ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც პოლიტიკური აქტივობის გამო დააკავეს, კახეთის სასამართლოებში ძირითადად ღამით გაასამართლეს.
„ჩვენი წარმომადგენლები 21 მაისიდან იმყოფებიან თელავის სასამართლოში, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერების სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები მათ არ აძლევენ ინფორმაციას, როდის განიხილება ოპოზიციის დაკავებული მხარდამჭერების საქმეები. სასამართლო არც წერილობით განცხადებებს პასუხობს. მაგალითად, 23 მაისს წერილობით მოვითხოვეთ ინფორმაცია, მონაწილეობდა თუ არა გიორგი ფირალიშვილის საქმის განხილვაში ადვოკატი, ასევე მოვითხოვეთ ადმინისტრაციული საქმის მასალების ასლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ეს ინფორმაცია სასამართლოს დაუყოვნებლივ უნდა გაეცა. ჩვენი წარმომადგენელი რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა თელავის სასამართლოს აპარატის უფროსს ნანა თეთრაულს, რომელმაც განაცხადა, რომ პასუხი ჯერ მომზადებულიც კი არ არის“, - აღნიშნეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.
ნანა თეთრაულის თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 23 მაისსს მართლაც მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს ჯერ არ გაუცია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი