ თითქოს იგი არ ყოფილა წახალისებული. არადა, კარგი ყოფაქცევისა და სწავლისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, ყუფარაძეს 4 დამატებითი პაემანი აქვს მინიჭებული.

- დიახ, პრობლემა არ იქნება. მე ამ კონკრეტულ საკითხს ჩავხედავ საქმეში და გაგცემთ პასუხს. თუ მართლა ასე წერია, როგორც მეუბნებით, განვიხილავ, შევაფასებ და გაგესაუბრებით. თუმცა, თუ დოკუმენტში რამე შეუსაბამობაა, არსებობს გასაჩივრების პროცედურა და შეუძლიათ, ეს გამოიყენონ. მესმის, რომ ეს თემა ჟურნალისტური ინტერესის საგანია, მაგრამ თუ იდეა ისაა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს, მშობლებს შეეძლოთ, ჩვენი გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ. უამრავ საქმეს ვიხილავთ და თუკი რამე შეუსაბამობა მართალც არის, შესაძლოა, ეს იყოს ტექნიკური შეცდომა. ამას კი პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.

სამინისტროში გადარეკვის შემდეგ

ამ სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე წუთში ზვიად დევდარიანი ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სამინისტროში კონსულტაციების შედეგად, გადაწყვიტა, აღარ გააკეთოს კომენტარი გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით: „მე გადავრეკე ახლა სამინისტროში და გადავამოწმე, პროცედურულად რამდენად მაქვს  უფლება, რომ ამ საქმეზე მოგცეთ კომენტარი. სხდომები, როგორც იცით, დახურულია. შესაბამისად, არა მაქვს უფლება, გითხრათ, იქ ვინ რა თქვა და ა. შ. ჩვენი გადაწყვეტილება, როგორც მითხრეს, გასაჩივრებულია და მირჩიეს, რომ დაველოდოთ სასმართლოს გადაწყვეტილებას, იქამდე კომენტარი არ გავაკეთოთ ამ საკითხზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც გავეცნობი ამ საქმეს, პირადად, რადგან უკვე მეორედ დამირეკეს ამ საქმეზე“.
 
ცნობისათვის, სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იყოფა:    აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსა და არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოებად. ისინი ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით განიხილავენ ამა თუ იმ მსჯავრდებულის განცხადებას პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

გვანცა ყუფარაძეს კი, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 5 თვეღა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მას უარი ეთქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, გვანცა საპატიმროში აგრძელებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას და აპირებს, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბაროს.

ახალი ამბები