კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენა, თუმცა მის დაკავებას არ ითხოვს

30 მაისი, 2011

მთავარმა პროკურატურამ 30 მაისს ბადრი ბიწაძე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი და ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბრალდებულად ცნო „წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში“ და სასამართლოს მის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

„სახალხო კრებასთან შექმნილი, ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის, ამჟამად დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავას, ხუთი მოწმის ჩვენებების, ასევე ვიდეო, აუდიო და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად ცნო ბადრი ბიწაძე წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისათვის“,– განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული აღნიშნული დანაშაული ისჯება ტუსაღობით ოთხიდან ექვს თვემდე ან თავისუფლების შვიდ წლამდე ვადით აღკვეთით. ეს მუხლი ფორმულირდება, როგორც „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“.

„პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძის მიმართ არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების, კერძოდ გირაოს, გამოყენების თაობაზე“, –  განაცხადა საყვარელიძემ.

27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარული ვიდეო–ჩანაწერები, სადაც ერთ–ერთ ეპიზოდში ფიგურირებს ბადრი ბიწაძე და საუბარია სახალხო კრების „შეფიცულთა“ ჯგუფების სამზადისზე 21 მაისის საპროტესტო აქციების წინ. სახალხო კრებამ აქციების დაწყებამდე განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა „შეფიცულთა“ ჯგუფები, მათი თქმით, „ხელისუფლების უკანონობისა და ძალადობისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით“.

შსს–მ ასევე გამოაქვეყნა, „შეფიცულთა“ ერთ–ერთი მეთაურის გია უჩავას აღიარებითი ვიდეო–ჩვენება, სადაც ის სახალხო კრების ძალადობრივ გეგმებზე საუბრობს და ამ პროცესის ხელმძღვანელად ბადრი ბიწაძეს ასახელებს. უჩავა პოლიციამ 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებთან დაპირისპირების ფონზე დააკავა.

civil.ge

ახალი ამბები