კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეარხი 25 შსს-ს საწინააღმდეგო კადრების გამო საკაბელოდან გათიშეს

30 მაისი, 2011

მაკა მალაყმაძე, აჭარა

„ტელეარხი 25“-ის გადაცემები საკაბელო ტელევიზია „ერას“ მომხმარებლებს არ მიეწოდება. გათიშვის ფაქტს საკაბელო ტელევიზიაში ტექნიკური პრობლემით ხსნიან. თუმცა, ტელეარხს დახმარებაზე უარს ეუბნებიან და არც პრობლემას აგვარებენ.

მეორე მხრივ, ტექნიკური პრობლემა სწორედ იმ დღეს შეიქმნა, რაც ტელეკომპანიამ 26 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე ნინო ბურჯანაძის ესკორტის სხვა რაკურსით გადაღებული მასალა გადასცა.

27 მაისიდან საკაბელო ტელევიზია „ერას“ მომხმარებელი ბათუმელები „ტელეარხ 25“-ის გადაცემებს ვერ იღებს. როგორც ტელეარხს საკაბელო ტელევიზიაში განუცხადეს, რომ ეს ტექნიკური პრობლემითაა გამოწვეული. თუმცა, პრობლემა დღემდე არ გამოსწორებულა და უფრო მეტიც, ტელეარხს პრობლემის გამოსწორებაში ინჟინერის დახმარებაზე უარს ეუბნებიან. „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე შექმნილ პრობლემას მათ მუშაობას უკავშირებს.

მერაბ მერკვილაძე, ტელეარხ 25-ის ხელმძღვანელი: „ვცდილობთ საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვალობასთან დაკავშირებას, მაგრამ მერაბ მეტრეველი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. მეორე დირექტორს, სულხან გოგიბერიძეს დავუკავშირდი, მაგრამ საზღვარგარეთ ვარო. ვთხოვე, რომ გაერკვია ეს პრობლემა. 25 მაისის საღამოდან ვაშუქებდით თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი ჯგუფის მიერ გადაღებული 26 მაისის ღამის კადრები გავრცელდა მედიასაშუალებებსა და ინტერნეტსივრცეში. აღნიშნულ კადრებში ჩანს ნინო ბურჯანაძის ესკორტის გავლა რუსთაველის გამზირზე სხვა რაკურსით და სპეცრაზმელის დაღუპვის ფაქტიც სხვა რაკურსითაა - განსხვავდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებისაგან. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გავრცელებულ კადრებს. კერძოდ, ამ კადრების გავრცელებიდან მეორე დილით, 27 მაისს, გამოგვრთო საკაბელო ტელევიზიამ“.

27 მაისს აჭარაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკაბელო ტელევიზიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს: „გთხოვთ 30 მაისისათვის აღმოფხვრათ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი, როგორც თქვენ აცხადებთ და უზრუნველყოთ ტელეარხ 25-ის გავრცელება თქვენს საკაბელო ქსელში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ კამპანიას, რომ თქვენმა მომხმარებლებმა უარი თქვან თქვენს მომსახურეობაზე“.

ტელეკომპანია „ერას“ მმართველთან, მერაბ მეტრეველთან ტელეფონით დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრიც ამაოდ ცდილობდა. ტელეფონის ნომერს არავინ პასუხობს. ასევე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ საკაბელო ტელევიზიის ოფისში, ნომერზე: 7 61 77.

„ტელეარხი 25“ დამოუკიდებელი არხია და მისი მაუწყებლობა აჭარის გარდა, გურიის რეგიონის ნაწილზეც ვრცელდება. მას დაახლოებით 300-ათასიანი აუდიტორია ჰყავს. ტელეარხს პრობლემები ჰქონდა ასლან აბაშიძის დროსაც. ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2007 წლის 7 ნოემბერს, სპეცრაზმი „ტელეარხ 25“-ში შევიდა. მაშინ ტელევიზიას რამდენიმე დღით მუშაობა შეაჩერებინეს.

ჯერჯერობით, კვლავ გათიშულია არხი საკაბელო ტელევიზიის მაუწყებლობიდან.

ახალი ამბები