კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის ყოფილ დირექტორს მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდება მოუხსნეს

2 ივნისი, 2011

პროკურატურამ ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ზურაბ თაბაგარს მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების იძულების ბრალდება მოუხსნა. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.

თაბაგარის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა განიხილა. პროკურატურა სკოლის ყოფილ დირექტორს თავდაპირველად მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების იძულებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. სასამართლო პროცესი დახურული იყო. თაბაგარი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მხოლოდ მეორე ბრალდებას აღიარებდა, მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებას კი კატეგორიულად უარყოფდა. საბოლოოდ პროკურატურამ თაბაგარს მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების იძულების ბრალდება მოუხსნა. პროკურორმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გამოძიებამ ამ ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა.

ზურაბ თაბაგარმა თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებაში თავი დამნაშავედ სასამართლო პროცესზეც სცნო. მან აღიარა, რომ სკოლის დირექტორთან ერთად დარაჯის ხელფასსაც იღებდა. საბოლოოდ, ბრალდებულმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამართალდამცავებმა ზურაბ თაბაგარი 2010 წლის სექტემბერში დააკავეს. თაბაგარს პროკურატურაში სკოლის მასწავლებლებმა 2010 წლის ივნისში უჩივლეს. 9 ივნისს კი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა სიუჟეტი, სადაც მომჩივანი მასწავლებლები სკოლის დირექტორს მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში საჯაროდ ადანაშაულებდნენ. იმავე დღეს სოფლის მოსახლეობის ნაწილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, რომ თაბაგარი პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა. მათივე თქმით, სკოლის დირექტორმა წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს საჯარო მხარდაჭერაზე უარი უთხრა და მას ამის გამო დაუპირისპირდნენ.

ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ოთხივე მომჩივანი მასწავლებელი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო. ბალღოჯიანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარული სისტემით არჩევნები „ეროვნულ საბჭოსთან“ წააგო. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას მომჩივანი მასწავლებლები სკოლის დირექტორს უკავშირებდნენ. დაპატიმრებამდე ზურაბ თაბაგარმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ და სთხოვეს, მათი კანდიდატის მხარდასაჭერად სოფელში კარდაკარ ჩამოევლო და სკოლაში ოპოზიციის მხარდამჭერი მასწავლებლები გადაებირებინა, რაზეც თაბაგარმა უარი თქვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები