კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივი დაკავება კახეთში

25 მაისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის რეგიონში ოპოზიციის 20-ზე მეტი მხარდამჭერია დაკავებული. აქედან 8 მოქალაქის ვინაობა ცნობილია. პოლიცია მათ ბოროტად დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს. გიორგი ფირალიშვილს და არჩილ ტაბლიაშვილს სასამართლომ სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან. ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფელი კი უცნობია.

„სახალხო კრების“ საგარეჯოს კომიტეტის შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი გიორგი ყაველაშვილი საგარეჯოში 21 მაისს დააკავეს. ამავე დღეს საგარეჯოში, საკუთარ სახლებში დააკავეს „სახალხო კრების“ საგარეჯოს რაიონული კომიტეტის წევრი გელა დიღმელაშვილი და კონსერვატიული პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გურგენიშვილი.

21 მაისს, დილის 7 საათზე, გურჯაანში, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს „სახალხო კრების“ მხარდამჭერი გიორგი ფირალიშვილი. მთელი დღის განმავლობაში ოჯახის წევრებმა დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ. სამართალდამცავებმა 57 წლის გიორგი ფირალიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით შეუდგინეს, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასკმარისად იქნება მიჩნეული - ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა ფირალიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა - 90 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

22 მაისს დააკავეს „სახალხო კრების“ თელავის რაიონული კომიტეტის წევრი არჩილ ტაბლიაშვილი. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ტაბლიაშვილს პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

22 მაისს, სამართალდამცავებმა დააკავეს „სახალხო კრების“ გურჯაანის რაიონული კომიტეტის წევრი ტარიელ მელქოშვილი. დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.

22 მაისს, ყვარელში „სახალხო კრების“ ყვარლის რაიონული კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ ადომლიშვილი დააკავეს. ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა ოთარ ადომლიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დასასწრებად მხარდამჭერებს აგროვებდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებული ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. რას აბრალებენ ადომლიშვილს, ჯერ უცნობია. ადომლიშვილის დაკავების შესახებ რაიონულ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

23 მაისს, ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა „ქართული პარტიის“ წევრი, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მცხოვრები ზურაბ ასაბაშვილი დააკავეს. ასაბაშვილი დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია. „ზურაბ ასაბაშვილმა ტელეფონით მხოლოდ მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მოასწრო“, - აღნიშნა „ქართული პარტიის“ ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მალხაზ ხიზანიშვილმა.

შს სამინისტროს რაიონულ სამმართველოებში ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავების ფაქტებზე არც კომენტარს აკეთებენ.

სასამართლო პროცესები, სადაც დაკავებულთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ პოლიციის მუშაკთა შუამდგომლობები განიხილეს, 10-15 წუთს გაგრძელდა.

გიორგი ფირალიშვილისთვის 90 დღის ვადით პატიმრობის შეფარდების შესახებ დადგენილებაში მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი განმარტავს: „აღნიშნული სამართალდარღვევა მთლიანად იქნა დადასტურებული წარმოდგენილი მასალებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ გიორგი ფირალიშვილის მიერ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, კერძოდ, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას“. დადგენილების აღწერილობა არ იძლევა ინფორმაციას, რა კანონიერი მოთხოვნა გააჩნდა პოლიციის თანამშრომელს სამართალდამრღვევის მიმართ, რაში გამოიხატა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, როგორი იყო სამართალდამრღვევად ცნობილი პირის პოზიცია.

საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ე.წ. „მუშა მუხლს“ წარმოადგენს.

ტუღუში აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე აქციებზე მომხდარ ინციდენტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ტუღუშის თქმით, მისი აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციის მონაწილეებსაც და დაკავებულებსაც. მისივე თქმით, ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს 2011 წლის ანგარიშში აუცილებლად ასახავს.

ახალი ამბები