კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროვოკაციები და შეტაკებები ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე

23 მაისი, 2011

ანა აფხაზავა

22 მაისს დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. მომიტინგეები ძალოვანი უწყების თანამშრომლების მანქანას მიცვივდნენ და ჯოხები ურტყეს.

ამ ინციდენტის შემდეგ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმი და საპატრულო პოლიცია გამოჩნდა, რომლებმაც აქცია ხელკეტების, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბიეს.

დარბევის შემდეგ საპროტესტო აქცია მალევე განახლდა. დღის მეორე ნახევარში კი, მეორე ინციდენტი მოხდა. აქციაზე გამოჩნდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ისეთივე პლასტმასის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული, რაც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ. ისინი მომიტინგეთა რიგებში შეიჭრნენ. გაიმართა სასტიკი ორმხრივი „ხმალაობა“. მხარეები ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ პლასტმასის ჯოხებს.

დღემდე დაუდგენელია, ვინ იყვნენ ჯოხებით შეიარაღებული ადამიანები. „სახალხო კრების“ ლიდერების განმარტებით, ისინი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც აქციის მონაწილეების პროვოკაციაზე წამოგება სურდათ.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში 22 მაისის დილას, „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელი ირინა ფუტკარაძე ასე იხსენეს: „მე ნამდვილად ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილას. აქცია იყო მართლაც მშვიდობიანი. მშვიდად მიდიოდა მთელი ღამე, მაგრამ დილით, სადაც მე ვიდექი, მოშორებით ატყდა ჩოჩქოლი, როცა მათი თანაგუნდელი მიჰყავდათ სამართალდამცველებს. ამდენად, გარკვეული რაოდენობა [აქციის მონაწილეებისა] დაიძრა იქით. იქ რა მოხდა და ვინ რომელი მანქანა დაამტვრია, არ ვიცი. თუმცა, მათი თანაგუნდელი წაიყვანა პოლიციამ. მე შევესწარი ფაქტს, როცა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გამოიყენა „იესის“ ტიპის ხელყუმბარები, რომელიც ახლა მეც მაქვს დ თქვენს კოლეგასაც ვაჩვენე. ეს ხელყუმბარა რამდენიმე გამოიყენეს და ასევე გამოყენებული იქნა მომწამვლელი აირი“, - იხსენებს.

აქციის მონაწილეები და სახალხო კრების ლიდერები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გადამგარი გენერლის, უჩაძის დაკავებასა და მანქანაში ძალით „ჩატენვას“ ცდილობდნენ. სწორედ ამის აღსაკვეთად ურტყამდნენ აქციის მონაწილეები - ე.წ. „შეფიცულთა რაზმის“ წარმომადგენლები  მანქანას ხელკეტებს.

მათივე თქმით, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ადგილებში ხვდებიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლენი და „იტაცებენ“.  ერთ-ერთ ამგვარ „მოტაცებას“  შეფიცულთა რაზმმა აქციის მონაწილე ყოფილი რაგბისტი, ბიძინა გეგიძეც გადაარჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ტელევიზიის ვიდეოკადრებში დაფიქსირებულია პოლიციისა და სპეცრაზმის გამოჩენა აქციაზე და მათ მიერ აქციის მონაწილეების დარბევა ცრემსალდენი გაზითა თუ რეზინის ტყვებით, შსს-ს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში კატეგორიულად უარყო დარბევის ფაქტი.

გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს:

შოთა უტიაშვილი: არა, არა, დაშლით არ დაუშლიათ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი ტროსებით და ის ტროსები ახსნეს, თორემ აქცია არავის დაუშლია.

რადიო „თავისუფლება“: ანუ, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოყენებულა, როგორც აქ წერია?

შოთა უტიაშვილი: არა, არა! რა ცრემლსადენი გაზები?!

 რადიო თავისუფლება: და არც შეტაკებას ჰქონია ადგილი სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის?

 შოთა უტიაშვილი: არა, არა.

მოგვიანებით კი გავრცელდა შსს-ს ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მომიტინგეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და პოლიციის ავტომანქანაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა:  „22 მაისს, დაახლოებით დილის 7 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებელობის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის  სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს: ირაკლი სახოკიას,  ვახტანგ ბოჭორიშვილს და კახაბერ კუდუხაშვილს. თავდასხმმის შედეგად მათ დააზიანეს პოლიციის ავტომანქანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, ინციდენტის შედეგად სამართალდამცავების მიერ დაკავებული იქნა აქციის რამოდენიმე მონაწილე. დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს ამ დროისთვის უტარდებათ სამედიცინო დახმარება“.
 
კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა 22 მაისს დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 11 სთ-ზე  მოხდა. „ინტერპესნიუსის“ ინფორმაციით „სახალხო კრების“ მხარდამჭერებს რამდენიმე მანქანა მიუახლოვდა, საიდანაც მათ  ქვები ესროლეს. ამას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ე. წ. დროშის ტარებს ურტყამდნენ.

ახალი ამბები