კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არ დავთმობთ „პალიტრას“ - პრევენციული აქცია „მედიაპალიტრის“ დასაცავად

9 ივნისი, 2011

ჟურნალისტებმა „მედიაპალიტრის“ მხარდასაჭერად 8 ივნისს 14:00 საათზე გამომცემლობის ოფისის ეზოში სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციას პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აღნიშნულ აქციას პრევენციული ხასიათი აქვს.

„ჟურნალისტებს ეჭვები გაუჩინა მედიასახლის დაქვემდებარებაში არსებული ექვს სხვადასხვა შპს-ში ერთდროულად არაგეგმური შემოწმების დაწყებამ და ობიექტების დალუქვამ. ისინი „პალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლას 26 მაისის დარბევის ფაქტის ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ და იმედი აქვთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდი იქნება და „მედიაპალიტრას“ არაფერი დაემუქრება“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „არ დავთმობთ "პალიტრას" / პრევენციული აქცია „მედიაპალიტრის“ დასაცავად.

„რეზონანსის“ ცნობით, „მედიაპალიტრის“ ოფისთან 100-ზე მეტი ჟურნალისტი, ასევე - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ „პალიტრა“ მათთვის თავისუფალი სიტყვის მაგალითია და ბოლომდე იბრძოლებენ მის გადასარჩენად, თუკი დაინახეს, რომ სიტყვის თავისუფლება რამე ემუქრება.

„მედიაპალიტრის“ შემოწმება 7 ივნისს დაიწყო, რამაც მედიასახლის მუშაობაში შეფერხებები გამოიწვია. „მედიაპალიტრის“ შემოწმების შესახებ შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახური პოლიტიკურ პარტიებს „მედიაპალიტრის“ საწარმოებში მიმდინარე შემოწმების პოლიტიზებისგან თავის შეკავებას სთხოვს და მოუწოდებს, შემოსავლების სამსახურს კანონით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების საშუალება მისცენ. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა გოგიჩაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ათეულ ორგანიზაციასთან ერთად, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს „მედიაპალიტრის“ 4 საწარმოში. ესენია: შპს „ჯეპ“, შპს გამომცემლობა „კოლორი“, შპს „პოლიგრაფიული მასალები“ და შპს გამომცემლობა „პალიტრა“. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ არც ერთი საწარმო დაფუძნების დღიდან არ შემოწმებულა. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის პროცესი ხანმოკლე და მარტივი პროცედურაა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სოლიდარობას უცხადებს საგამომცემლო სახლ "მედიაპალიტრის" ჟურნალისტებს და მიმართავს შემოსავლების სამსახურისა და სხვა საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს, გამჭვირვალედ წარმართონ შემოწმების პროცესი, რათა ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებაში.

„მედიაპალიტრაში“ მიმდინარე შემოწმების გამო პრობლემა შეექმნა გაზეთ „ვერსიას“. „ვერსია“, როგორც „მედიაპალიტრის“ პარტნიორი, გარკვეულწილად დაზარალდა, რადგან დაგვიანებით გავიდა ქსელში ამ გაზეთის ოთხშაბათის ნომერი, რისთვისაც მკითხველს „ვერსიის“ რედაქციამ ბოდიში მოუხადა“, - წერს „რეზონანსი“.

განცხადება გაავრცელა საქართველოს მედიაკლუბმაც: „ვფიქრობთ, შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" არაგეგმური შემოწმება ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხელისუფლებამ ყველა მეთოდით ხელი შეუშალოს და ტერორის ქვეშ ამყოფოს ის მედია საშუალებები, რომლებიც მისი პროპაგანდისტული მანქანის შემადგენელი ნაწილები არ არის...“

„მედიაპალიტრის“ სოლიდარობას უცხადებენ სხვა მედია საშუალებებიც: „ტრიბუნა.გე“, „ჯეონიუსი“, „ასავალ-დასავალი“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, „საქინფორმი“, რადიო „უცნობი“ და სხვები. სოლიდარობას გამოთქვამენ პოლიტიკური პარტიებიც - „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ლეიბორისტები“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა“ და სხვები. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ თავისუფალი მედიის დასაცავად.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ „პალიტრაზე“ ზეწოლის მცდელობაა, არამედ მთლიანად ქართულ პრესაზე შეტევა, რადგან ქართული პრესის გავრცელების უდიდესი წილი სწორედ „მედიაპალიტრაზე“ მოდის და თუ მას საფრთხე დაემუქრება, ავტომატურად ყველა გაზეთს შეექმნება პრობლემა: „ისინი ამოწმებენ იმ ერთეულებს, რაზეც დგას როგორც „პალიტრა“, ასევე სხვა გაზეთებიც. ეს არის სტამბა და პრესის გავრცელების სამსახური. „მედიაპალიტრას“ აქვს ყველაზე მობილური და ძლიერი პრესის გავრცელების სამსახური, რომელიც ავრცელებს სხვა გაზეთებსაც. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ პრესის გავრცელებაში შეიქმნას პრობლემა - ხმამაღლა გამოვთქვამ ჩემ პროტესტს ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, - აცხადებს „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ტუღუში.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ არ გავალ აქედან, თუკი რამე საფრთხე დამუქრება „პალიტრას“. სულ ვამბობ, რომ მოლაპარაკებების მომხრე ვარ და ქუჩაში არ გავალ. მაგრამ თუ „პალიტრას“ შეუტევენ, ეს იქნება ის შემთხვევა, როცა გავალ ქუჩაში მანამდე, ვიდრე თავისუფალ სიტყვას არ შეეშვება ეს ხელისუფლება“, - აცხადებს „ქრიასტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ინგა გრიგოლია.

„კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ „ოპოზიციურმა რვიანმა“ უკვე ჩააყენა საქმის კურსში ევროკავშირის წარმომადგენლები და იმედი აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ქართულ საზოგადოებას „მედიაპალიტრის“ დაცვაში დაეხმარება“, - დასძენს სტატიის ავტორი.

„მედიაპალიტრის“ ხელმძღვანელობის მიმართ სახელისუფლებო წრეებში გამოითქვა უკმაყოფილება ჟურნალისტების მიერ გამართული საპროტესტო აქციის გამო. როგორც „მედიაპალიტრის“ წარმომადგენელი მარიკა დარჩია აცხადებს, მათ უთხრეს, რომ არ იყო ამ ამბის პოლიტიზება საჭირო. თუმცა, დარჩია აცხადებს, რომ ეს იყო ჟურნალისტების სურვილი და ბუნებრივია, „პალიტრის“ სოლიდარობის აქციაზე უარს არ იტყოდა.

„მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლის ფაქტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ატეხეს ამ საკითხზე პოლიტიკოსებმა აჟიოტაჟი. მისთვის ასევე მიუღებელია საზოგადოების ერთი ნაწილის ეჭვი, რომ „მედიაპალიტრის“ შემოწმება საეჭვოდ დაემთხვა 26 მაისის მოვლენების გაშუქებას. მისი თქმით „მთავარია, რომ არ შეფერხდება მედიასაშუალებების მუშაობა“.

ინტერპრესნიუსის პრესის მიმოხილვიდან

ახალი ამბები