კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმხილველი ჟურნალისტი: „გარდაცვლილ დემონსტრანტს არც პოლიცია და არც ექიმები ყურადღებას არ აქცევდნენ“

3 ივნისი, 2011

იან კარვერი, www.opendemocracy.net

თბილისი, 2011 წლის 26 მაისი – ხუთშაბათს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, ისეთივე ტანკებით, რაკეტებით და თვითმფრინავებით, როგორსაც 2008 წელს რუსეთთან წარუმატებელ ომში იყენებდა. აღლუმი სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩატარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არაადამიანურად დაარბია მანიფესტანტები, რომლებიც დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით საქართველოს დედაქალაქის მთავარ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

26 მაისს შუაღამით, ასობით მომიტინგესთან ერთად კოკისპირულ წვიმაში ვიდექი, როცა მეგობარმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: „მათ ალყაში მოგაქციეს. გაიქეცი!“ ანტისამთავრობო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად არასანქცირებული და უკანონო გახდა, მაგრამ მანიფესტანტებმა დაშლაზე უარი თქვეს და ფეხს არ იცვლიდნენ თბილისის საკულტო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ისინი გულუბრყვილოდ ემზადებოდნენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ასობით კარგად გაწვრთნილ და ეკიპირებულ სპეცრაზმთან და პოლიციასთან.

დროის ამოწურვასთან ერთად,  (აღლუმის რეპეტიცია ჯერ კიდევ იყო დაგეგმილი ზუსტად ამ ადგილზე) კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციას დრო უქმად არ დაუკარგავს, ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოაქცია და მანიფესტანტებს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინა - მათაც კი, ვინც უსაფრთხო ადგილის ძიებაში თავს მეზობელად მდებარე მართლმადიდებლური ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელს აფარებდა. წყალმა აქციის პერიმეტრზე განთავსებული ხელნაკეთი ბარიკადები  წალეკა და მომიტინგეები (ბევრი ხანშიშესული ადამიანი და სასოწარკვეთილი ახალგაზრდა) ურიცხვმა პოლიციელმა გადამეტებული ძალის გამოყენებით დაარბია.

დაჯავშნულმა და სახანძრო მანქანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების ნაწილს პარლამენტის შენობის სიღრმისკენ, ნაწილს კი თავისუფლების მოედნისკენ უბიძგა, სადაც კიდევ უფრო მეტი პოლიციელი მათ ისე ელოდებოდა, როგორც გასაჟლეტ ფარას. მათ, ვინც სწრაფად გაქცევა ვერ მოახერხა, პლასტიკური ხელბორკილები დაადეს, სცემეს და მიწაზე დაყარეს. მათ გარშემო პატარა ჯგუფები მორიგეობდნენ, რომლებიც ამ ადამიანების საპატიმროებში გადაყვანისთვის ტრანსპორტს ელოდნენ.

ამ დროს ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი: შეშფოთებული მოხუცი მამაკაცი, ორ სპეცრაზმელს ეკლესიის ტერიტორიიდან მოჰყავდა. მან გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. თავდაპირველად პოლიცია მე და სხვა ჟურნალისტებს ადგილს არ გვაკარებდა, გვერდით იდგა და არაფერს აკეთებდა მოხუცის დასახმარებლად, რომელიც მიწაზე ეგდო და როგორც ჩანს, გულის შეტევის გამო კონვულსიებში ბორგავდა. ამ დროს მეგობარი ამერიკელი ჟურნალისტი  (ჯეფრი სილვერმანი) და მე მოხუცის გადარჩენას შევაცადეთ და დაჟინებით მოვითხოვეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თავისუფლების მოედნიდან სასწრაფო დახმარების ესკორტი გამოჩნდა. ეს მძიმე აღნაგობის მამაკაცი მანქანამდე ექიმმა, სილვერმანმა და მე გადავიყვანეთ. ამ დროს პოლიცია სასტიკად ესხმოდა თავს მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას და თითქოს ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ სამართალდამცველთა ჯგუფი უსაფრთებოდა. პოლიციას აშკარად ნებისმიერი წინააღდეგობის მოსპობა უფრო აღელვებდა, ვიდრე იმ დაკავებული მომიტინგეების ან მოწმეების მოწოდებები დახმარებაზე, რომლებსაც გატეხილი თავებიდან სისხლი სდიოდათ.

