კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში შრომის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებენ

2 ივნისი, 2011

რიკარდ ჯოზვიაკი, რადიო თავისუფლება-ევროპა

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ICTU) უმაღლესმა თანამდებობის პირებმა საქართველოში შრომის უფლებების მდგომარეობა გააკრიტიკეს.

ICTU 175 მილიონ დასაქმებულს წარმოადგენს მსოფლიოს 151 ქვეყანაში. სწორედ მან უმასპინძლა კონფერენციას ბრიუსელში. კონფერენციაზე ხაზი გაესვა საქართველოში შრომის უფლებების შეზღუდვასა და პროფესიული კავშირების თანამდებობის პირებზე ზეწოლის ფაქტებს.

ICTU-ს აღმასრულებელმა წევრმა ანდრეი ადამჩიკმა განაცხადა, რომ კოლექტიური ვაჭრობის უფლება საქართველოში უგულებელყოფილია.

მისი თქმით, საქართველოში შრომის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა შეზღუდა შრომის უფლებები. ასევე მან მიუთითა სოციალური დიალოგის არარსებობაზე.

„საქართველოში მთავრობა სისტემატიურად არღვევს შრომის ყველა უფლებას და საერთაშორისო შრომის სტანდარტებს“, - განაცხადა ადამჩიკმა.

ICTU და გაეროს საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია (ILO) აცხადებს, რომ ისინი ზეწოლას განახორციელებენ საქართველოს მთავრობაზე, რათა უფრო სერიოზული დამოკიდებულება გაუჩნდეს საქართველოში შრომის უფლებების დარღვევების გამოსწორებისადმი.

ევროკავშირის ზეწოლა

თბილისის მთავრობა ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების მიზნით. უკვე დაიდო შეღავათების გენერალიზებული სისტემის (GPS) შესახებ ხელშეკრულება ბრიუსელთან, რომელიც უზრუნველყოფს ქართული პროდუქტების უპირატეს ხელმისაწვდომობას ევროკავშირის ბაზარზე.

ადამჩიკის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ILO-ს მიერ განხორციელებულმა ზეწოლამ ევროკავშირსა და ბელორუსს შორის მსგავსი სავაჭრო შეთანხმების დადება შეაჩერა, ევროპულ სავაჭრო ორგანიზაციებს აქვთ ძალა, ზეწოლა განახორციელონ საქართველოს მთავრობაზე: „საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით დელიკატური საკითხია, რადგანაც რუსეთთან ვაჭრობა პრაქტიკულად არ ხორციელდება. ასე რომ, თუ ვაჭრობა ევროკავშირთანაც შეწყდა, სიტუაცია გაუარესდება“.

კონფერენციას ესწრებოდა მაია კობახიძე, პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე საქართველოდან. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ ბერკეტებს გამოიყენებს საქართველოს მთავრობაზე, რათა აიძულოს იგი, პატივი სცეს საერთაშორისო სტანდარტებს.

მაია კობახიძის განცხადებით, განათლების სამინისტროს თანამდებობის პირებმა მასზე და მის რამდენიმე კოლეგაზე ზეწოლა განახორციელეს ბოლო ხანებში: „პროფკავშირის აქტივისტები განუწყვეტელი ზეწოლის ქვეშ არიან განათლების სამინისტროდან. მათ აშინებენ და აშანტაჟებენ. ემუქრებიან არა მხოლოდ პროფესიული კავშირის წევრებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში მუშაობენ. რთულია ასეთ ვითარებაში საქმიანობა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჩვენ ვცდილობთ სირთულეების დაძლევას და ნებას არ ვაძლევთ მთავრობას დაშალოს ისეთი ინსტიტუტები, როგორიც პროფესიული კავშირებია“.

დაპირისპირება მთავრობასთან

ვახტანგ ლეჟავამ, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მთავარმა მრჩეველმა, რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ მთავრობა ღიაა პროფკავშირებთან მოლაპარაკებების მიმართ, თუმცა, მან არ გაიზიარა პროფკავშირების წარმომადგენლების კრიტიკა.

„საქართველოს საკანონმდებლო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას, მათ შორის - საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციებს. ცხადია, არაფერია იდეალური და შესაძლებელია, დისკუსიები გაიმართოს კონკრეტულ გაუმჯობესებებთან დაკავშირებით. მაგრამ, ეს უნდა იყოს დისკუსიის შედეგი“, - განაცხადა ლეჟავამ.

„ჩვენ არ გვინდა, შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როცა პროფკავშირების მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმებულთა ხარჯზე ხდება“, - აცხადებს ვახტანგ ლეჟავა.

ირაკლი პეტრიაშვილმა, საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ, საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, მოახდინოს შრომის ბაზრის დერეგულაცია, დაბრკოლებებს უქმნის პროფკავშირები. პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროა, მთავრობამ ითანამშრომლოს მათთან დასავლური სტანდარტების დასამკვიდრებლად: „საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს დასავლური ღირებულებები. როცა დასავლური ღირებულებების დაცვაზეა საუბარი, იგულისხმება არა მათი ნაწილობრივი, არამედ სრული დაცვა. საერთაშორისო პარტნიორების სოლიდარობა აიძულებს მთავრობას, შეცვალოს თავისი დამოკიდებულა პროფკავშირების მიმართ, იყოს უფრო გამჭვირვალე და მიიღოს დემოკრატიული საზოაგდოების დასავლური ღირებულებები“.

ახალი ამბები