კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მურმან დუმბაძე ახლობლებმა თელავის იზოლატორში აღმოაჩინეს

31 მაისი, 2011

გელა მთივლიშვილი, კახეთი

რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე თელავის იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულის ადვოკატის მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, დუმბაძე სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მას 2 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საკვები და ხელმიუწვდომელი იყო ექიმი.

სამართალდამცავებმა მურმან დუმბაძე დაუმორჩილებლობის ბრალდებით 26 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. დუმბაძე აქციებში მონაწილეობდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს 30 დღით პატიმრობა შეუფარდა. 27 მაისის საღამომდე დუმბაძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ახლობლები და ყოფილი თანაპარტიელები მას უშედეგოდ ეძებდნენ. მურმან დუმბაძე თელავის იზოლატორში 27 მაისს, საღამოს აღმოაჩინეს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მურმან დუმბაძე დაკავების და პოლიციის თბილისის სამმართველოში გადაყვანის შემდეგ ცემეს. მისი თქმით, ამას ადასტურებს ევრონიუსზე გასული ვიდეო კადრები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ დაკავებისას მურმანი სრულიად თავისუფლად გადაადგილდება 2 პოლიციელის თანხლებით.

მარეხ მგალობლიშვილი, ადვოკატი: „ახლა შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. ჭრილობები დაუმუშავდა. მარცხენა თვალის მხედველობას უჩივის და გულმკერდის არეში ტკივილებს. პირველად როცა ვნახეთ, ძალიან მძიმე შესახედავი იყო. მას აქვს დაზიანებები თავის, სახის, თვალის, ფეხის, ხელის, გულმკერდის არეში და აღნიშნავს, რომ ეს დაზიანებები ძირითადად თბილისის პოლიციის სამმართველოში გადაყვანის შემდეგ მიიღო. მისივე თქმით, იგი სასტიკად ცემეს რამდენჯერმე სხვადასხვა პირებმა. ისინი არიან სამართალდამცავები. დუმბაძის გარდა, თელავის იზოლატორში მყოფი კიდევ რამდენიმე პირია სასტიკად ნაცემი. დუმბაძის სიტუაცია იმით არის განსხვავებული, რომ დანარჩენებმა აქციის დაშლის დროს მიიღეს დაზიანებები სპეცრაზმელების მხრიდან. დუმბაძის მიმართ კი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ დაკავების შემდეგ. იმიტომ, რომ ის უფრო ცნობადია. იზოლატორში მოთავსების დროს იგი სხვადასხვა კაბინეტებში იქნა შეყვანილი და იქ რამდენჯერმე ცემეს“.

მარეხ მგალობლიშვილის თქმით, თელავის იზოლატორში ამ დროისთვის 22 პატიმარი იმყოფება. ყველა მათგანს  პატიმრობა აქვს შეფარდებული 173-ე მუხლით. უმრავლესობას 30 დღის ვადით. „სასამართლოს გადაწყვეტილებაში ფორმულირება არის აბსოლუტურად მსგავსი. მხოლოდ გვარი - სახელებია შეცვლილი. ვისაც შევხდვით, ყველამ გვითხრა, რომ ისინი გაასამართლეს ღამის 3 საათის შემდეგ, გათენებისას“, - ამბობს მარეხ მგალობლიშვილი.

ახალი ამბები