კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინებისა და შევიწროების ქრონიკა კახეთში

23 მაისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ოპოზიციის მხარდამჭერები კახეთის რეგიონიდან თბილისში საპროტესტო აქციას რომ არ შეერთებოდნენ, მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. დაშინებას და ხელის შეშლას ძირითადად პოლიციის თანამშრომლები ახდენენ.

18 მაისს, საღამოს, საგარეჯოს რაიონში „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ინციდენტი დაახლოებით 19:00 საათზე, სოფელ პატარძეულთან მოხდა. ნიღბიანებმა „სახალხო კრების“ აქტივისტების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მანქანაში მყოფ ოპოზიციონერებს თავზე ცელოფნის პარკები ჩამოაცვეს, ხელ - ფეხი შეუკრეს, ტელეფონები წაართვეს, ცემეს და შემდეგ მინდორში დაყარეს. თავდასხმის შედეგად „სახალხო კრების“ თელავის ორგანიზაციის წევრები 35 წლის დავით ჯორჯაძე და 46 წლის ხვიჩა ურჩუხიშვილი დაშავდნენ. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გაუწიეს.

20 მაისს კახეთში პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. პოლიციის თანამშრომლებმა სამარშრუტო ტაქსების მძღოლები საგანგებოდ გააფრთხილეს, რომ 21 მაისს რეგიონიდან თბილისში ხალხი არ უნდა გადაეყვანათ.

20 მაისს, თელავში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და მძღოლებს მანქანები ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე დაახლოებით 15 მანქანა გადაიტანეს. სამართალდამცავებს მძღოლებისთვის მანქანების ჩამორთმევის მიზეზი არ განუმარტავთ. ერთ-ერთმა მძღოლმა ილია ვარდოსანიძემ განაცხადა: „სახლში არ ვიყავი. რომ დავბრუნდი მარშუტკა ეზოში აღარ დამხვდა. საჯარიმო სადგომზე მივედი და მითხრეს, ჯარიმა გაქვს გადასახდელი და ამიტომ წამოვიღეთ, რამდენიმე დღეში დაგიბრუნებთო. 100 ლარიანი ჯარიმა რამდენიმე კვირის წინ დამიწერეს, მაგრამ ჯერ გადახდის ვადა გასული არ იყო. შეიძლება ისიც იყო მიზეზი, რომ აქციაზე ხალხი არ წამეყვანა. 9 მაისს „ქართულ პარტიას“ მოვემსახურე, აქციაზე ხალხი გადავიყვანე და ეტყობა ხელისუფლებაში არ მოეწონათ“.

ამავე დღეს, თელავში, პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანები ჩამოართვეს „ქართული პარტიის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელს სოსო აბულაძეს და ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორსაც.

20 მაისს, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში უცნობმა პირებმა „სახალხო კრების“ ერთ-ერთი მხარდამჭერის მანქანის საბურავები დანით დაჭრეს.

21 მაისს, დილის 7 საათზე, გურჯაანში, „სახალხო კრების“ მხარდამჭერი გიორგი (ნოდარ) ფირალიშვილი პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიტაცეს. „შაბათს, დილით, მამაჩემმა თხები გარეკა ბოსტანში საბალახოდ. რამდენიმე საათის განმავლობაში რომ არ გამოჩნდა, მოვიკითხეთ. მეზობლებმა გვითხრეს, პოლიციელებმა გამოიყვანეს ბოსტნიდან, მანქანაში ჩააგდეს და წაიყვანესო. მივედი გურჯაანის პოლიციაში, სადაც განაცხადეს, რომ არაფერი იცოდნენ. პროკურატურაშიც ვიყავი, სასამართლოშიც, მაგრამ არაფერი მითხრეს. მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი. საღამოს, შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ მამა თელავში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო მოთავსებული. მერე გავიგეთ, რომ სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, იმ მიზეზით, თითქოს პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა“, - აღნიშნა პატიმრის შვილმა მიხეილ ფირალიშვილმა. სამართალდამცავებმა 57 წლის გიორგი ფირალიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შეუდგინეს, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასკმარისად იქნება მიჩნეული - ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. გიორგი ფირალიშვილს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა - 90 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები