კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მომიტინგეებს ჟურნალისტები და კამერები აღიზიანებთ

23 მაისი, 2011

ალექსი ბეჟანიშვილი

„სახალხო კრების“ მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორგანიზებული საპროტესტო აქცია, შესაძლოა, მხოლოდ „აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა“ გააშუქონ.

„ქართული პარტიის“ ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ იგი აქციის ორგანიზატორებთან დააყენებს საკითხს, რათა ჟურნალისტებისთვის დაწესდეს სპეციალური აკრედიტაციები, რომელიც, მისი თქმით, „მხოლოდ ობიექტურ მედიასაშუალებებზე დაიშვება“.

„ქართული პარტიის“ ლიდერმა ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რეალ ტვ“-სა და ITV-ს ჟურნალისტები ვანო მერაბიშვილის „შპიონებად“ და ბოროტების მსახურებად მოიხსენია და მომიტინგეებს მოუწოდა, ჟურნალისტები მათ მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გააცილონ.

ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას მომიტინგეების მხრიდან რეაქცია მოჰყვა, რაც რამდენიმე ინციდენტის მიზეზი გახდა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ITV-ის ოპერატორს ირაკლი ხიზანიშვილს ტელეკამერა დაუზიანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, ლევან გაჩეჩილაძის გულისწყრომა ჟურნალისტების მიერ დასმულმა შეკითხვებმა და სამუშაო პროცესმა გამოიწვია. აღნიშნული ტელევიზიების ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ იმართება აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მაშინ, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა „სახალხო კრების“ მოთხოვნა პირდაპირ ეთერში აქციის გაშუქების შესახებ.

„სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა თბილისის ქუჩებში მობილიზებულ მომიტინგეებს ჟურნალისტებთან კონტაქტი აუკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტტელევიზია „აიტივის“ ჟურნალისტს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

ირაკლი ბათიაშვილი მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს პროვოკაციის სპეციალურად მოწყობაში ადანაშაულებს და აქციის მონაწილეებს მათთან კონტაქტს უკრძალავს.

„ზოგიერთ ჟურნალისტს პირდაპირ პაგონები (სამხრეები) აქვს, პირდაპირ ოფიცრები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იღებენ ხელფასს. ასე რომ, მათთან კონტაქტში ნუ შეხვალთ“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

მან ასევე მიმართა კოსტავას გამზირზე მყოფ ჟურნალისტებს, თავიანთი აღშფოთება პოლიციის შენობასთან გამოხატონ.

საინტერესოა, რომ მომიტინგეთა აგრესია არა მარტო დასახელებული ტელევიზიების ჟურნალისტებს, არამედ სხვა მედიასაშუალებებსაც შეეხო. პალიტრა.ტვ-ს ცნობით, 22 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მომხდარი ინცინდენტის ამსახველი კადრები „პალიტრა TV“-ის ტელეკომპანია „მაესტრომ“ მიაწოდა. „პალიტრა TV“-ის კორესპონდენტს კი, უცნობმა პირებმა კოსტავას გამზირზე მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა წაართვეს.

შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი. მისი თქმით კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს ნინო ბურჯანაძის შვილმა ანზორ ბიწაძემ მას მუცელში ჯოხი ჩაარტყა.

როგორც „ნეტგაზეთი“ იუწყება, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტმა ნინო ბურჯანაძეს კომენტარი სთხოვა კოსტავას გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

„კომენტარი იმათ კითხე, ეგერ... ის გადაიღე, ეგერ“, - მითხრა ბურჯანაძის შვილმა და პოლიციისკენ მიმანიშნა, ამ დროს კი დროშის ტარი, რომელსაც დროშა არ ჰქონდა, მუცელში ჩამარტყა“, - იხსენებს ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი.

ინციდენტს მოგვიანებით ნინო ბურჯანაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ინციდენტი შესაძლოა, მომხდარიყო შემთხვევით, აქციაზე მიმდინარე შეხლა-შემოხლის დროს, რაზეც ის ძალიან წუხს.