ახლა უკვე დათრგუნულ და დემორალიზებულ, ყველა მხრიდან პოლიციელებით გარშემორტყმულ ტყვეებს მარშით მიაცილებდნენ, როგორც აღლუმზე ადგილობრივი და უცხოური მედიის კამერების დასანახად. პოლიციელთა გრძელმა კოლონებმა იმ მიმართულების გადაკეტვა დაიწყეს, საიდანაც თავად მოვიდნენ ისე, თითქოს ეს მეორე დღის მოვლენებისთვის მოსამზადებელი მარში გახლდათ.

სილვერმანმა და მე ნელ-ნელა თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება გადავწყვიტეთ, ჩავუარეთ პარლამენტის წინ აღლუმისთვის განთავსებულ დალეწილ ხის სცენას და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა კინოს მოყვარულთა ევაკუაცია კინოთეტრ რუსთაველის შენობიდან, რომლის ვიტრინებიც მთლიანად ჩამსხვრეული იყო.

საპროტესტო აქცია უკვე სრულად დარბეული იყო და პოლიციელთა მრავალრიცხოვანი  კორდონი ტერიტორიას ჯერ არ ტოვებდა, რომ სილვერმანმა მიწაზე დაცემული უყურადღებოდ მიტოვებული ადამიანი დაინახა, რომელიც ერთი შეხედვით ან კვდებოდა ან უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მომიტინგე კინოთეტრთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ტროტუართან იწვა.

ამ ადამიანის შესამოწმებლად ექიმები მხოლოდ სილვერმანის აღშფოთებისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, გაირკვა, რომ უკვე გვიანი იყო და ადამიანი გარდაცვლილი გახდათ. მას არ ჩაუტარდა არანაირი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი, არამედ ექიმებიც და პოლიციელებიც ჩვენ გვემუქრებოდნენ და იმაზე იყვნენ კონცენტრირებული, რომ როგორმე ჩვენ და სხვა ჟურნალისტებს ამ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო არ გადაგვეღო.

შემდეგ ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გადაადგილება სთხოვეს ისე, რომ მედიას ვერ დაენახა ის, თუ როგორ გადაჰყავდათ გარდაცვლილი ადამიანი საკაცეზე, რადგან ის უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ჩანს, მათ უნდოდათ ვერავის გაეგო სილვერმანის სიტყვები, რომელიც გარდაცვლილისკენ მიუთითებდა და ქართულ და რუსულ ენებზე გაჰყვიროდა: „ის ადამიანია და არა ნაგავი. რამე გააკეთეთ!“

პოლიცია სულ უფრო გაღიზიანებული ჩანდა. ამიტომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ჩვენ მალევე დავტოვეთ ტერიტორია. თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე ფოტო  გადავიღეთ.

მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა (ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი) და ბევრი ჰოსპიტალიზებულია. შსს-ს თანახმად, ორივე ადამიანის დაღუპვაში ბურჯანაძის მხარდამჭერთა ესკორტია დამნაშავე, რომელიც პოლიციის თავდასხმით გამოწვეული ქაოსისთვის თავის დაღწევას უხეშად ცდილობდა.

ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია და ის გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის, თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა.

გათენდა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო და უკანონო საპროტესტო აქციისა და მისი სასტიკი დარბევის ყველა კვალი გაქრა. სამხედრო აღლუმი გეგმის თანახმად ჩატარდა და ქართველი მაყურებლები აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ ჩაიარა მისმა ერთ დროს დამარცხებულმა არმიამ იმ ქუჩაზე, სადაც იმავე დილას, მისმა ძლევამოსილმა პოლიციამ ძალის გამოყენებით სასტიკად დაარბია ის, რასაც გარემოებების გათვალისწინებით, ყველაზე უკეთ - პროდემოკრატიული პროტესტის სახელდება მოუხდება.

ქართული თარგმანი ეკუთვნის foreignpress.ge-ს

იან კარვერის ფოტოები opendemocracy.net-დან:
სპეცრაზმი თბილისის ქუჩებში
გულწასული მოხუცი კაცი
გარდაცვლილი დემონსტრანტი

ახალი ამბები