„თუკი ეს ინციდენტი დადასტურდა, ჩემი შვილი აუცილებლად მოიხდის ბოდიშს - ნებისმიერ შემთხვევაში, ნებსით მოხდა ეს თუ უნებლიედ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი მტკიცებით, ეს არ იქნებოდა არც ერთ შემთხვევაში მიზანმიმართული ქმედება და, როგორც მან აღნიშნა, თუკი ეს შემთხვევით მოხდა, მაინც არ არის გასამართლებელი.

23 მაისს 15:00 საათისთვის აქციების განახლების წინ „სახალხო კრებამ“
კოსტავას გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებისთვის სპეციალური ადგილის გამოყოფა გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, შემოისაზღვრება სცენის წინ მიმდებარე ტერიტორია და იქ შესვლის უფლება მხოლოდ ჟურნალისტებს მიეცემათ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „სახალხო კრების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი არ შეუშალონ და პრობლემები არ შეუქმნან.

„ჩვენ ვართ სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაში და მინდა, მოგმართოთ თხოვნით, მიეცით ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება და პრობლემებს ნუ შეუქმნით“, - მიმართა ბურჯანაძემ „სახალხო კრების“ მხარდამჭერებს.

ბურჯანაძემ ასევე მიმართა ჟურნალისტებსაც. მისი თქმით, ჟურნალისტებმა, რომლებიც ფაქტებს რეალურად აშუქებენ, სარედაქციო ჩარევის შემდეგ მასალის დამახინჯებულად გადაცემის გამო პროტესტი უნდა გამოთქვან. „დატოვეთ ასეთი სამსახურები და თქვით, რომ აღარ გინდათ იქ მუშაობა. ამის შემდეგ მერწმუნეთ, რომ გმირად იქცევით, ახალ სამსახურსაც იშოვით და ღირსეულ ადგილსაც დაიმკვიდრებთ“, - მიმართა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

23 მაისს ერთდროულად ორი სპეციალური განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „მაესტრომ“. ერთი ჟურნალისტების საქმიანობას, მეორე კი „მაესტროს“ საქმიანობის პრინციპებს ეხება.

„ტელეკომპანია „მაესტრო“ ეხმაურება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე  გამოთქმულ  მოსაზრებებს მედიასაშუალებების მიერ მიტინგის გაშუქების თაობაზე და თავს ვალდებულად თვლის, განაცხადოს, რომ  თუ აქციის ორგანიზატორები შერჩევით პრინციპს მიმართავენ და არ მისცემენ  სხვა მედიის საშუალებებს  მიტინგის  გაშუქების უფლებას, ამ შემთხვევაში,  „მაესტრო“, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა  ამ მედიასაშუალებების მუშაობის  პრინციპებს, სოლიდარობას გამოუცხადებს მათ და თავადაც უარს იტყვის აქციის გაშუქებაზე. ჩვენი აზრით, სწორედ ხელოვნურად პრივილეგირებული  მდგომარეობა უშლის ქართულ მედიასაშუალებებს, დაიცვან სიტყვის თავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტების სახელით“, ხელს აწერს „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე.

„მაესტროს“ მეორე განცხადების ტექსტიც ასეთივე პრინციპულობით გამოირჩევა: „ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოსდა „მაესტრო“ რაიმე ფორმით ჩაერთვება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, არ შეესაბამება სიმართლეს. ტელეკომპანია „მაესტრო“ ასრულებს პროფესიულ მოვალეობას და მოვლენებს მხოლოდ მაყურებლის ინტერესებისა და საინფორმაციო არხის ფორმატის სპეციფიკის გათვალისწინებით აშუქებს. ტელეკომპანია „მაესტრო“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა და არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გათვალისწინებას. მივმართავთ პოლიტიკოსებს, მოერიდონ საკუთარ კომენტარებსა და გამოსვლებში ტელეკომპანია „მაესტროს“ სახელით მანიპულირებას“.

ინტერპრესნიუსის და პალიტრა.ტვ-ს მიხედვით

ახალი ამბები